ას-951-1230-09 13 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. ო-ოვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ. და პ. კ-ძეები (მოსარჩელეები)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება (გადაწყვეტილება) – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 27 აპრილს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს დ. და პ. კ-ძეებმა მოპასუხე ქ. ო-ოვის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელეები თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ გარემოებებზე:
2007 წლის 15 თებერვალს ქ.თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ამერიკის საელჩოს მხრიდან რობაქიძის გამზირის მიმართულებით, დაახლოებით 7-80 კმ.სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „ვაზ-2106“, რომელსაც მართავდა მოპასუხე ქ. ო-ოვი, შეეჯახა პ. კ-ძის კუთვნილ ავტომობილს - „მერსედეს ბენცს“.
წინასწარი გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხე ქ. ო-ოვის მიერ სატრანსპორტო საშუალების არასწორი მართვით, რაც დასტურდება თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ა.გეთიას დადგენილებით წინასწარ გამოძიების შეწყვეტის შესახებ. შეჯახების შედეგად პ. კ-ძის კუთვნილი ავტომანქანის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ზიანის ანაზღაურების მიზნით, ის ზეპირად შეუთანხმდა სამართალდამრღვევს, რომელმაც იკისრა ზიანის ანაზღაურება. შეთანხმების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სრულად აღედგინა დაზიანებული ავტომანქანა და გამართული ჩაებარებინა მესაკუთრისათვის. მოპასუხემ არ შეასრულა დათქმულ ვადაში ვალდებულება, მოგვიანებით ქ. ო-ოვმა უარი განუცხადა მოსარჩელეებს დაზიანებული ავტომანქანის აღდგენაზე.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით პ. და დ. კ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. ო-ოვმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. ო-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებზე საჩივარი შეიტანა ქ. ო-ოვის წარმომადგენელმა რ. მ-იანმა. მან საჩივარში აღნიშნა, რომ მართალია, მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ზუსტი დრო და ადგილი, მაგრამ მარნეულში უამინდობისა და გზებზე შექმნილი საცობების გამო, ვერ შესძლო სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადება. სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში იგი გამოცხადდა 15 წუთის დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განჩინებით ქ. ო-ოვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. თავად საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი იყო სასამართლოში საქმის განხილვის დრო და ადგილი. მის მიერ მითითებული მიზეზი, კერძოდ მოძრაობის შეფერხება, არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. ო-ოვმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის დღეს, 2008 წლის 16 დეკემბერს, ისინი იმყოფებოდნენ სასამართლოში, სანამ ისინი შევიდნენ დარბაზში, მანამდე სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მან შეიტანა განცხადება სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების დასამტკიცებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ქ. ო-ოვის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ 2008 წლის 16 დეკემბერს, 11.30 საათზე, დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით 2008 წლის 11 ნოემბრის სხდომის გადადებისას ხელწერილით იყო გაფრთხილებული აპელანტი ქ. ო-ოვი, რაზედაც ჩამოერთვა ხელწერილი. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდნენ დროულად. მან ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე დროულად გამოცხადება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რამდენადაც საჩივარში ქ. ო-ოვი მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ზუსტი დრო და ადგილი, მაგრამ მარნეულში უამინდობისა და გზებზე შექმნილი საცობების გამო, ვერ შესძლო სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. ო-ოვის სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ო-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება