№ას-957-1236-09 4 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – შპს „.......”, დ. დ-შვილი, გ. პ-შვილი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „--- ბანკი” (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „---ბანკმა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „------“ დ. დ-შვილის, გ. პ-შვილისა და გ. მ-შვილის მიმართ დავალიანების გადახდევინებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს „---ბანკსა“ და შპს „------ს“ შორის 2001 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, 2003 წლის 5 თებერვალს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა დამატებით საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 100000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, ყოველთვიური 1,5% სარგებლის დარიცხვით. 2003 წლის 30 სექტემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს დამატებით გადაეცა 25000 აშშ დოლარი 18 თვის ვადით და 1,5% სარგებლის დარიცხვით.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ბანკის მიერ გაცემული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ. დ-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ასევე დაგირავდა შპს „------ის“ კუთვნილი ხორბლის გადამამუშავებელი თურქული წარმოების ფირმა „----“ ორვარცლიანი მინი-წისქვილი და ამავე საწარმოს ბრუნვაში არსებული საქონელი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად სს „---ბანკსა“ და დ. დ-შვილს, გ. პ-შვილსა და გ. მ-შვილს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.
მოსარჩელემ მოითხოვა 45394,43 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 2054,09 ლარის დაკისრება, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია. ამასთან, მოსარჩელემ გ. მ-შვილის მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა და ამ ნაწილში მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს „---ბანკის“ წარმომადგენელმა ნ.ზ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „---ბანკის“ წარმომადგენლის – ნ.-ს მოთხოვნა და 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „მოპასუხეებს – შპს „------ს“, დ. დ-შვილს და გ. პ-შვილს დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 37481,77 აშშ დოლარისა და პროცენტის – 7204,66 აშშ დოლარის გადახდა სს „---ბანკის“ სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2000 წლის 6 ნოემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2008 წლის 4 იანვარს სააპელაციო საჩივრით მიმართეს შპს „-------ის“ წარმომადგენელმა დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა. მათ მიერ ასევე კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება გადაწყვეტილებაში უსწორობის შეტანის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „-------ის“ დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
ამავე სასამართლოს 2008 დლის 17 იანვრის განჩინებით ასევე განუხილველად დარჩა შპს „-----“ და დ. დ-შვილის კერძო საჩივარი კერძო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, ხოლო გ. პ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს „-----მა“, დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „-----ის”, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
თბილისის სააპელაციო საასმართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებით შპს „-----ის”, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს შპს „-----მა“, დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შპს „-----ის”, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „-----ის”, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს „......”, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „........ის”, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (2.347 ლარის) 70% - 1643 ლარი და 43 თეთრი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
რ. ნადირიანი