ას-974-916-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. ს-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “... ინსტიტუტი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საათობრივი დატვირთვის აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ “... ინსტიტუტის” მიმართ და მოითხოვა ... სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დავალდებულება, აღუდგინოს საშუალო დატვირთვის დონეზე საათობრივი დატვირთვა, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2007 წლის 22 ოქტომბრიდან დატვირთვის ფაქტობრივად აღდგენამდე, 2007 წლის სექტემბრის ხელფასის, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის კომპენსაციისა და მივლინების _ 60 ლარის ანაზღაურების დაყოვნებისათვის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის – 147,71 ლარის დარიცხვა, 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დარიცხული მივლინების _ 60 ლარის დაყოვნებისათვის 0,07% გადახდევინება და ერთი თვის სახელფასო კომპენსაციის თანხის ანაზღაურების დაყოვნებისათვის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დარიცხვა, შესაბამისად, 70,55 ლარის, 2007 წლის ოქტომბრის კომპენსაციის _ 1380 ლარის, 820 დღის დაყოვნებისათვის 0,07%-ის გადახდევინება, სახელფასო, საკომპენსაციო და სხვა თანხების ნებაყოფლობით ანაზღაურება, ხანგრძლივი პერიოდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, პედაგოგის სესხის ხელშეკრულების გრაფიკის ჩაშლისათვის დარიცხული ჯარიმის გადახდევინება და სამომავლოდ სს “...... ბანკის” მიერ რ.ს-შვილისაგან სესხით გათვალისწინებული საკრედიტო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა ... სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს რ. ს-შვილისათვის 2007 წლის სექტემბრის ხელფასის 1214 ლარის 182 დღის დაყოვნებისათვის 0,07%-ის _ 154,67 ლარის ანაზღაურება, 2007 წლის სექტემბრის სახელფასო კომპენსაცია _ 1380 ლარისა და მისი 820 დღის დაყოვნებისათვის 0,07%-ის ანაზღაურება, რაც ერთიანობაში შეადგენს 2172,12 ლარს, რ. ს-შვილს ეთქვა უარი 2007 წლის 4-6 სექტემბრის მივლინებისა და საავადმყოფოს ფურცელზე ყოფნის ანაზღაურების 820 დღის დაყოვნებისათვის 0,07%-ის გადახდევინებაზე უსაფუძვლობის გამო, ასევე უარი ეთქვა რ. ს-შვილს ... სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალდებულებაზე საშუალო საათობრივი დატვირთვის დონეზე აღდგენისა და დატვირთვის მიუცემლობით 2007 წლის 22 ოქტომბრიდან დატვირთვის ფაქტობრივ აღდგენამდე პერიოდში თანხის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ... სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალდებულებაზე სამომავლოდ, თუ სესხით გათვალისწინებული საკრედიტო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვს სს “...... ბანკი” რ. ს-შვილისაგან, მაშინ აღნიშნულის მოპასუხისადმი დაკისრებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით რ.ს-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შრომის ხელშეკრულება თსუ მესხეთის ფილიალთან იყო უვადო. აღნიშნული გარემოება ქარწყლდება თსუ მესხეთის ფილიალის დირექტორის 2007 წლის 22 ივნისის ბრძანებით, რომლითაც შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შეუწყდათ პროფესორ-მასწავლებლებს და, მათ შორის, რ. ს-შვილსაც.
მხარეთა შორის 2006 წლის 2 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ ხელშეკრულება იყო ვადიანი და გრძელდებოდა 2007 წლის 1 ივლისამდე.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ სასწავლო დაწესებულებებში არსებული პრაქტიკის მიხედვით შრომითი ურთიერთობები ავტომატურად გრძელდებოდა 10 თვის ვადით, სასამართლომ აღნიშნული გარემოება დადასტურებულად არ მიიჩნია, ვინაიდან გარდა თავად აპელანტის ახსნა-განმარტებისა, სხვა რაიმე მტკიცებულებით იგი გამყარებული არ არის.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ 2007 წლის 1 ივლისის შემდგომ აპელანტი დადიოდა სასწავლო დაწესებულებაში და იქ შრომით ურთიერთობებს ახორციელებდა, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასთან, როგორც პროფესორ-მასწავლებელთან, 2007 წლის 1 ივლისს შეწყვეტილი შრომის ხელშეკრულება გაგრძელდა.
როგორც საქმის მასალებით, კერძოდ კი 2007 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით ირკვევა, რ. ს-შვილი პროფესორ-მასწავლებლის საქმიანობის გარდა ამავდროულად ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იყო და როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 2007 წლის 21 სექტემბერს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. ამდენად, ის ფაქტი, რომ 2007 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით რ. ს-შვილი დადიოდა სასწავლო დაწესებულებაში და შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, აიხსნება მისი მუშაობით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რაც არ გულისხმობს, რომ 2007 წლის 1 ივლისს მასთან ვადის გასვლის გამო შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იქნა გაგძელებული.
სააპელაციო პალატამ საქმისათვის უმნიშვნელოდ ჩათვალა აპელანტის მოსაზრება, რომ ყველა იმ პროფესორ-მასწავლებელთან, რომელთაც შეუწყდა შრომის ხელშეკრულება 2007 წლის 1 ივლისს ¹1/103 ბრძანებით, ხელშეკრულება განახლდა, გარდა რ. ს-შვილისა.
სასამართლომ აღნიშნაა, რომ მოცემული დავის საგანი _ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს გარიგების ცალკე სახეს და მისი კანონიერების საკითხის გარკვევა არ უკავშირდება ახალ ურთიერთობებს არსებულს სრულიად სხვა პირთა შორის.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს საათობრივი დატვირთვის აღდგენას, რაც თავისი არსით ფაქტობრივად უთანაბრდება სამუშაოზე აღდგენას, ვინაიდან თუ არ მოხდა პირის დასაქმება, შეუძლებელი იქნება მისთვის საათობრივი დატვირთვის მიცემა.
საქმეში წარმოდგენილ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით რ. ს-შვილს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, რაც უცვლელადაა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც ზემოთ მიეთითა, საათობრივი დატვირთვის აღდგენა თავისი არსით იგივეა, რაც სამუშაოზე აღდგენა. აღნიშნულზე რ. ს-შვილს პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთხელ უკვე უთხრა უარი. თუმცა საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან არ ჩანს რა კონკრეტული სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძვლებით ითხოვდა აპელანტი სამუშაოზე აღდგენას. აქედან გამომდინარე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ნაწილში საქმის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან ვერ ამოწმებს ადრინდელი დავის საფუძვლებს და ვერ გამოიყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტს, თუმცა განმარტავს, რომ საათობრივი დატვირთვის აღდგენის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილად გამოცხადდა ვადის გასვლის გამო, რაც დასაშვებია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” პუნქტით.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას საათობრივი დატვირთვის აღდგენამდე 0.07%-ის გადახდაზე თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან მოთხოვნა საათობრივი დატვირთვის აღდგენაზე არ დაკმაყოფილდა და მუშაკთან არსებული შრომითი ურთიერთობა დარჩა შეწყვეტილი, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილით, არ არსებობს 0,07%-ის დარიცხვის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ს-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. ს-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.