Facebook Twitter

ას-934-881-2010 9 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ თ. გ-შვილი, ბ. ვ-ია (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ნ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ო. თ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ვ-იამ და თ. გ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “ო. თ.-ს” მიმართ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის _ 105713.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარისა და პირგასამტეხლოს _ 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ვ-იასა და თ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ვ-იამ და თ. გ-შვილმა.

თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ბ. ვ-იასა და თ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-შვილისა და ბ. ვ-იას წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ. კასატორთა წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ბ.ვ-იასა და თ.გ-შვილის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის, ასევე “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-შვილისა და ბ. ვ-იას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 5685.669 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის (არა უმეტეს 6000 ლარის) ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზუსტებული საკასაციო განაცხადისა და ნ.გ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინებით არ იქნა გაზიარებული მხარეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მხარეებს განემარტათ, რომ დავის საგანი დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება არ არის, ასევე არ იქნა გაზიარებული კასატორთა მოსაზრება “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “მ” ქვეპუნქტზე (საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებუებით არ დასტურდებოდა მხარეთა ინვალიდობის ფაქტი. ხოლო ცოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ თ.გ-შვილის სახელზე გაცემული რწმუნებულების თანახმად კასატორ თ.გ-შვილს, როგორც მარტოხელა პენსიონერს, ეძლევა დახმარება).

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, იმისათვის, რომ სასამართლომ გაიზიაროს მხარის ესა თუ ის შუამდგომლობა, შუამდგომლობის ავტორმა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს მასში მითითებული გარემოება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის რა წარმოდგენილი კასატორთა ინვალიდობის (შეზღუდული შესაძლებლობის) დამადასტურებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მტკიცებულება, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე მოცემულ საქმესთან მიმართებით გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც დადგენილი იქნებოდა დანაშაულის ფაქტი, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არც ერთ ნაწილში არ იყო დასაბუთებული.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ კასატორებს საქმეში მითითებულ მისამართზე და თ. გ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო ბ. ვ-იას ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს _ 2010 წლის 27 ოქტომბერს.

2010 წლის 29 ოქტომბერს თ. გ-შვილმა ფოსტის მეშვეობით მომართა სასამართლოს განცხადებით და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილია სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც კასატორი ინვალიდია, მარტოხელა პენსიონერი, რაც სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველო კნონის მე-5 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.

2010 წლის 8 ნოემებერს ბ. ვ-იამ ასევე მომართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება მას გადაეცა 2010 წლის 3 ნოემბერს, ვინაიდან არ იმყოფებოდა სახლში. კასატორმა მიუთითა მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და განმარტა, რომ არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, ამასთან არ არის ინვალიდი და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლში მითითებულ გარემოებებს აკმაყოფილებს, რის გამოც ამავე კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასაბუთების მიზნით, კასატორმა წარმოადგინა ქ. ჯ-შვილისაგან 500 ლარის სესხად მიღების დამადასტურებელი ხელწერილის ასლი, ასევე ნ.გ-ძის ადვოკატის მოწმობა. ბ.ვ-იამ დამატებით განმარტა, რომ თ. გ-შვილი მარტოხელა ინვალიდია, სოციალურად დაუცველი, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-შვილისა და ბ. ვ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ბ. ვ-ისა და თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო გადახდისაგან გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 5685.669 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის (არა უმეტეს 6000 ლარის) ჩარიცხვის ქვითრის დედნის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზუსტებული საკასაციო განაცხადისა და ნ.გ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინებით არ იქნა გაზიარებული მხარეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო, რადგანაც საქმეში არ იყო წარმოდგენილი შუამდგომლობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ კასატორებს საქმეში მითითებულ მისამართზე და თ. გ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 8 ოქტომბერს (იხ.ტ.II, ს.ფ.173), ხოლო ბ. ვ-იას ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს _ 2010 წლის 27 ოქტომბერს (იხ.ტ.II, ს.ფ.178).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმების დანაწესით დადგენილი სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესიდან გამომდინარე, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, რაც განიხილება აღნიშნული შეტყობინების უშუალოდ ადრესატისათვის ჩაბარებად და საკმარის საფუძველს წარმოადგენს კანონით თუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დენის ასათვლელად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმისა და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა თ. გ-შვილის საკასაციო პრეტენზიის მომართ დაიწყო 2010 წლის 9 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე თვის 13 ოქტომბერს, ხოლო კასატორმა განცხადება საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2010 წლის 29 ოქტომბერს (იხ.ტ.II, ს.ფ.180) _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, ამასთან, მხარის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება მისი დაუსაბუთებლობის გამო არ წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების საფუძველს, რაც თ. გ-შვილის საკასაციო პრეტენზის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება ბ.ვ-იას საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, რადგანაც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორ ბ.ვ-იას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა განმეორებით და მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს _ შვილს ჩაბარდა 2010 წლის 27 ოქტომბერს. ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაიწყო 2010 წლის 28 ოქტომბრიდან და ამოიწურა 1 ნოემბერს. კასატორმა კი სასამართლოს მომართა 2010 წლის 8 ნოემბერს _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, დაუსაბუთებელია ბ.ვ-იას მითითება, რომ მას განჩინება ჩაბარდა 2010 წლის 3 ნოემბერს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად განიხილება და საპროცესო მოქმედების შესრულების დაწყებაც სწორედ კანონით გათვალისწინებული სუბიექტთათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას უკავშირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-შვილსა და ბ. ვ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-შვილისა და ბ. ვ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.