Facebook Twitter

ას-94-89-10 27 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ჩ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატვი, ნოტარიუსი თ. კ-ძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – კოოპერატივის მეპაიე-წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ჩ-ძემ მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის, მცხეთის რაიონის გამგეობის, რომლის უფლებამონაცვლეა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ნოტარიუს თ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის 2005 წლის 4 თებერვლის მეპაიე-წარმომადგენელთა კრების ¹4 საკითხზე (თეატრონის შენობა _ ნაგებობის სახელმწიფოსათვის გადაცემაზე) მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივსა და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის 2005 წლის 17 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივისთვის საიჯარო ქონებაზე გაწეული ხარჯების, 140. 000 ლარის ანაზღაურება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივს დაეკისრა ე. ჩ-ძის სასარგებლოდ 140. 000 ლარის გადახდა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ე. ჩ-ძის მოთხოვნა კრების ოქმისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ჩ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინებით ე. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი სადავოს ხდის იმ გარემოებას, რომ მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ მათ ხმა არ მისცეს ქონების გადაცემას, ვერ ჩაითვლება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ კრების ოქმი გაყალბებულია და მასში არ არის ასახული კრებაზე დამსწრე მეპაიეთა ნამდვილი ნება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს კრების ოქმის სიყალბის საკითხი საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ დაუყენებია. სსსკ-ის 102.3-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლების კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, პალატა თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვერ მოიპოვებს უმეტეს უფლებას გადაცემულ ქონებასთან მიმართებით, ვიდრე ის მის გადაცემამდე გააჩნდა. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ინტერესი საიჯარო ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაა, აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს და არა აღნიშნული აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ჩ-ძემ. მან განმარტა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, თუ რატომ იყო წარმოდგენილი საქმეზე ორი სხვადასხვა ოქმი, რომლის ერთ სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ მოხდა ქონების ბალანსიდან-ბალანსზე გადაცემა, ხოლო მეორეში ქონების ჩუქება. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოქმში ხმების დათვლისას მითითებულია, რომ ქონების გადაცემას ეთანხმება 9, ხოლო წინააღმდეგია 5, 23-მა შეიკავა თავი და საკითხი ქონების გადაცემაზე ვერ იქნა მიღებული, ხოლო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ ორივე კრების ოქმით სწორად იქნა გადაცემული უძრავი ქონება.

სასამართლოს მიერ 2005 წლის 28 იანვარს მიღებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინება, რომლითაც იკრძალებოდა მცხეთის რაიკავშირის სამომხმარებლო კოოპერატივის 2005 წლის 4 თებერვლის რწმუნებულებათა კრების ¹3 საკითხის განხილვა, რომელიც ეხებოდა თეატრონის შენობა-ნაგებობის გადაცემის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ განჩინება კანონიერ ძალაში იყო, კრება მაინც ჩატარდა ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აქტების შესრულება სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, ორგანიზაცია-დაწესებულებების, თანამდებობის პირებისათვის. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ე. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ე. ჩ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.