¹ას-962-1241-09 4 თებერვალი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. დ-ირი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სტუ-ს რექტორი ა. მ-ძე, სტუ-ს სწავლებისა და მეცნიერების განყოფილების უფროსი ი. ლ-ძე, სტუ-ს გამოყენებითი მათემატიკის კათედრის გამგე თ. ტ-ძე, სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი ზ. წ-ძე (მოპასუხეები)
დავის საგანი – სახელფასო განაკვეთის აღდგენა და ხელფასის შემცირებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. დ-ირმა სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ა. მ-ძის, სტუ-ს სწავლებისა და მეცნიერების განყოფილების უფროსის - ი. ლ-ძის, სტუ-ს გამოყენებითი მათემატიკის კათედრის გამგის - თ. ტ-ძისა და სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის - ზ. წ-ძის მიმართ სახელფასო განაკვეთის აღდგენისა და ხელფასის შემცირებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის სექტემბრიდან აკადემიური თანამდებობის კონკურსის გავლის საფუძველზე იგი მუშაობდა სტუ-ს გამოყენებითი მათემატკის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. მისი ხელფასი 2007 წლის მაისამდე შეადგენდა 320 ლარს, ხოლო 2007 წლის მაისიდან – 450 ლარს. 2007 წლის 1 ოქტომბრიდან სტუ-ს ადმინისტრაციამ ხელფასი შეუმცირა 150 ლარამდე, რასაც საფუძვლად დაედო საათობრივი დატვირთვის ნაკლებობა. 2007-2008 წლებში მას იმდენივე სალექციო საათი ჰქონდა, როგორც 2006-2007 წლებში. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ კათედრის გამგემ და დეკანმა მიმდინარე სასწავლო წელს ხელოვნურად შექმნეს სურათი, თითქოს სურდათ, მოსარჩელისათვის დამატებითი სალექციო საგნების მიცემა. ამასთან მას შესთავზეს საგნები: საერთაშორისო ეკონომიკა, დროებითი მწკრივები და პროგნოზირება, რაზეც მან უარი თქვა, აღნიშნულ საგნებში მისი არაკომპეტენტურობის გამო. მან შესთავაზა რომ მისთვის მიეცათ დამატებითი საათები “კომპიუტერულ მათემატიკაში”. მან ამის თაობაზე წერილობით მიმართა სტუ-ს რექტორს ა. მ-ძეს, მაგრამ უშედეგოდ. მოასარჩელის აზრით, მოპასუხეებმა დაარღვიეს მასთან დადებული კონტრაქტის პირობები, რითაც მის მიმართ უგულებელყვეს ჩატარებული აკადემიური კონკურსის შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისი სახელფასო განაკვეთის აღდგენა და ხელფასის შემცირებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ი. დ-ირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. დ-ირმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებით ი. დ-ირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. დ-ირმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ ა. მ-ძე, ი. ლ-ძე, თ. ტ-ძე და ზ. წ-ძე არ არიან სათანადო მოპასუხეები. სასამართლო არ დაინტერესდა სალექციო დატვირთვის ფურცლების გაყალბების მიზეზზე. სალექციო დატვირთვის ფურცლები ამტკიცებს სარჩელში დასახელებულ პირთა სათანდოობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ი. დ-ირის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ირის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ი. დ-ირის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. დ-ირის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.