საქმე # 080100118002682354
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №51აპ-20 ქ. თბილისი
მ. გ., 51აპ-20 19 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან თალაკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან თალაკვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებას შემდეგი საფუძვლებით: გ. მ. შერიგებული არ არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ც-სთან; სასამართლოს გ. მ-სათვის სასჯელის შეფარდებისას არ ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენით გ. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.
მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ. მ. დაპატიმრებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსდა პენიტენციური სამსახურის - პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
გ. მ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 სექტემბრიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით - ჩაეთვალა სასჯელის ვადაში.
გ. მ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაპატიმრების მომენტიდან - 2019 წლის 7 მარტიდან.
გაუქმდა გ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ო. მ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ს-ს რაიონის სოფელ კ-ში, საკადასტრო კოდი: ...) - 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას.
გ. მ-ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისა და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის .. დეკემბერს, დაახლოებით 21:25 საათზე, ს-ში, თ-სა და მ-ს ქუჩების გადაკვეთაზე, გ. მ-მ „მერსედეს ბენცის“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით ..., ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები: „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ჯერ „ოპელ ასტრას" მოდელის, სახელმწიფო ნომრით ... ავტომობილს, რომელსაც თ. ს. მართავდა, შემდეგ - „ნისან მიკრას" მოდელის, სახელმწიფო ნომრით ... ავტომობილს, რომელსაც დ. ლ. მართავდა და ბოლოს ქვეითს - ლ. ც-ს. საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გადაიყვანეს სს „...“ სტაციონარში, სადაც გარდაიცვალა 2018 წლის ... აპრილს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან თალაკვაძემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. მ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
- მსჯავრდებულმა გ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდებისას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა (დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) და საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. მ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რომლის დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
8. ასევე უსაფუძვლოა პროკურორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საშეღავათო დანაწესი, ვინაიდან გ. მ-ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან...“. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“.
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იმ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ გ. მ-მ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვისაც კი ითვალისწინებს განსაკუთრებულ საშეღავათო პირობების გამოყენების შესაძლებლობას, არარელევანტურია სსკ-ის 50-ე მუხლის იმ დანაწესის გამოყენების შეზღუდვა, რომელშიც საუბარია დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრებაზე, მითუფრო ისეთი სახის გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის, როგორიცაა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ამ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვის გამოყენება (დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრება) არ შეესაბამება სამართლიანობის ზოგად პრინციპებს და აუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან თალაკვაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი