ას-945-891-2010 21 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ქ. ბ-მის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჩ. ბ-მში» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისისა და 2010 წლის 14 ივლისის განჩინებები
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩირებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ-მის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბ-მის მერიამ მოპასუხე შპს «ჩ. ბ-მში» მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ 2006 წლის 11 ივლისს ქ. ბ-მის მერიასა და შპს «ჩ. ბ-მში» შორის დაიდო 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოიჯარე იღებდა ვალდებულებას იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა თანამედროვე არქიტექტურული იერსახის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, ასევე ყოველწლიური საიჯარო ქირის სახით გადაეხადა 12 000 ლარი. მოპასუხის მუდმივარ არღვევდა სახელშეკრულებო ვალდებულებას, რაც გამოიხატებოდა როგორც საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობაში, ასევე საკონკურსო პირობებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობაში. ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით შეწყდა იჯარის ხელშეკრულება და დადგინდა, რომ საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა საიჯარო ქირა და დარიცხული საურავი 17 509,16 ლარი. აღნიშნული დავალიანების დაფარვის თაობაზე ეცნობა მოპასუხეს, თუმცა მას თანხა არ გადაუხდია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 9 898 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 304,44 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, პირგასამტეხლო წარმოადგენდა ვალდებლების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი აუცილებელ პირობად ადგენდა წერილობით შეთახმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შეთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2006 წლის 11 ივლისის საიჯარო ხელშეკრულებით წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 12 000 ლარს. ხელშეკრულება მოქმედებდა ერთი წლისა და 4 თვის განმავლობაში. მოპასუხის მიერ გადახდილი იყო 6336 ლარი, ხოლო არსებული დავალიანება შეადგენდა 9898 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს საიჯარო ქირის და მასზე დარიცხული საურავის გადახდა ევალებოდა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ბრძანების შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მითითებული არ იყო გამოცემულ სპეციალურ ნორმატიულ აქტზე და მხოლოდ იქ ფაქტი, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედებდა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1999 წლის 25 იანვრის ერთობლივი ბრძანება, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ მისი მოქმედების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული საიჯარო ხელშეკრულების იჯარის ქირის გადახდის წესი განსაზღვრულიყო ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ და 2010 წლის 14 ივლისის განჩინება ქ. ბათუმის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის «უ» საფუძველზე იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. კასატორი მიუთითებს, რომ ქ. ბათუმის მერიასა და შპს-ს «ჩ. ბ-მში» შორის დადებული 2006 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების თანახმად იჯარის ქირის გადახდის წესს და ანგარიშსწორების ვადებს ადგენს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები. აღნიშნული სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო თანაბარწილად საანგარიშო წლის 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე. შესაბამისად ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ნორმატიული აქტით განსაზღვრული იყო საიჯარო ქირის გადახდის წესი და ანგარიშსწორების ვადები. ბრძანებითვე იყო განსაზღვრული საურავის ოდენობა ვადაგადაცილებულ დღეებზე. კასატორის მითითებით, უშუალოდ ხელშეკრულების ფორმებიც დამტკიცებული იყო საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ერთობლივი ბრძანებით და მისი შინაარსის შეცვლის უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ ჰქონდათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინებების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2006 წლის 11 ივლისს, ქ. ბათუმის მერიასა და შპს «ჩ. ბ-მშის» შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა ქ. ბათუმში, გ-შვილის ქუჩის ¹74-ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის მიზნით. ხელშკრულების მოქმედების ვადად 19 წელი განისაზღვრა;
2. ხელშეკრულების თანახმად, მიწის იჯარის ქირას განსაზღვრავდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ შემუშავებული «საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის» შესაბამისად;
3. მიწის იჯარის ქირა განისაზღვრა წელიწადში 12 000 ლარით;
4. ხელშეკრულების მე-4.6 პუნქტის მიხედვით, იჯარის ქირის გადახდის წესსა და ანგარიშსწორების ვადებს ადგენდა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
