Facebook Twitter

ას-95-90-10 20 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ბ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. მ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2007 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ. მ-ძემ თ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა 2003 წლის 16 ივლისს დადებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას იგი არ წარმოადგენდა ამ სახის გარიგებისათვის ქმედუნარიან პირს, მას ასევე არ ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის _ შ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შ. მ-ძესა და თ. ბ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლომ მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას კანონიერი წარმომადგენელის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

აღნიშნულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის, რომ შ. მ-ძეს არ ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი, შესაბამისად, მის მიერ ორმხრივი გარიგება (ხელშეკრულება) დადებულ იქნა კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს ხელშეკრულების ნამდვილობის დამოკიდებულებას იმაზე, შემდგომში კანონიერი წარმომადგენელი მოიწონებდა თუ არა მას. სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის, რომ ორმხრივი გარიგებით შ. მ-ძეს, როგორც არასრულწლოვანს, რაიმე სარგებელი არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ძემ და მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი გარიგებაა, რომლის შედეგად მხარეებს, მყიდველსა და გამყიდველს წარმოეშობათ საპირისპირო უფლება-მოვალეობები. სადავო ნასყიდობის შესაბამისად, მოსარჩელეს, თანხის მიღების სანაცვლოდ, ეკისრება ნივთის გამყიდველისთვის გადაცემის მოვალეობა, ანუ აღნიშნული ხელშეკრულებით არასრულწლოვან მოსარჩელეს წარმოეშვა შემხვედრი ვალდებულება, რაც გამორიცხავს მისთვის ცალმხრივი სარგებლის მიღებას. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მიიღო უფრო მეტი თანხა, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო მითითებული, ვერ მოაქცევს ამ გარიგებას სკ 63-ე მუხლით გათვალისწინებულ ჩარჩოში, რადგან აღნიშნული თანხა წარმოადგენდა სადავო ბინის ნასყიდობის ფასს.

ამდენად, პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში გარიგების ნამდვილობა გაბათილებულია სასყიდლიანი გარიგების დადებით.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ-ძემ.

კასატორმა განმარტა, რომ, შ. მ-ძეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გააჩნდა პირადობის მოწმობა და სამკვიდრო ქონების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, აპელანტს გარიგების ნამდვილობაში ეჭვი არ შეჰპარვია, რაც გახდა საფუძველი მისი მხრიდან მომიჯნავე ოთახის რეაბილიტაციისა და სარემონტო სამუშაოების განხორციელებისა.

შ. მ-ძემ მიღებული თანხით ქუთაისში შეიძინა ბინა და იმის მტკიცება სასამართლოს მიერ, რომ მას არანაირი სარგებელი არ მიუღია, არასწორია. შ. მ-ძის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჩივრება 5 წლისა და 7 თვის შემდეგ მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე და ნამდვილ განზრახვაზე მიეღო უკანონო შემოსავალი კასატორისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

თ. ბ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.