Facebook Twitter

ას-947-893-2010 27 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. წ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჭ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ი. წ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სესხის ძირითადი თანხის _ 3000 აშშ დოლარის, 2009 წლის 12 ოქტომბრიდან ყოველთვიურად ძირითადი თანხის 10%-ის, ანუ 300 აშშ დოლარის გადახდა სესხის საბოლოო გადახდამდე. ასევე, ძირითადი თანხის 0,05%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს, სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურებისათვის _ 600 ლარის დაკისრება ი. წ-ძისათვის შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2009 წლის 12 ოქტომბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, რ. ჭ-ძემ ი. წ-ძეს ორი თვის ვადით ასესხა 3000 აშშ დოლარი, თვეში 10%-ის დარიცხვით. იმის გამო, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, მოსარჩელემ მოითხოვა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით სარჩელის დაკმაყოფილება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს, სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების გადახდის ნაწილში, სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. წ-ძეს რ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის, ორი თვის პროცენტის _ 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და თანხის საბოლოო გადახდამდე სესხის ძირითადი თანხის 0,05%-ის გადახდა. სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადახდევინება მიექცა ქ. ქუთაისში, ... ქ.¹19/34-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის იძულებითი აუქციონის შედეგად ამოღებული თანხების ხარჯზე. ი. წ-ძეს რ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახედლმწიფო ბაჟიდან (265 ლარი) 200 ლარის, ხოლო გადახდილი საადვოკატო ხარჯიდან (600 ლარი) 400 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ძემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება ი. წ-ძისათვის რ. ჭ-ძის სასარგებლოდ თანხის საბოლოო გადახდამდე სესხის ძირითადი თანხის 0,05%-ის დაკისრების, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ჭ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. წ-ძეს, რ. ჭ-ძის სასარგებლოდ, დამატებით დაეკისრა 2009 წლის 12 დეკემბრიდან სესხის ძირითადი თანხის _ 3000 აშშ დოლარის სრულად გადახდამდე ყოველთვიურად პროცენტის _ 300 აშშ დოლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისრა 2009 წლის 12 ოქტომბრიდან 2009 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის _ 3000 აშშ დოლარის 0,05%-ის ოდენობით. ი. წ-ძეს რ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის 1025 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, რ. ჭ-ძემ ი. წ-ძეს ორი თვის ვადით, თვეში 10%-ის დარიცხვით, ასესხა 3000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ქ. ქუთაისში, ... ქ.¹ 19/34-ში მდებარე, ი. წ-ძის კუთვნილი 66,40 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დამატებით განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე პუნქტი ითვალისწინებდა სესხის გაცემას ორი თვის ვადით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხისათვის პირგასამტეხლოს დამატებას ძირითადი თანხის 0,05%-ის ოდენობით;

აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ, მიუხედავად მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობისა (სესხის ძირითადი თანხისა და სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან თანხის საბოლოო გადახდამდე ყოველთვიურად პროცენტის _ 300 აშშ დოლარის ანაზრაურების ნაწილში), საქალაქო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა სარგებლის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 208-ე მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო სარჩელი დაეკმაყოფილებინა და ი. წ-ძისათვის, რ. ჭ-ძის სასარგებლოდ, დაეკისრებინა სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან _ 2009 წლის 12 ოქტომბრიდან სესხის ძირითადი თანხის, 3000 აშშ დოლარის სრულ გადახდამდე, სარგებლის სახით, ყოველთვიურად 300 აშშ დოლარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3-ე, 372-ე, მე-3, მე-4 და 208-ე მუხლების თანახმად, მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აპელანტის მითითება მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი, რამაც პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად უარის თქმით, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია, სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც მოვალეს განსახილველ შემთხვევაში არ შეუსრულებია, შესაბამისად, მითითებული მუხლის თანხმად, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც, სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

აპელანტის მოთხოვნა ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდეგომი პერიოდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მისი განმარტებით, “პირგასამტეხლო” თავისი ბუნებით მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოადგენს და აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ მისი დაკისრება დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შემცირებული ოდენობით სარგებლის (პროცენტის) დაკისრებითა და პირგასამტეხლოზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არასწორი იყო, რის გამოც იგი უნდა გაუქმებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. წ-ძემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის _ 3000 აშშ დოლარის სრულ გადახდამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება მოიცავდა ორ თვეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა ყოვლად უსაფუძვლოდ, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე და 317-ე მუხლების არ გამოყენებით გააგრძელა გადახდის დღემდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკმებრის განჩინებით ი. წ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. წ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. წ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ1” მუხლის შესაბამისად, კასატორი ი. წ-ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. წ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.