5. იმავე ხელშეკრულების მე-4.10 პუნქტის მიხედვით, მოიჯარის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე უნდა ჩათვლილიყო იჯარის ქირაში;
6. 2007 წლის 19 ნოემბერს, ქ. ბათუმის მერიის ¹1235 ბრძანებით, ბათუმის მერიასა და შპს «ჩ. ბ-მშის» შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა შემდეგი საფუძვლით: ხელშეკრულების თანახმად, შპს «ჩ. ბ-მშის» მიწის ნაკვეთი გადაეცა თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ასაშენებლად. მშენებლობა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში უნდა დაწყებულიყო. ქ, ბათუმის მერიის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოიჯარეს მშენებლობა არ დაუწყია;
7. შპს-მ «ჩ. ბ-მში» 2006 წლის 21 ნოემბერს გადაიხადა საიჯარო ქირა 3036 ლარი, ხოლო 2006 წლის 28 დეკემბერს – 3000 ლარი, ასევე შეიტანა ბე 300 ლარი;
8. 2006 წლის 11 ივლისის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ქ. ბათუმის მერიის მიმართ ერიცხება დავალიანება 9898 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). «დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია» გულისხმობს მხარის მითითებს საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებზე, რომლებმაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობეს. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას პირგასამატეხლოსთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმებიდან გამდინარე, პირგასამტეხლო არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალის მეირ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახას გულისხმობს, ამასთან, პირგასამტეხლო ფორმასავალდებულო გარიგებაა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბათილია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებული არ ყოფილა.
2006 წლის 11 ივლისის ხელშეკრულების მე-4.2 პუნქტის მიხედვით, მიწის იჯარის ქირას განსაზღვრავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ შემუშავებული «საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის» შესაბამისად. მართალია, აღნიშნული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 აბზაცის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ვადაზე გადაუხდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიწის ნაკვეთის ფასის ან საიჯარო ქირის ვადის დადგენილი თარიღიდან მათი გადახდის თარიღამდე, მაგრამ აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ მხარეთა მიერ პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო. ზემოაღნიშნული ნორმა წარმოადგენს გამოსაყენებელ ტარიფს, რომელიც იმოქმედებდა ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. სადავო ხელშეკრულება კი, პირგასამტეხლოს არც პირდაპირ ითვალისწინებს და, ამ ნაწილში, არც ზემოაღნიშნულ მეთოდიკაზე აკეთებს მითითებას. ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულ მეთოდიკის საფუძველზე მხოლოდ საიჯარო ქირა განისაზღვრებოდა.
გასაჩივრებული განჩინების კიდევ ერთ სამართლებრივ უსწორობად კასატორი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი მხოლოდ პირგასამტეხლოს ცნებას განსაზღვრავს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების ფორმას, აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ადგენს, რომლითაც იხელმძღვანელა კიდეც სააპელაციო სასამართლომ და მართებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არ ყოფილა. რაც შეეხება 417-ე მუხლს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა ამ ნორმის მოშველიების გარეშეც იყო შესაძლებელი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ცალკე განმარტებულია პირგასამტეხლოს არსი, რომელიც მთლიანად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
კასატორი ასევე ასაჩივრებს ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის ხარვეზის განჩინებას და მოითხოვს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 304,44 ლარის დაბრუნებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ქ. ბათუმის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, რომლის ხარჯები მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმისათვის მნიშვენლობა არ აქვს დაწესებულების ხარჯები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება თუ ადგილობრივიდან, მთავარია, რომ მას სხვა შემოსავალი, გარდა ბიუჯეტის სახსრებისა, არ გააჩნდეს. განსახილველ შემთხვევაში კი, აღნიშნული პირობა სახეზეა, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ხარვეზის განჩინება უნდა გაუქმდეს და კასატორს სააპელაციო ინსტანციის სასმართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბ-მის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის ხარვეზის განჩინება და ქ. ბათუმის მერიას დაუბრუნდეს აღნიშნულ სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 304,44 ლარი;
3. სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდეს შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: ... ... ..., ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში: ... ... ..., სახაზინო კოდი: ... ... ...;
4. დანარჩენ ნაწილში ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.