ას-970-912-2010 13 დეკემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. პ-ოვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. პ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 1983 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში, ... გამზირ კორპ. ¹46-ში მდებარე ¹14 ბინაში. დასახელებულ მისამართზე მდებარე ბინებზე ორდერებს გასცემდა საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო უწყება, რომლის ერთადერთ კანონიერ სამართალმემკვიდრედ 1992 წლის 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილების საფუძველზე აღიარებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მოსარჩელის დედის - ნ. პ-ოვას სახელზე გაცემულ იქნა ორდერი ¹16 საცხოვრებელ ბინაში სამი სულისაგან შემდგარი ოჯახის შესახლებასთან დაკავშირებით და მას შემდეგ სადავო ბინა იმყოფება მოსარჩელის ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში. მოსარჩელე დასახელებულ ბინაში რეგისტრირებულია 1983 წლიდან. ამ დროისათვის დასახელებულ ბინაში ცხოვრობს თვითონ თავის ოჯახთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ბინა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებას, ხოლო მოსარჩელეს, თავის მხრივ, გააჩნია დასახელებული ბინის პრივატიზაციის უფლება, მოსარჩელე მოითხოვს, შემდგომი პრივატიზაციის მიზნით, სადავო ბინაზე მისი მართლზომიერ მფლობელად ცნობას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართლზომიერ მფლობელობის არსებობისათვის უნდა არსებობდეს მესაკუთრის მიერ გამოვლენილი შესაბამისი ნება. განსახილველ შემთხვევაში სადავო ბინა წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, რომელსაც არ გამოუვლენია ნება დასახელებული ბინის მოსარჩელისათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის თაობაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ე. პ-ოვის მიმართ უნდა არსებობდეს თავდაცვის სამინისტროს საბინაო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სათანადო ორდერი, რომლის საფუძველზეც ის ჩაითვლებოდა სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად.
დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 1983 წლისათვის შესაბამისი ორდერის გაცემის გარეშე არ განხორციელდებოდა ბინაში პირის ჩაწერა, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელის ოჯახზე გაცემული უნდა ყოფილიყო შესაბამისი ორდერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. პ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. პ-ოვა ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... გამზირ ¹46-ში მდებარე ¹14 ბინის მართლზომიერ მფლობელად, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ე. პ-ოვა ქ.თბილისში, ... გამზირ ¹46-ში, მდებარე ¹14 ბინის სარგებლობაზე უფლებამოსილ პირად, კერძოდ, მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელის განხილვისას არსებითია იურიდიული ინტერესის არსებობა, ასევე იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის ¹219 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება მოსარჩელის კანონიერი იურიდიული ინტერესი, რამდენადაც მართლზომიერი მფლობელობის დადგენის შემთხვევაში მოსარჩელე, როგორც კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრე, უფლებამოსილი იქნება, მოითხოვოს დასახელებული ბინის პრივატიზაცია.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხისათვის დასახელებული ბინის გადაცემამდე მოსარჩელის მამკვიდრებელს უკვე წარმოშობილი ჰქონდა სადავო ბინის მიმართ სამართლებრივი კავშირი და იმ დროისთვის უფლებამოსილი პირის (ყოფილი სსრკ-ის შეიარაღებული ძალების) მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე მიიჩნია, რომ ნ. პ-ოვა წარმოადგენდა დასახელებული ბინის დამქირავებელს და კანონიერ მოსარგებლეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლიდან გამომდინარე, დადგენილად ცნო ე. პ-ოვას მიერ დასახელებულ ბინაში მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ ცხოვრების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდროს, რაც გამოვლინდა მოსარჩელის მიერ დასახელებულ ბინაზე მფლობელობის უფლების განხორციელებაში. პალატა დაეთანხმა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ე. პ-ოვას, როგორც კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრეს, გააჩნია დასახელებული ბინის ფლობის მართლზომიერი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვტილებით უარი ეთქვას სარჩელს დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლით: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ ქ. თბილისში, ... გამზირ ¹46-ში მდებარე ¹14 ბინაზე ე. პ-ოვას მფლობელობის ფაქტის დადგენა კომუნალური გადასახადების ქვითრების, მოწმეთა ჩვენებებისა და მოსარჩელის განმარტების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ ქონების მფლობელობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. სადავო ბინა წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქონებას, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს ბინის მფლობელობასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა, როგორიცაა საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, ორდერი ან სხვა მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს. არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის დამქირავებელი და კანონიერი მოსარგებლე ე. პ-ოვაა, ვინაიდან სადავო ბინის კანონიერი მფლობელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც არ გამოავლინა ნება მოსარჩელის ქონების კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის თაობაზე. პალატას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალქო კოდექსის 157-ე მუხლი, რადგან იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება აწ გარდაცვლილ ნ. პ-ოვას სადავო ბინით სარგებლობის უფლება, თუნდაც ის გაცვლის ორდერი, რომელსაც მხარე სარჩელში უთითებს. ისეთი გარემოების არსებობისას, როდესაც სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის დავას მიაკუთვნებს აღიარებით სარჩელთა კატეგორიას, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა დავა სამოქალაქო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად ცნობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 157-ე და 159-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.