Facebook Twitter

ას-942-888-2010 20 დეკემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ 1. ნ. ბ-შვილი (ი. ბ-შვილის უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)

2. რ. გ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ხარჯების ანაზღაურება და თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ 1. ნ. ბ-შვილის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება;

2. რ. გ-ძის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 16 აპრილს, რ. გ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ია. და ი. ბ-შვილების მიმართ და მოითხოვა 20000 მანეთის ეკვივალენტი ლარის, საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ღირებულების – 35792 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება, ასევე მოპასუხეთა შორის 2005 წლის 29 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 1989 წელს ი. ბ-შვილსა და რ. გ-ძეს შორის ზეპირი ფორმით დაიდო შეთანხმება, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე. შეთანხმების საფუძველზე, ი. ბ-შვილმა რ. გ-ძეს მიჰყიდა საცხოვრებელი ბინა, სანაცვლოდ რ. გ-ძემ გადასცა 20000 მანეთი. დარჩენილი თანხა კი უნდა გადაეხადა შემდგომში.

მოსარჩელის მითითებით, ფულის გადახდის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შეძენილი უძრავი ქონება იყო არა ბ-შვილის საკუთრება, არამედ მისი დედის თ. თ-ძე-ბ-შვილის საკუთრება, რის გამოც გართულდა სახლის გადაფორმება. მოპასუხემ უძრავი ქონება მის სახელზე დაარეგისტრირა 1996 წლის 28 ივნისს, რის შემდეგაც მოითხოვა უფრო მაღალი ფასის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ი. ბ-შვილმა 2005 წლის 25 დეკემბერს სადავო სახლი აჩუქა ია. ბ-შვილს, რომელმაც მოითხოვა მისი და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება სადავო ბინიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოსარჩელე მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ზეპირი გარიგების შემდეგ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რაზედაც დაიხარჯა 35 792 ლარი, რის შედეგადაც სახლის ღირებულებამ შეადგინა 70000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. და ია. ბ-შვილებს რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თანხის - 31746 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასა და საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 35792 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით რ. გ-ძისა და ი. ბ-შვილის უფლებამონაცვლის, ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა შემდეგი:

1989 წელს ი. ბ-შვილსა და რ. გ-ძეს შორის ზეპირი ფორმით დაიდო შეთანხმება, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე. შეთანხმების საფუძველზე, ი. ბ-შვილმა რ. გ-ძეს მიჰყიდა საცხოვრებელი ბინა, ხოლო რ. გ-ძემ გადასცა 20000 მანეთი, დარჩენილი თანხა კი უნდა გადაეხადა შემდგომში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა ია. ბ-შვილის, როგორც მესაკუთრის მოთხოვნა, რ. გ-ძე, მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2006 წლის 27 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, 1898 წლი მდგომარეობით, 20000 მანეთის ეკვივალენტი ლარი განისაზღვრა 31746 აშშ დოლარით;

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ გამოარკვია, რომ ი. ბ-შვილი დაეთანხმა ბათილი გარიგების საფუძველზე, რ. გ-ძისაგან გადაცემული თანხის დაბრუნებას, თუმცა სადავო გახადა გადაწყვეტილება დასაბრუნებელი თანხის დაბრუნებაზე ვალდებული პირის განსაზღვრის თვალსაზრისით და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ მისთვის და არა ია. ბ-შვილისათვის ნაცვლად 20000 მანეთის ეკვივალენტი დოლარისა, 10000 მანეთის ეკვივალნეტი დოლარის დაკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ია. ბ-შვილი დამოუკიდებლად გამოდიოდა პროცესში და მის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლო ი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარიში მითითებული მოსაზრება ია. ბ-შვილისათვის თანხის დაკისრების უსწორობის თაობაზე, არ გაიზიარა;

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ რ. გ-ძემ ი. ბ-შვილს სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობისათვის, 1989 წელს გადაუხადა 20000 მანეთი, ი. ბ-შვილის უფლებამონაცვლის, ნ. ბ-შვილის მოსაზრება მასზე, რომ ნასყიდობის მიზნით გადახდილ იქნა 10000 მანეთი და მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა;

