Facebook Twitter

¹ას-952-895-10 4 იანვარი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99», ბ. გ-შვილი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ზ. ქ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ს-ძე, ლ. ე-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი –თ. ჭ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი _ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 10 სექტემბერს თ. ს-ძემ და ლ. ე-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს. მოსარჩელეებმა მოპასუხეებად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99» და ბ. გ-შვილი დაასახელეს.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ისინი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...-99»-ის წევრები იყვნენ. აღნიშნული ამხანაგობის 2007 წლის 16 ნოემბრის კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ბ. გ-შვილს საკუთრებაში გადაეცა 35,61 კვ.მ. სარდაფი. აღნიშნულ სარდაფს ფაქტობრივად მოსარჩელეები ფლობდნენ და თანხმობა არ გამოუთქვამთ მოპასუხისათვის გადაცემაზე, გარდა ამისა, კრება «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ ყოფილა მოწვეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა კრების მითითებული ოქმის ბათილად ცნობა და სარდაფის მათ საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ძისა და ლ. ე-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...-99-ის» წევრთა 2007 წლის 16 ნოემბრის კრების ოქმი ბათილად იქნა ცნობილი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

1. თბილისში, ... ქუჩა ¹2-ში მდებარე ¹8 კორპუსის მე-2 სადარბაზოს ¹18 ბინაში მცხოვრებმა ბ. გ-შვილმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...-99-ის» თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა, რომლითაც ითხოვდა ბ. გ-შვილის ბინასა და ქუჩის მხრიდან არსებულ გამყოფ კედელს შორის განთავსებული ფართის გადაცემას. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბ. გ-შვილისათვის საინტერესო ფართში მე-2 სადარბაზოში მცხოვრები შვიდ ოჯახს მოწყობილი ჰქონდა პატარ-პატარა საკუჭნაოები, თუმცა არ იყენებდნენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს ასევე წარედგინა ბ. გ-შვილის 42 მეზობლის ხელმოწერა;

2. 2007 წლის 16 ნოემბრის კრებას დაესწრო 42 მესაკუთრე და კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ბ. გ-შვილისათვის 35,61 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კრების ოქმში აღნიშნულია, ამ ფართში მე-2 სადარბაზოში მცხოვრებ 7 ოჯახს პატარ-პატარა სარდაფები აქვთ გაკეთებული, რომელთაგან ექვსს კრების ამგვარ გადაწყვეტილებაზე თანხმობა არ გამოუთქვამს;

3. ლ. ე-ძე და თ. ს-ძე იყვნენ თბილისშიი, ... ქ. ¹2-ში, მდებარე ¹8 კორპუსის ¹23 ბინის თანამესაკუთრეები;

4. თ. ს-ძე და ლ. ე-ძე ამხანაგობის სხვა ხუთ წევრთან ერთად, წლების მანძილზე ფლობდნენ და სარგებლობდნენ ბ. გ-შვილისათვის საკუთრების უფლებით გადაცემული 35,61 კვ.მ. სარდაფით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო სარდაფს მოსარჩელეები ფლობდნენ, მისი ბ. გ-შვილისათვის გადაცემა «ბინათმესაკუთერთა ამხანაგობის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილს ეწინააღმდეგებოდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99-ისა» და ბ. გ-შვილის წარმომადგენელმა ირაკლი კიღურაძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99-ისა» და ბ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრვი დასაბუთებას, ასევე დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტების მტკიცება ბ. გ-შვილის არასათანადო მოპასუხეობის შესახებ უსაფუძვლო იყო, ვინაიდან კრების ოქმით მას 35,61 კვ.მ ფართი გადაეცა საკუთრებაში, შესაბამისად, ამ ოქმის ბათილობა მის უფლებებზე პირდაპირ ზეგავლენას იქონიებდა. სასამართლომ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ სათავსოების გადაცემამდე უნდა გარკვეულიყო მათი მფლობელების პოზიცია, ხოლო, აპელანტების მითითება, რომ ვინაიდან კრების ოქმს ამხანაგობის წვერთა ნახევარზე მეტი აწერდა ხელს, იგი ძალაში უნდა დარჩენილიყო, უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება ბ. გ-შვილისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99-ის» წარმომადგენელმა ზ. ქ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ფართის დანიშნულება, კერძოდ კი, ის გარემოება, რომ აღნიშნული ფართი სათავსოს კი არა, სავენტილაციო შახტს წარმოადგენდა, სადაც მოსარჩელეებმა თვითნებურად მოიწყეს სარდაფები, რის შედეგადაც ბ. გ-შვილს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები შეექმნა. მისი ბინა წლების მანძილზე ნესტიანდებოდა. მან ფართის გადაცემა სწორედ სავენტილაციო სარკმლის ამოჭრის მიზნით ითხოვა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ახალ ფაქტობრივ გარემოებად მოპასუხეების მითითება სარდაფების სავენტილაციო ფართში განთავსების შესახებ, მაშინ, როდესაც, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ისინი ჯერ კიდევ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას ასახელებდნენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99-ისა» და ბ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მირებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99-ისა» და ბ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99-ისა» და ბ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ბ. გ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «... 99-ისა» და ბ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ბ. გ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.