ას-932-879-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ს-იანი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-იანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 4 სექტემბერს ა. მ-იანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ი. ს-იანის, ზ. გ-შვილის, ლ. ჟ-იანისა და თ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1939 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ... ქუჩა ¹22-ში. აღნიშნულ მისამართზე განლაგებულ რამოდენიმე შენობათაგან ერთ-ერთში იგი ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. საკუთარი ოჯახის შექმნის შემდეგ, სახლის ყოფილ მესაკუთრე ს. ს-იანისაგან ამავე მისამართზე იყიდა 21 კვ.მ ¹12 ოთახი და გარიგება მითითებული სახლის სხვა თანამესაკუთრეების თანხმობიათაც განხორციელდა. ს. ს-იანი გარდაიცვალა 2004 წლის 27 ოქტომბერს. ა. მ-იანი 1963 წლიდან ჩაწერილია ამ ფართში, იხდის კომუნალურ გადასახადებს, ამჟამადაც ფლობს მისთვის გადაცემულ ფართს და ითვლება კეთილსინდისიერ მოსარგებლედ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ დაკავებულ 21 კვ.მ ოთახზე საკუთრების გადაცემა.
მოპასუხე ი. ს-იანმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს 1960 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით პაპამისის _ ა. ს-იანის სამკვიდრო ქონებიდან მას რეალურ წილში გამოეყო ¹12, ¹13, ¹28, ¹29, ¹30, ¹31, ¹32, ¹33, ¹34 და ¹36 ოთახები, რაც ცხადყოფს, რომ სადავო ¹12 ოთახი მის საკუთრებას წარმოადგენდა 1960 წლიდან. მოპასუხის განმარტებით, ა. მ-იანი 1963 წლიდან ცხოვრებოდა ს. ს-იანის კუთვნილ ¹14 ოთახში, ხოლო მის კუთვნილ ¹12 ოთახში შეიჭრა 1973 წელს, როდესაც ისინი მოსკოვში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, ა. მ-იანს, მასთან, როგორც ¹12 ოთახის მესაკუთრესთან, არანაირი გარიგება დადებული არ ჰქონია და მოსარჩელის მხრიდან საკუთრების უფლების დათმობის მოთხოვნა, უსაფუძვლოა, მაშინ, როდესაც თანხა ს. მ-იანისათვის აქვს გადახდილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-იანის სარჩელი, თბილისში, ... ქ.¹22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მის მიერ დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, ამ ფართის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. მ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ.¹22-ში მდებარე ერთსართულიანი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ საცხოვრებელ სადგომზე: 14.85 კვ.მ ოთახზე და 6.74 კვ.მ შუშაბანდზე, მთლიანად 21.59 კვ.მ-ზე მესაკუთრედ და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა ი. ს-იანისათვის კომპენსაციის _ 2925 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნა შემდეგი:
სამისამართო ბიუროს მონაცემების მიხედვით, ა. მ-იანი 1963 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე _ თბილისი, ... ქუჩა ¹22, ხოლო საბინაო წიგნის თანახმად, ორჯერ უფიქსირდება ჩაწერა აღნიშნულ მისამართზე, კერძოდ, 1973 წელს და 1963 წელს. იგი იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და ქირას 2.50 ლარს;
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ თბილისში, ... ქ. ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ა. მ-იანის მიერ დაკავებული ¹12 ოთახის მესაკუთრეს წარმოადგენდა ი. ს-იანი;
სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ თბილისში, ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-იანს ი. ს-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირა 5 ლარის ოდენობით, რაც ცხადყოფდა, რომ სასამართლომ ¹12 ოთახის მესაკუთრედ ი. ს-იანი დაადგინა;
ს. ს-იანის მიერ 1973 წელს ა. მ-იანზე ოთახის მიყიდვა პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია არაუფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ქონების გასხვისებად, რის გამოც ხელშეკრულების ნამდვილობაზე და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის დადგომაზე არ იმსჯელა, თუმცა აღნიშნა, რომ ა. მ-იანი ამჟამადაც ფატობრივად ცხოვრობს სადავო ბინაში, რეგისტრირებულია ამ მისამართზე და უდასტურდება კომუნალური გადასახადების გადახდა საკუთარის სახელით, რაც შესაძლებელია მოწმობდეს მის მიმართ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგების არსებობას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ა. მ-იანმა უარი განაცხადა 21 კვ.მ –ზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე მისი ღირებულების 25%-ის გადახდით, ნაცვლად 10%-ისა, სასამართლო ვერ გასცდებოდა სარჩელის ფარგლებს, რადგან მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს, მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა ემსჯელა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, აპელანტმა დაზუსტებული მოთხოვნით თანხმობა განაცხადა ... ქ. ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მის მიერ დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულების 25%-ის ი. ს-იანისათვის გადახდის სანაცვლოდ, ამ ფართის მის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ.
ი. ს-იანის შუამდგომლობის საფუძველზე, დანიშნული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 22 იანვრის დასკვნის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-იანის მიერ ფატქობრივად დაკავებული ქ. თბილისში, ... ქ.¹22-ში პირველ სართულზე მდებარე ფართის (საერთო ფართი _ 21.59 კვ.მ, მათ შორის შუშაბანდის _ 6.74 კვ.მ, საცხოვრებელი ოთახის _ 14.58 კვ.მ) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 11 700 აშშ დოალრის ეკვივალენტ ლარს, რომლის 25% იყო 2 925 აშშ დოლარი.
“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი. ს-იანმა უარი განაცხადა მოსარგებლისათვის _ ა. მ-იანისათვის კომპენსაციის სახით მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-იანის მოთხოვნა მესაკუთრის _ ი. ს-იანის მიმართ შესაბამისი ანაზღაურების გადახდის _ 2 925 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის, კერძოდ, მის მიერ ა. მ-იანისათვის სადავო ფართის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელისათვის მისი საცხივრებელი სადგომის მფლოებლობის შეწყვეტის დავალდებულება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორსა და ა. მ-იანს შორის არავითარი გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ არ არსებობდა და, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლებოდა კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან მისთვის არასდროს გადაუხდია ქირა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ი. ს-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ს-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ს-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ი. ს-იანს დაუბრუნდეს არ. ს-იანის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.