Facebook Twitter

ას-960-903-2010 7 მარტი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. გ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ თამარ ახრახაძე, შპს «ლ--გა» (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ლ--გამ» და თამარ ახრახაძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. გ-ძისა და რუსუდან ჯოჯუას მიმართ მ.გ-ძისა და მისი თანმხლები პირის - რ.ჯოჯუას მფლობელობიდან ქ.თბლისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის ¹45-ში მდებარე უძრავი ნივთის გამოთხოვის, ზიანის – 40000 აშშ დოლარის დაკისრებისა და 2008 წლის დეკემბრიდან ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვამდე ყოველთვიურად ქირის - 880 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ ¹50-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია თანამოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საერთო ფართი შეადგენს 112 კვ.მ-ს. 2007 წელს შპს „ლ--გას“, თამარ ახრახაძესა და მ. გ-ძეს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ლ--გამ“ და თამარ ახრახაძემ მ. გ-ძეს სარგებლობაში გადასცეს კუთვნილი უძრავი ნივთი. ხელშეკრულება დადებული იყო ერთი წლის ვადით. 2008 წლის დეკემბერში ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა და ხელშეკრულება შეწყდა. მიუხედავად მესაკუთრის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე მხარე უარს აცხადებს მოსარჩელეთა კუთვნილი ფართის დაცლაზე. მოსარჩელეების კუთვნილი ფართიდან 44 კვ.მ დაკავებული აქვს მოპასუხე მხარეს, ამასთან მოპასუხეს ამჟამად რაიმე ხელშეკრულება აღნიშნულ ფართზე არ გააჩნია. ქირის ოდენობა შეადგენს 800 ლარს. დეკემბრის შემდეგ მოპასუხეს რაიმე თანხა მესაკუთრეებისათვის აღარ გადაუხდია. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდგომარეობის გათვალისწინებით საშუალო ოდენობა იმავე გამზირზე მდებარე უძრავი ქონების ქირისა, შეადგენს ერთ კვ.მეტრზე 20 აშშ დოლარს, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ქირის - 880 აშშ დოლარის გადახდა ფართის განთავისუფლებამდე.

მოსარჩელის განმარტებით, ფართის ყიდვის სურვილი გამოთქვა არაერთმა მყიდველმა, კონკრეტულ შემთხვევაში მათ გააფორმეს ბეს შესახებ ხელშეკრულება ფართის ყიდვით დაინტერესებულ პირთან - ზაქარია ავალიშვილთან და, 2008 წლის 17 დეკემბრის ბეს შესახებ შეთანხმების მე-5 მუხლის თანახმად, განისაზღვრა ბეს მიმღების პასუხისმგებლობა, ხელშეკრულების ბრალეული შეუსრულებლობის გამო, ბეს ორმაგად უკან დაბრუნების თაობაზე. იმის გამო, რომ მოპასუხე მხარემ არ დაცალა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ფართი, მოსარჩელეებმა ზაქარია ავალიშვილის მიმართ შეთანხმება ვერ შეასრულეს, რის გამოც იძულებულები გახდნენ, დაებრუნებინათ მყიდველის (ზაქარია ავალიშვილისათვის) მიერ გადახდილი ბეს თანხა ორმაგად, რომლის ოდენობამაც შეადგინა 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირ ¹50-ში მდებარე 112 კვ. მ უძრავ ქონებაზე, ერთი მხრივ, მ. გ-ძეს და, მეორე მხრივ, შპს „ლ--გას“ და თამარ ახრახაძეს შორის სარჩელში მითითებული ხელშეკრულება არასოდეს დადებულა, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 2007 წელს მ. გ-ძესა და შპს „ლ--გას“ შორის და უფრო მეტი ვადით, ვიდრე ეს სარჩელშია მითითებული. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სარჩელში მითითებული 2007 წლის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის ვადაც თითქოს განსაზღვრული იყო ერთი წლით. მისი სადავო ფართში ყოფნის სამართლებრივი საფუძველია 2007 წლის იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც 2009 წელსაც მოიცავს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეების ყველა მოთხოვნა მოპასუხისათვის ყოველგვარი თანხის დაკისრებაზე უსაფუძვლო და უკანონოა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თამარ ახრახაძესა და შპს «ლ--გას» უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თამარ ახრახაძემ და შპს «ლ--გამ».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ლ--გასა» და თამარ ახრახაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «ლ--გას» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. გ-ძეს შპს «ლ--გას» სასარგებლოდ დაეკისრა ქირის გადახდა 11 440 აშშ დოლარის ოდენობით, შპს «ლ--გასა» და თამარ ახრახაძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ მოპასუხეები ფართით სარგებლობდნენ 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ქირის გადახდა შეწყვიტეს 2008 წლის ნოემბრიდან. მოწინააღმდეგე მხარეებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ ქირის სახით 10 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი და სასამართლო გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გაასაჩივრეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ქირა გადახდილად მოწინააღმდეგე მხარეების მიერ 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე ფართით სარგებლობის პერიოდში. მოპასუხე რუსუდან ჯოჯუას განმარტებით, ყოველთვიური ქირა არა 800 ლარს, ან 880 აშშ დოლარს, არამედ გაცილებით მეტს, კერძოდ – 2500 აშშ დოლარს შეადგენდა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით და მიუთითა, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხემ აღიარა, რომ ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენდა 2500 აშშ დოლარს. ამდენად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა გადაუხდელი ცამეტი თვის (2008 წლის დეკემბრიდან – 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ქირის, ყოველთვიურად 880 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, რომლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია (რაც აპელანტებს არც მოუთხოვიათ), მიუთითა, რომ აპელანტების მოთხოვნა გადაუხდელი ქირის -ყოველთვიურად 880 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის თაობაზე ვერ გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სხდომაზე დადგენილ იქნა უძრავი ნივთის ქირის ოდენობა არა 880 აშშ დოლარის, არამედ 2 500 აშშ დოლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ძემ და რუსუდან ჯოჯუამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი რ.ჯოჯუას საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ რ.ჯოჯუა არ იყო საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე მხარე.

