ას-946-892-10 8 დეკემბერი, 2010 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
კასატორი _ ქ. გ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჩხოროწყუს რ-ნის სოფ. ... ¹.. საჯარო სკოლის დირექტორი რ. ლ-ია (მოპასუხე)
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. გ-იამ სარჩელით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს ჩხოროწყუს რ-ნის სოფ. ... ¹.. საჯარო სკოლის დირექტორ რ. ლ-იას მიმართ იძულებითი განაცდურის სახით 3010 ლარის ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი მუშაობდა სოფ. ... ¹.. საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2008 წლის 15 ოქტომბერს მან აიღო უხელფასო შვებულება, რომელიც ვადაზე ადრე შეწყვიტა მისი კუთვნილი სამუშაო საათების განაწილებისას პედაგოგებს შორის წარმოშობილი უთანხმოების გამო. ქ. გ-იამ განმარტა, რომ სკოლის დირექტორმა მას გაუნახევრა საათების რაოდენობა, რამაც იგი აიძულა დაეწერა განცხადება საათების სიმცირის გამო დროებით გათავისუფლებისა და უხელფასო შვებულების გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, 2008 წლის 17 დეკემბერს რ. ლ-იას მიერ მიღებულ იქნა ბრძანება ¹32 მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული ბრძანება მას ჩაბარდა 2010 წლის 21 იანვარს.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-იამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. გ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გ-იას სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე 2008 წლის 17 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებულია: “სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2008 წლის 17 დეკემბრიდან ვითავისუფლებ თავს ... ¹.. საჯარო სკოლიდან.” ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ქ. გ-იამ პირადი სურვილით, იძულების გარეშე დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. გ-იამ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, ჩხოროწყუს რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო აქტს, რომელიც მოპასუხეს შესაგებელში არ მოუხსენებია. აღნიშნულ აქტში განმარტებულია, რომ ქ. გ-იამ უარი განაცხადა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებაზე. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი უარს არ იტყოდა ბრძანების ჩაბარებაზე, გათავისუფლების შესახებ განცხადება თავისი ნებით რომ ჰქონოდა დაწერილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. გ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. გ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.