Facebook Twitter

¹ას-949-1228-09 21 იანვარი, 2010 წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ დ. დ-შვილი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – თ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. რ-შვილი, ნ. გ-ავა, გ. თ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

დავის საგანი _ უკანონო მავთულბადის და ბეტონის ღობეთა (ნაგებობათა) დემონტაჟით, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, საზიარო უფლების გაუქმება და წილთა რეალური გამოყოფა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს – ნ. გ-ავას, გ. თ-შვილს და რ. რ-შვილს დაევალათ მათ მიერ თბილისში, ... ქ.¹17-ში მდებარე 528 კვ.მ ფართის მქონე, მხარეთა საერთო საკუთრების 17\17 მიწის ნაკვეთზე გავლებული და აგებული მავთულბადის და ბეტონის ღობეთა დემონტაჟი (აღება-დანგრევა);

ამავე გადაწყვეტილებით დ. დ-შვილის სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების, წილთა რეალურად გამოყოფის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტიელბა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. რ-შვილმა, გ. თ-შვილმა და ნ. გ-ავამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით რ. რ.-შვილის, გ. თ-შვილმის და ნ. გ-ავას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დ. დ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში დ. დ-შვილის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- დ. დ-შვილი წარმოადგენს თბილისში, ... ¹17, კორპუსში მდებარე ¹6 ბინის მესაკუთრეს წილობრივი მონაცემებით: 28\233

- გ. თ-შვილი წარმოადგენს ... ¹17 კორპუსში მდებარე ბინის მესაკუთრეს; წილობრივი მონაცემებით: 28\233

- ნ. გ-ავა წარმოადგენს ... ქუჩა ¹17 კორპუსში მდებარე ¹7 ბინის მესაკუთრეს

- რ. რ-შვილი წარმოადგენს ... ქუჩა 317 კორპუსში მდებარე ¹8 ბინის მესაკუთრეს

- სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის და საკადასტრო გეგმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (... ზონა, ნაკვეთი ¹017\065 დაზუსტერუბლი ფართობით: 1738.00 კვბმ) ¹17 მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სადაო ნაგებობები, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ბინის მესაკუთრეთა შორის არსებული ურთიერთობის განმსაზღვრელი ნორმებით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2008 წლის 28 ნოემბერს ე.ი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სწორედ ზემოაღნიშნული კანონით, ვინაიდან, ახალი კანონი მოიცავს იმ ურთიერთობებს, რომლებიც აღარ არის მოწესრიგებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. დ-შვილის წარმომადგენელმა თ. კ-ძემ.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას დაარღვია სამართლის ნორმები. კერძოდ კი 1.არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ნორმები მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების შესახებ (210-232) მუხლები; 2.გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არ უნდა გამოეყენებინა 2007 წლის 11 ივლისის კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი და 3.არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მესამე ნაწილი და არასწორად გამოიყენა კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების (განჩინების) მიღება,

კასატორი თვლის, რომ არაარგუმენტირებული და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სადავო განჩინების მოტივაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გასაჩივრებულ 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოტანისას თითქოს და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ნორმები მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების შესახებ (210-232 მუხლები), რომლებიც აწესრიგებდნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კასატორს მიააჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად იხელმძღვანელა მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების მომწესრიგებელი ნორმით, რადგან მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზემოაღნიშნული კანონის მიღებამდე, რამოდენიმე წლით ადრე.

კასატორის აზრით ასევე, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ... ქუჩა ¹17-ში მდებარე სადაო ნაგებობები (უკანონო მავთულ-ბადის და ბეტონის ღობეები) მოდავე მხარეთა საკუთრების 528 კვ.მ დაუზუსტებელი კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკადასტრო გეგმით, მისი მესაკუთრე არის სახელმწიფო. საჯარო რეესტრის ამონაწერით თბილისის ... (ნაკვეთი ¹17\065) არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ¹17 უკვე დაზუსტებული ფართობით – 1738 კვ.მ სადავო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ 2009 წლის 12 იანვარს აღირიცხა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე, მაგრამ 2008 წელს საქმის განხილვისას ამ გარემოებას საქალაქო სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა. საჯარო რეესტრის 2009 წლის 9 ივლისის და 2009 წლის 31 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერებით კი, რომელიც დღემდე არ შეცვლილა დასტურდება, რომ დ. დ-შვილზე პირად საკუთრებაში ირიცხება თბილისი, ... ზონა კორპუსი ¹17-ში მდებარე მრავალბინიან სახლში ბინა ¹6 და ბინა ¹3, ხოლო თანასაკუთრების უფლება გააჩნია ... ქ.¹17-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მიმდებარე ტერიტორია-ეზოზე, დაუზუსტებელი ფართობზე 528,00 კვ.მეტრგი, ანუ არსებობს საჯარო რეესტრის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები და სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, რამ განაპირობა აღნიშნული.

კასატორის განმარტებით არა არგუმენტირებულია და უკანონო სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო ეზოში აპელანტთა მხრიდან ბინის მესაკუთრე დ.დ-შვილთან შეთანხმების გარეშე, მათ მიერ განხორციელებული 2,5 მეტრი სიმაღლის მქონე ბეტონის კედლები, მავთულ-ბადეები და გამყოფი კედლები არ უნდა დაინგრეს, რადგან ეზო ამჟამად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწა, რომელზეც განთავსებულია სადაო ნაგებობები, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, სახელმწიფო კი მხარედ არ მონაწილეობდა დავაში. აღნიშნული მოსაზრება არასწორია. მოსარჩელეს სახელმწიფოს მიმართ მოთხოვნები არ გააჩნია. ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ შელახა მისი უფლებები, მის საკუთრებაში მიწის არსებობით სარჩელში არსად მითითებული არ არის. მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის, არ ნიშნავს იმას რომ იგი ცალსახად უნდა მონაწილეობდეს განსახილველ საქმეში მხარედ. მხარის განმარტებით, ქონებით სარგებლობაში მას ხელი ეშლება არა მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობით, არამედ ამ მიწაზე მოპასუხის მიერ აშენებული ნაგებობების არსებობით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მხარეს დავა აქვს სარჩელში მითითებულ პირებთან და არა სახელმწიფოსთან. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაში შეუძლებელია მხარედ ჩაერთოს სახელმწიფო.

ასევე სასამართლო მიერ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული მეორე არგუმენტი იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა შეისწავლოს საკითხი, ესაჭიროებოდათ თუ არა მოპასუხეებს აღნიშნული ნაგებობა წყლის ნიაღვრის შესაჩერებლად, პალატის აზრით, არასწორია. როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, სადავო ღობის სიმაღლე 2,5 მეტრია. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რა მტკიცებულების საფუძველზეა შესაძლებელი ასეთი სიმაღლის ღობის წყლის ნიაღვრისაგან დამცავ საშუალებად მიჩნევა. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული არგუმენტი წარმოადგენს მოპასუხის შესაგებელს სარჩელზე და შესაბამისად მასვე ეკისრება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარმოდგენა. კერძოდ კი იმის დადასტურება, რომ სწორედ მითითებული ნაგებობა არის წყლის ნიაღვრისაგან დაცვის საშუალება. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ განიხილოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასოს ისინი და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები თუ არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადაგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არ არის მითითებული ისეთი არგუმენტები, რაც ცალსახად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების აუცილებლობაზე მიუთითებს, ასეთ შემთხვევაში კი პალატა სასამართლოს განჩინებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’ ქვეპუნქტის თანახმად არასრულად დასაბუთებულად მიიჩნევს. რის გამოც პალატის აზრით, იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ვალდებულია თვითონ განიხილოს დავა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.