მ. გ-ძე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა მოპასუხე რ.ჯოჯუას აღიარება იმის თაობაზე, რომ ყოველთვიური ქირა 800 ლარი კი არა 2500 აშშ დოლარი იყო, უგულებელყო მოსარჩელეთა განმარტება ქირის - 800 ლარის ოდენობის თაობაზე. მხედველობაში არ მიიღო შპს «ლ--გას» შემოსავლის ორდერები, არ გაიზიარა რ.ჯოჯუას განმარტება, რომ მოპასუხეები დავის მომენტისათვის შეთანხმებისამებრ 800 ლარს იხდიდნენ. სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, ვინაიდან გადაწყვეტილება არ გამოტანილა იმ პირის მიმართ, რომელმაც აღიარა ქირის ოდენობა, ასევე არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 564-ე მუხლი, ვინაიდან მოსარჩელს არასოდეს მოუთხოვია დაყოვნების განმავლობაში ქირის გადახდა და არც ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი ქირის ოდენობა შეადგენდა 800 ლარზე მეტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მითითებული ნორმით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით უნდა შეაფასოს, საპროცესო ნორმის დარღვევამ რა გავლენა მოახდინა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. გ-ძეს შპს «ლ--გას» სასარგებლოდ დააკისრა ქირის გადახდა 11 440 აშშ დოლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოპასუხემ აღიარა ყოველთვიური ქირის - 2500 აშშ დოლარის ოდენობით არსებობა. ამდენად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა გადაუხდელი ცამეტი თვის (2008 წლის დეკემბრიდან – 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ქირის, ყოველთვიურად 880 აშშ დოლარის (სარჩელის ფარგლებში), გადახდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და როგორც უდავო ფაქტი მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია რუსუდან ჯოჯუას განმარტება ქირის ოდენობაზე, ხოლო ვალდებულების შესრულება აღიარებული ქირის ოდენობის შესაბამისად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დააკისრა მეორე მოპასუხე მ. გ-ძეს. აღნიშნულით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოცემულ დავაზე გამოიტანოს გადაწყვეტილება, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს სადავო საკითხის გადაწყვეტისას საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ შეუფასებია და თავისი დასკვნა მხოლოდ ერთი მხარის განმარტების აღიარებად მცდარ შეფასებას დააყრდნო.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.