Facebook Twitter

ას-969-911-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: Pპ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. გ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ძე, ა. მ-შვილი, გ. მ-შვილი, ი. მ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის, გ., ა. და ი. მ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ქ.ბათუმის ნოტარიუს ხ. კ-შვილის მიერ, 2009 წლის 10 ივნისს გაცემულ სამემკვიდრეო უფლების მოწმობაში, რომლითაც დ. გ-იამ მემკვიდრეობით მიიღო მ. ჟ-ძის სამკვიდრო ქონების ნაწილი და დ. გ-იას წილი განისაზღვრა 1/12 ნაწილით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე მესაკუთრეებად ცნობილი იქნენ მოსარჩელები თითოეული 11/48 წილით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-იამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. მ-შვილის წარმომადგენლის ნ. გ-ძის სარჩელი განუხილველი დარჩა. ნ. გ-ძის, გ. მ-შვილისა და ა. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. სამემკვიდრეო ეფლების მოწმობაში შეტანილი ცვლილებით დ. გ-იას წილი მ. ჟ-ძის სამკვიდრო ქონებაზე ნაცვლად 1/2 ნაწილისა განისაზღვრა 1/12 ნაწილით. ნ. გ-ძე, გ. მ-შვილი და ა. მ-შვილი ცნობილ იქნენ სადავო სამკვიდრო ქონების მესაკუთრეებად, თითოეული 11/48 ნაწილზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დ. გ-იას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3437.5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კასატორს, მისივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

2010 წლის 12 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დ. გ-იამ და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დ. გ-იას დავალებული ჰქონდა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3437.5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კასატორს, მისივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, ამასთან, წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. გ-იას განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორს დღემდე არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა დ. გ-იამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-იას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. დ. გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.