Facebook Twitter

ას-93-83-2011 28 მარტი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ.სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «საქართველოს რ-ზა» (წარმომადგენელი დ. ს-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ა-კომი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «ა-კომმა» მოპასუხე შპს «საქართველოს რ-ზის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის, 14868 ლარის დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ა-კომის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14868 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია შემდეგი:

2010 წლის იანვარში მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო მომსახურება (სარკინიგზო გადაზიდვა), კერძოდ, მოსარჩელემ მოახდინა ქ.ფოთის საზღვაო ნავსადგურში გემიდან ხორბლის მარცვლეულის მოპასუხის კუთვნილ ვაგონებში გადმოტვირთვა და ტრანსპორტირება. დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელემ წინასწარ გააკეთა განაცხადი ვაგონების რაოდენობის, დანიშნულების სადგურის და სხვა პარამეტრების შესახებ და წინასწარ გადაიხადა მომსახურების ღირებულება. მოსარჩელეს დანიშნულების ადგილას (ქ.ფოთი) 2010 წლის 22 იანვარს 23:50 საათზე მიეწოდა 32 ერთეული ცარიელი ვაგონი, ხოლო 2010 წლის 23 იანვარს 23:50 საათზე მიეწოდა 15 ერთეული ცარიელი ვაგონი. მოსარჩელემ 32 ერთეული ვაგონის დატვირთვის შესახებ განაცხადი ფოთის რგინიგზის სადგურს მიაწოდა 2010 წლის 26 იანვარს 10:00 საათზე, 24 საათიანი მომსახურების დროის 96 საათის გადაცილებით, ხოლო 15 ვაგონის დატვირთვის შესახებ განაცხადი მიაწოდა 2010 წლის 26 იანვარს 22:00 საათზე, 30 საათის გადაცილებით. აღნიშნული გარემოებები დასტურდებოდა: მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით; ვაგონების მიწოდების და აკრების უწყისებით, აგრეთვე, ¹179896 და ¹179895 საერთო ფორმის აქტებით;

2010 წლის 22 იანვრის წერილით შპს «ა-კომმა” შპს «საქართველოს რ-ზის” ფოთის სადგურს აცნობა ვაგონების მოცდენის მიზეზი, მისი განმარტებით, ვაგონების მოცდენა გამოწვეული იყო იმით, რომ 2010 წლის 22 იანვრის 00:00 საათიდან 23 იანვრის 15:00 საათამდე ფოთის ნავსადგურში მოქმედებდა საშტორმო გამოცხადება, რის გამოც ვერ ხერხდებოდა გემის ნავსადგომთან დაყენება, ხოლო 23 იანვრის 16:00 საათიდან 26 იანვრის 11:30 საათამდე უამინდობის გამო ვერ ხერხდებოდა ტვირთის გემიდან გადმოტვირთვა. შპს «ა-კომი” ითხოვდა, რომ აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული ყოფილიყო საჯარიმო სანქციების გამოყენებისას. 2010 წლის 2 თებერვალს შპს «საქართველოს რ-ზამ” შპს «ა-კომს” წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა ¹1, რომლითაც მოსთხოვა 15 ვაგონის 24 საათზე მეტი მომსახურების (ვაგონების მოცდენის) ღირებულების 3540 ლარის გადახდა, ასევე ანგარიშ-ფაქტურა ¹2, რომლითაც მოსთხოვა 32 ვაგონის 24 საათზე მეტი მომსახურების ღირებულების 11328 ლარის, მთლიანობაში 14868 ლარის გადახდა;

2010 წლის 18 თებერვალს შპს «ა-კომმა” შპს «საქართველოს რ-ზის” საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 14868 ლარი. იმავდროულად, 2010 წლის 18 თებერვალს შპს «ა-კომმა” წერილით მიმართა შპს «საქართველოს რ-ზას», სადაც აღნიშნა შპს «საქართველოს რ-ზის” ფოთის სადგურის მიერ მათ მიმართ 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის ღირებულების გადახდის მოთხოვნით ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის თაობაზე. წერილში განმარტებულია, რომ ქ.ფოთში 2010 წლის 23 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით დაფიქსირდა ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი და სეტყვა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა სხვადასხვა საშტორმი გამოცხადებები (ამ პერიოდში პორტი დაკეტილი იყო), დანარჩენ დროს კი სხვადასხვა სიძლიერის ქარი, რაც დასტურდებოდა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის და ქ.ფოთის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემული ცნობებით. წერილში მიეთითა, რომ შპს «ა-კომი” უახლოეს დღეებში ელოდებოდა ხორბლით დატვირთული 5-7 გემის შესვლას ფოთის პორტში. ფოთის სადგურის მოთხოვნა კი საწარმოს აყენებდა უსამართლო მდგომარეობაში, რის გამოც იძულებულნი იყვნენ გადაეხადათ მოთხოვნილი თანხა, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ წარდგენილ მოთხოვნას, თანხის გადახდა განპირობებული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ არ გაზრდილიყო შესაძლო ზიანი. შპს «ა-კომმა” მოითხოვა, რომ შპს «საქართველოს რ-ზას” ემსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2010 წლის 26 თებერვლამდე. ამასთან, მოპასუხეს ეცნობა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შპს «ა-კომი” მიმართავდა სასამართლოს;