ვინაიდან, რ. გ-ძის სააპელაციო საჩივართან მიმართებაში მოწინააღმდეგე მხარემ_ნ. და ია. ბ-შვილებმა არ გადაიხადეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ხარჯების თავინთი ნაწილი, რის გამოც ვერ მოხერხდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება და ამასთან, სადავო არ იყო რ. გ-ძის მიერ საცხოვრებელ სახლზე საამშენებლო და სარემონტო სამუშაოების გაწევის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უნდა დადასტურებულიყო რ. გ-ძის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლზე გაწეული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 35 792 ლარი;

იმის გათვალისწინებით, რომ რ. გ-ძესა და ი. ბ-შვილს შორის 1989 წელს, ქ. ბათუმში, ... ქ.¹49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობაზე გარიგება ფორმადაუცველად იქნა დადებული, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ბათილი გარიგების საფუძველზე, გადაცემულის უკან დაბრუნების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მოსარჩელითვის ნასყიდობის მიზნით გადახდილი 20000 მანეთის ეკვივალენტის თანხის დაბრუნების თაობაზე დასაბუთებული იყო და არ არსებობდა აღნიშნულ ნაწილში რ. გ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

რ. გ-ძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 979-989-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით, რომლითაც დგინდებოდა, რომ რ. გ-ძემ სხვის ქონებაზე გასწია ხარჯები, აღნიშნულ მოქმედებას ი. ბ-შვილის გამდიდრება არ მოჰყოლია, რაც გამორიცხავდა მისი უფლებამონაცვლისათვის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების გადახდის დაკისრების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ბ-შვილისათვის სამშენებლო და სარემონტო ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებულად და საფუძვლიანად მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ.

რ. გ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოპასუხეებისათვის სადავო სახლზე ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯების _ 35 792 ლარის დაკისრების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ რ. გ-ძის მიერ სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯების მიუხედავად, ი. ბ-შვილი არ გამდიდრებულა, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ი. ბ-შვილმა სახლი მემკვიდრეობით გაუმჯობესებულ მდგომარეობაში მიიღო, ანუ უსაფუძვლოდ გამდიდრდა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება და ინტერპრეტაცია მისცა სამოქალაქო კოდექსის 897-989 მუხლებს, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება კასატორ ნელი ბ-შვილს, მან საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით: კასატორის აზრით, სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებითა და მოწმის მიერ ცალმხრივად შედგენილი ხელწერილით მიიჩნია, რომ მან მიიღო 20000 მანეთი, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც ბათილად ცნო მხარეთა შორის დადებული ნასყიდობა და დაადგინა რესტიტუცია უსაფუძვლო ნორმების გამოყენებით, მაშინ როცა რ. გ-ძე სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებას საერთოდ არ ითხოვდა; ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ იგი თითქოსდა ითხოვდა 10000 მანეთის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ისინი უთითებდნენ, რომ ვინაიდან რ. გ-ძე გარიგების ბათილობას არ ითხოვდა, შესაბამისად, 10000 მანეთიც არ უნდა დაკისრებოდათ; ამასთან, კასატორის აზრით, ია. ბ-შვილს, რომელსაც არ გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება, მას არ უნდა დაკისრებოდა თანხები. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე დაადგინა 1989 წელს გადაცემული თანხების დაბრუნების საკითხი, რომ საერთოდ არ უმსჯელია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც თავისი ინიციატივით უნდა გაეკეთებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-შვილის, ხოლო 2010 წლის 29 ოქტო,ბრის განჩინებით რ. გ-ძის საკასაციო საჩივრებიი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-შვილისა და რ. გ-ძის საკასაციო საჩივრებიი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ბ-შვილისა და რ. გ-ძის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ რ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1789.60 ლარი) 70% _ 1252.72 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. კასატორ რ. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1789.60 ლარი) 70% _ 1252.72 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.