Facebook Twitter

ას-93-88-2010 28 აპრილი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თ. თოდრია, ლ. ლაზარაშვილი

კასატორი _ ი. ს-ძე

წარმომადგენელი _ მ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ვ-ძე

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ვ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ი. ს-ძის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2006 წლის 21 თებერვალს ი. ს-ძე ავტომანქანით შეეჯახა მის არასრულწლოვან შვილს ვ. ხ-შვილს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყნა. ი. ს-ძემ აღიარა დანაშაული. 2006 წლის 25 ივნისს ბაღდათის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა ქუთაისის რაიონული პროკურორისა და ი. ს-ძეს შორის 2006 წლის 22 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

მოსარჩელე უთითებს, რომ ბავშვმა მიიღო სხეული უმძიმესი დაზიანებები, გადაიტანა რამდენიმე რთული ოპერაცია და მომავალში კიდევ ესაჭიროება მკურნალობა. ვ. ხ-შვილს პრობლემები აქვს გადაადგილებასთან და მხედველობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ვ-ძემ მოითხოვა მორალური ზიანის ანაზრაურება 17 000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 12 228 ლარის ოდენობით, სულ 29 228 ლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ი. ს-ძეს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 227 ლარისა და 40 თეთრის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ლარის, ხოლო ექსპერტიზის ხარჯის ასანაზღაურებლად 400 ლარის გადახდა დაეკისრა, სულ 10 667 ლარი და 40 თეთრი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ი. ს-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა, ხოლო ნ. ვ-ძემ კი მომავალში გასაწვი ხარჯების (7 000 ლარი) ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. ვ-ძისათვის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ს-ძეს დაეკისრა ვ. ხ-შვილის სასარგებლოდ დამატებით 7 000 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ნ. ვ-ძე წარმოადგენს ვ. ხ-შვილის დედას.

ასევე დადგენილია, რომ ი. ს-ძე ფარავდა დაზარალებული პირის სამედიცინო ხარჯებს მხოლოდ 2006 წლისათვის.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება წინასწარ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ვ. ხ-შვილს აუცილებლად ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია, რომლის საორიენტაციო ფასი წარმოადგენს 7400 ლარს.

სააპელაციო პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ს-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლო დაეყრდნო წარმოადგენს ოპერაციების საორიენტაციო და არა ზუსტ ღირებულებას. ამასთან სისხლის სამართალწარმოებისას ვ. ხ-შვილის მამამ უარი განაცხადა სამოქალაქო სარჩელზე, შესაბამისად მათ უფლება აღარ აქვთ სამოქალაქო წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი. ს-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ს-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 611,37 ლარის 70% _ 427,95 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. ს-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 611,37 ლარის 70% _ 427,95 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.