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის და ქ.ფოთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, 2010 წლის 22 იანვრიდან 26 იანვრამდე ქ.ფოთში დაფიქსირდა უამინიდობა პერიოდული წვიმით და ძლიერი ქარით, რამდენჯერმე გამოცხადდა საშტორმო გაფრთხილება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელში აღნიშნა, რომ ვაგონების დატვირთვის დაგვიანება გამოწვეული იყო 2010 წლის 22 იანვრიდან 26 იანვრამდე ქ.ფოთში დაფიქსირებული უამინდობით. მოპასუხის წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უამინდობის გამო პორტის დაკეტვის ან ვაგონების ხორბლით დატვირთვის შეუძლებლობის ფაქტი არ დასტურდებოდა. მოსარჩელემ წარადგინა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კონტრაქტორი საწარმოების (რომლებიც ახორციელებენ გემების გადმოტვირთვას) შპს «ბ. ენდ პის” და შპს «პ-კო ჯ-ას” მიერ გაცემული ცნობები იმის თაობაზე, რომ მათ მიერ უამინდობის პირობებში (წვიმა, თოვლი, სეტყვა, ძლიერი ქარი) გემიდან სარკინიგზო ვაგონებში ხორბლის გადმოტვირთვა არ ხორციელდებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები. მოპასუხეს მხარეს ამ მტკიცებულებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის კონტრაქტორი საწარმოების მიერ გაცემულ ცნობებში ასახული ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა. ამასთან, სასამართლოს გონივრული განსჯის პირობებში თავადაც შეექმნა იმის ვარაუდი, რომ ხორბლის, როგორც პროდუქციის, სპეციფიკიდან გამომდინარე, წვიმიან ამინდში, ღია ცის ქვეშ მისი გადმოტვირთვა დაკავშირებულია ტვირთის გაფუჭების მაღალ რისკთან.

ამდენად, სასამართლო ზემოთმითითებული ყველა გარემოების შეფასების და ურთიერთშეჯერების, საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულების ყოველმხრივი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სარკინიგზო ვაგონების დაგვიანებით დატვირთვა გამოწვეული იყო ამ პერიოდში ქ.ფოთში დაფიქსირებული უამინდობით.

მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თანხის გადახდით ფაქტობრივად აღიარა ვალდებულების არსებობა, ხოლო ის გარემოება, რომ ვაგონების მოცდენის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში შპს «საქართველოს რ-ზა” უარს ეტყოდა მას შემდგომ სარკინიგზო მომსახურებაზე, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. სასამართლომ მოპასუხის წარმომადგენლის დასახელებული არგუმენტი არ გაიზიარა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

პირველ რიგში ის ფაქტი, რომ შპს «საქართველოს რ-ზა” თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს სარკინიგზო მომსახურებას არ გაუწევდა, სადავო არ არის და ეს საკითხი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული, კერძოდ, სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვაგონის გამოყოფა შემდგომი დატვირთვისათვის შეჩერდება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის საფასურის გადახდამდე. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შპს «საქართველოს რ-ზა” ერთადერთი საწარმოა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში, უდავოა, რომ მოსარჩელე შემდეგი საქმიანობის გაგრძელების მიზნით, იძულებული იყო გადაეხადა მოთხოვნილი თანხა, რაც ვალდებულების არსებობის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს. მით უფრო, რომ მოსარჩელემ იმავე დღეს წერილით აცნობა მოპასუხეს არსებული მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ აპირებდა დავის აღძვრას სასამართლოში. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ა-კომის” სარჩელი მოპასუხე შპს «საქართველოს რ-ზის” მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ შპს «საქართველოს რ-ზის’’ მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, «სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების’’ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს რკინიგზაზე გამგზავნ სადგურში ჯამში მსვლელობის გზაზე და დანიშნულების სადგურში კლიენტის მიზეზით 24 საათზე მეტი მომსახურებისას თითოეულ დაწყებულ დღე-ღამეზე დაწესებულია რკინიგზის დამატებითი მომსახურების საფასური. სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ სარკინიგზო ვაგონების დატვირთვის და ამის თაობაზე შესაბამისი განაცხადის მიწოდების ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს არ გააჩნდა 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო დაებრუნებინა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ 14868 ლარის ოდენობით გადახდილი თანხა (ტომი I, ს.ფ. 113-118).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «საქართველოს რ-ზამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 119-128).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს «საქართველოს რ-ზის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

