ას-936-882-2010 20 დეკემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. მურუსიძე, პ. სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ო. მ-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. დ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ო. მ-ძის მიმართ სესხის დაბრუნების მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის 3 ივლისს მოპასუხემ მისგან ნოტარიული წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ისესხა 10 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის დაბრუნებას იგი 2008 წლის ივლისში, ბინის გაყიდვის შემდეგ აპირებდა. მოპასუხემ ბინა ვერ გაყიდა 2008 წლის ოქტომბრამდე. მოსარჩელემ განმარტა, რომ ოქტომბერში ო. მ-ძის ბინას დაედო ყადაღა და შესაბამისად, შეუძლბელი გახდა მისი გაყიდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-ძემ ო. მ-ძისაგან არა მთლიანი თანხის, არამედ მხოლოდ პროცენტის (5%) გადახდა მოითხოვა, რამაც თვეში 500 აშშ დოლარი შეადგინა.
საქმის წარმოებისას ნ. დ-ძემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ო. მ-ძისაგან სესხის მთლიანი თანხის _ 10 000 აშშ დოლარისა და ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით 3%-ის გადახდა მოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 24 ივნისს ნ. დ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაყმაყოფილდა სარჩელი; ო. მ-ძეს დაეკისრა ნ. დ-ძის სასარგებლოდ 9000 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ო. მ-ძემ მისი გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ო. მ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ო. მ-ძეს დაეკისრა ნ. დ-ძის სასარგებლოდ 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით ო. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე მოთხოვნას, მოპასუხეზე თანხის დაკისრების თაობაზე, ამყარებდა 2008 წლის 03 ივლისის ხელწერილზე, რომელზეც ხელმოწერა შესრულებულია ო. მ-ძის მიერ, იგი ამ ხელწერილით აღიარებს ნ. დ-ძის წინაშე მისგან სესხის სახით მიღებული თანხის – 10 000 აშშ დოლარის, 2008 წლის ივლისში, მისი საცხოვრებელი ბინის გაყიდვისთანავე, დაბრუნების ვალდებულებას. ხელწერილის ტექსტში მითითებულია, რომ იგი შედგენილია ნებაყოფლობით, მისი (ო. მ-ძის) სიტყვებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ხელწერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი და არ წარუდგენია სასამართლოსათვის იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელემ იგი ამ გარიგების დადების მიზნით მოატყუა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით ვერ შეძლო იმ გარემოებების დადასტურება, რაზედაც ამყარებდა თავის პოზიციას, დასაბუთებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო. მ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვია ფაქტობრივი გარემოებები. ნ. დ-ძეს მისთვის 10 000 აშშ დოლარი, რომ გადაეცა, ამჟამად მოხუცებულთა თავშესაფარში არ იცხოვრებდა. ამასთან, კასატორმა განმარტა, რომ იგი მზად არის გადაუხადოს ნ. დ-ძეს მხოლოდ 5000 აშშ დოლარი, როგორც ადვოკატის ჰონორარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბერს განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ო. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.