Facebook Twitter

საქმე #330100115784418

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად

ცნობის შესახებ

საქმე№103აპ-20 ქ. თბილისი

კ–ე გ., 103აპ-20 10 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი(თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარითბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

პროკურორი იოსებ ხუციშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. კ–სათვის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, 2006 წლის 30 მაისამდე მდგომარეობით) 18 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის განახევრებას და საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით გ. კ–ე, - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (18.06.2002 წ მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ნასვამი გ. დ–ე, გ. ბ–ა და გ. მ–ი ბრუნდებოდნენ სახლში, რა დროსაც ...... ქუჩის დასაწყისში მდებარე სკვერში დაინახეს გ. ჭ–ა, რომელიც ეკამათებოდა გ. კ–ს. კამათი გადაიზარდა ჩხუბში და გ. კ–მ ხელთნაქონი მჭრელი საგნით (სავარაუდოდ, დანით) გულმკერდის არეში დაჭრა გ. ჭ–ა. აღნიშნულის დანახვაზე გ. დ–მ მუშტი დაარტყა გ. კ–ს. მომხდარით განაწყენებულმა გ. კ–მ გადაწყვიტა გ. დ–სათვის მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა, ამოიღო ხელთნაქონი მჭრელი საგანი (სავარაუდოდ, დანა) და დაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ. ჭ–ა და გ. დ–ე სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში, სადაც მიუხედავად გაწეული კვალიფიციური დახმარებისა გ. ჭ–ა გარდაიცვალა, ხოლო გ. დ–ე სიკვდილს გადარჩა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. კ–სათვის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, 2006 წლის 30 მაისამდე მდგომარეობით) 18 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის განახევრებას და საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია.

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარითბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე