Facebook Twitter

ას-948-894-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ გ. ჩ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს.”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების, იურიდიული მომსახურებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 23 ივლისს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ჩ-შვილმა მოპასუხე სს “ს.-ს” მიმართ. მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 22 თვის სახელფასო დავალიანების 31500 ლარისა და საურავის 7324.65 ლარის, მთლიანობაში 38884.65 ლარის დაკისრება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა სს “ს.-საგან” მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების _ 1094.30 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 833.50 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების თანხის ანაზღაურება (ს.ფ. 2-11, 48, 67-69).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “ს.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრა სახელფასო დავალიანების 31500 ლარისა და საურავის 1827 ლარის გადახდა, მასვე გ. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1647 ლარის ოდენობით სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-შვილი წარმოადგენდა სს “ს.-ს” აქციონერს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს. საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით 2007 წლის 2 აგვისტოდან მას, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, დაუწესდა ხელფასი თვეში 1500 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ამავე წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის ხელფასიც მიიღო, მაგრამ მას შემდეგ ხელფასის ანაზღაურება შეუწყდა. გ. ჩ-შვილმა სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხე სს “ს.-ს” მიმართა 2009 წლის 30 ივნისს, რაზეც პასუხი არ მიუღია.

რაიონულმა სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. ჩ-შვილს ხელფასი არ უნდა მისცემოდა იმის გამო, რომ იგი არ ასრულებდა თავის კომპეტენციას. ამასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მოწმეების _ გ. ქ-შვილის, ბ. ო-ძისა და თ. თ-შვილის ჩვენებებით დგინდებოდა, რომ სამეთვალყურეო საბჭო არასრულყოფილად მუშაობდა, რადგან საწარმო ფაქტობრივად გაჩერებული იყო. ამასთან, მათი საქმიანობისა და ხელფასების დარიცხვის შეწყვეტაზე საერთო კრების წინაშე საკითხი არ დამდგარა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის “თ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი, აგრეთვე, შრომის კოდექსის 31-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სახელფასო დავალინების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან საერთო კრებამ მოსარჩელეს განუსაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ხელფასი თვეში 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ხელფასის შეწყვეტას, რისი საფუძველიც შეიძლებოდა გამხდარიყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გასვლა ან საერთო კრების გადაწყვეტილება, ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხებოდა საურავს, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც სამეთვალყურეო საბჭოს მიმართული ჰქონდა სს “ს.-ს” ადმინისტრაციისათვის ხელფასების დარიცხვის შეჩერების მოთხოვნით, საურავი უნდა დარიცხულიყო მხოლოდ მოსარჩელის მიერ სახელფასო დავალიანებით მოთხოვნის დღიდან, 2009 წლის 30 ივნისიდან (ს.ფ. 77-81).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 86-95).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ს.ფ. 119-122). სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით (ს.ფ. 172-175).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-შვილმაც. აპელანტმა მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 96, 100-112).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივლისის განჩინებით გ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სს “ს.-ს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების - გ. ქ-შვილისა და ბ. ო-ძის ჩვენებებით დგინდებოდა, რომ გ. ჩ-შვილისათვის ხელფასის დაყოვნება გამოწვეული იყო თავად დასაქმებულის და არა დამსაქმებლის ბრალით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა შრომის კოდექსის 31.3 მუხლის საფუძველზე 2009 წლის 30 ივნისამდე ანგარიშსწორების დაყოვნების გამო ზიანის (5557.65 ლარი) ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 30 ივნისამდე ანუ საზოგადოებისადმი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე გ. ჩ-შვილის მოთხოვნის წარდგენამდე ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის საურავის დარიცხვაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე მუხლების, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 196-203).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხონა. დასახელებული საპროცესო ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საქმეში არსებული მტკიცებულებები შეეფასებინა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რაც არ განუხორციელებია.

კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ჩ-შვილი კუთვნილ ხელფასს იღებდა საბანკო გადარიცხვის გზით. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება და თუკი იარსებებდა გ. ჩ-შვილის მიერ კუთვნილი ხელფასის დროებით მიღებაზე უარის თქმის ფაქტი, იგი გაფორმებული უნდა ყოფილიყო წერილობით. ამდენად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ გ. ჩ-შვილმა ური განაცხადა კუთვნილი ხელფასის აღებაზე.

კასატორის მოსაზრებით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ გ. ჩ-შვილისათვის ხელფასის დაყოვნება გამოწვეული იყო თავად დასაქმებულის და არა დამსაქმებლის ბრალით. გასაჩივრებული განჩინებით არ ირკვევა, თუ როდის წარმოეშობა მუშაკს ხელფასის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, დამსაქმებლის მიერ ანაზღაურების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის თუ ხელფასის მოთხოვნის მომენტიდან (ს.ფ. 212-221, 232-241).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (368.20 ლარი) 70% _ 257.74 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ გ. ჩ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (368.20 ლარის) 70% _ 257.74 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.