რაც შეეხებოდა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ შპს «საქართველოს რ-ზას» უარი არ უთქვამს მოსარჩელისათვის ვაგონების მოცდენისათვის დარიცხული დავალიანების გამო სარკინიგზო მომსახურებაზე. მოსარჩელე აღნიშნულზე მიუთითებდა არა როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე, არამედ ასეთის საშიშროებაზე, რითაც ხსნიდა ამ დავალიანების გადახდას რკინიგზისათვის. ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორად მიეთითა, რომ «საქართველოს რ-ზა” თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს სარკინიგზო მომსახურებას არ გაუწევდა, რადგან ეს საკითხი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. კერძოდ, სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვაგონის გამოყოფა შემდგომი დატვირთვისათვის შეჩერდება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის საფასურის გადახდამდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ შპს «ა-კომმა» თანხის გადახდით, ფაქტობრივად აღიარა ვალდებულების არსებობა შპს «საქრთველოს რ-ზის» წინაშე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა და ზემოთაც აღინიშნა, რომ ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რკინიგზა შეუწყვეტდა მომსახურებას მოსარჩელეს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შპს «საქართველოს რ-ზა” ერთადერთი საწარმოა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში, უდავოა, რომ მოსარჩელე შემდეგი საქმიანობის გაგრძელების მიზნით, იძულებული იყო გადაეხადა მოთხოვნილი თანხა, რაც ვალდებულების არსებობის აღიარებად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო. მით უფრო, როდესაც შპს «ა-კომმა» იმავე დღეს წერილით აცნობა მოპასუხეს არსებული მდგომარეობის შესახებ და განუცხადა, რომ აპირებდა დავის აღძვრას სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მოყვანილი გარემოებები ფოთის პორტში არსებული არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა გემიდან მარცვლეულის გადმოტვირთვას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტის ამ მოსაზრების უსაფუძვლობა სათანადოდ იყო დასაბუთებული. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის და ქ.ფოთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობების თანახმად, 2010 წლის 22 იანვრიდან 26 იანვრამდე ფოთში დაფიქსირდა უამინიდობა პერიოდული წვიმით, სეტყვით, თოვლით და ძლიერი ქარით, რამდენჯერმე გამოცხადდა საშტორმო გაფრთხილება. მოსარჩელემ ასევე წარადგინა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კონტრაქტორი საწარმოების (რომლებიც ახორციელებენ გემების გადმოტვირთვას) შპს «ბ. ენდ პის” და შპს «პ-კო ჯ-ას” მიერ გაცემული ცნობები იმის თაობაზე, რომ მათ მიერ უამინდობის პირობებში (წვიმა, თოვლი, სეტყვა, ძლიერი ქარი) გემიდან სარკინიგზო ვაგონებში ხორბლის გადმოტვირთვა არ ხორციელდება.

ამდენად, მოსარჩელემ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები. მოპასუხე მხარეს კი აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სარკინიგზო ვაგონების დაგვიანებით დატვირთვა გამოწვეული იყო იმ პერიოდში ქ.ფოთის პორტში დაფიქსირებული უამინდობით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეუფარდა სამოქალაქო კოდექსის 401-ე, 976-ე მუხლები, რის შედეგად გააკეთა დასაბუთებული დასკვნა იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სარკინიგზო ვაგონების დატვირთვის და ამის თაობაზე შესაბამისი განაცხადის მიწოდების ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული შპს «ა-კომის» ბრალით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს არ გააჩნდა 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო დაებრუნებინა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ 14868 ლარის ოდენობით გადახდილი თანხა (ტომი II, ს.ფ. 32-40).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «საქართველოს რ-ზამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს «საქართველოს რ-ზა» მოსარჩელეს მომსახურებას არ გაუწევდა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში სასამართლოს მიერ სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება არასწორია, რადგან ეს ნორმა შეეხება ვაგონის გამოყოფის შეჩერებას, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ შპს «საქართველოს რ-ზას» მოსარჩელისათვის უკვე გამოყოფილი ჰქონდა ვაგონები. ამიტომაც დაერიცხა მას 24 საათზე მეტი მომსახურეობისათვის ვაგონით სარგებლობის საფასური. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი და მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა ჩაეთვალა ვალდებულების აღიარებად.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «ა-კომის» მიერ ვაგონების არადროული დატვირთვა გამოწვეული იყო ფარს-მაჟორული გარემოებით. კასატორი უთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ 2010 წლის 21 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით, უამინდობის გამო, ფოთის პორტი დაკეტილი იყო და მოსარჩელემ ვერ შეძლო ვაგონების ხორბლით დატვირთვა (ტომი II, ს.ფ. 47-55).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს «საქართველოს რ-ზის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «საქართველოს რ-ზის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (743.40 ლარი) 70% _ 520.38 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «საქართველოს რ-ზის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ შპს «საქართველოს რ-ზას» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (743.40 ლარი) 70% _ 520.38 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.