Facebook Twitter

ას-97-87-2011 18 აპრილი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «კ. ც. ქ-ი»

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანია»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 15 ივლისს შპს «კ. ც.მა ქ-მა» სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 582008.06 ლარის დაკისრება, აქედან: ა. სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» მიერ ავტომატურ სატელეფონო სადგურ 37-ში ტექნიკურ საშუალებებთან მოსარჩელის დაშვების შეზღუდვის გამო მიუღებელი პირდაპირი სარგებელი _ 309240.8 ლარი, მიუღებელი არაპირდაპირი სარგებელი _ 24739.26 ლარი; ბ. საკაბელო შახტებთან მოსარჩელის დაშვების შეზღუდვის გამო მიუღებელი პირდაპირი სარგებელი _ 166179.6 ლარი, მიუღებელი არაპირდაპირი სარგებელი _ 81848.4 ლარი (ტომი I, ს.ფ. 1-15).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «კ. ც. ქ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოდავე მხარეები წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებს; მოსარჩელე წარმოადგენს «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ს» ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაშვების მსურველ პირს, კერძოდ, იმ ავტორიზებულ პირს, რომელსაც ენიჭება უფლებამოსილება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება. მოპასუხე წარმოადგენს «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ტ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაშვების მიმწოდებელს, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება. იმავდროულად, მოსარჩელე წარმოადგენს სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს;

2003 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს «საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ» მისცა უფლება შპს «კ. ც. ქ-ს», რათა ამ უკანასკნელს განეთავსებინა აპარატურა თბილისის 22, 95, 93, 34, 35, 37 სატელეფონო სადგურების შენობებში, რისთვისაც მოპასუხე მოსარჩელეს გამოუყოფდა შესაბამის ფართს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 წლით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა;

2003 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს «კ. ც. ქ-ს» უნდა განეხორციელებინა სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» აბონენტთა ინტერნეტით მომსახურება აბონენტის არსებულ სატელეფონო წყვილზე დაყენებული სპეციალური სიხშირული ფილტრების მეშვეობით (ADშL ტექნოლოგია). ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 წლით, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდებოდა;

2005 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს «კ. ც. ქ-ს» ენიჭებოდა უფლება ესარგებლა სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» სატელეფონო კანალიზაციით. მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხე გასცემდა ტექნიკურ პირობას ახალი კაბელის სატელეფონო კანალიზაციაში გატარების თაობაზე, ტექნიკური პირობისა და სათანადო სურვილის შემთხვევაში შპს «კ. ც. ქ-თან” გაფორმდებოდა შეთანხმება ახალი კაბელის ჩადების თაობაზე. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა ერთი წელი, მხარეები შეთანხმდნენ ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში შეთანხმების წერილობითი ფორმით გაფორმების თაობაზე;

2005 წლის ბოლოს მოსარჩელემ ქსელის გაფართოების მიზნით განიზრახა ინტერნეტ მომსახურების მიწოდება სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» ავტომატურ სატელეფონო სადგურ 37-ის აბონენტებისათვის ADშL ტექნოლოგიის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი იყო: აპარატურის განლაგება ასს 37-ის ტერიტორიაზე, ჩარჩოს დამონტაჟება ასს 37-ის კროსში, აპარატურის და ჩარჩოს დაკავშირება ერთმანეთთან 50-60 მეტრის სიგრძის ლოკალური კაბელით, ოპტიკურ_ბოჭკოვანი კაბელის ჩადება მოსარჩელის მთავარი კვანძიდან (ცენტრალური ტელეგრაფის შენობა რუსთაველის 31) ასს 37-მდე, მომსახურების მიწოდების პროცესში სააბონენტო წყვილების გადართვა სიხშირულ ფილტრზე ავტომატურ სატელეფონო ასს 37-ის კროსში;

2005 წლის 26 დეკემბერს მოპასუხემ მიიღო მოსარჩელის შეტყობინება, სადაც ეს უკანასკნელი ითხოვდა ასს 37-ში აპარატურის დაყენების მიზნით აპარატურის და 100 წყვილი ტევადობის კროსის ჩარჩოს განსათავსებლად ფართობის გამოყოფას, მოპასუხემ თხოვნაზე უარყოფითად უპასუხა მოსარჩელეს 2005 წლის 30 დეკემბერს, უარი დასაბუთებული იყო კროსში ჩარჩოს დასაყენებელი ადგილის არარსებობით;

2006 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ დავის განხილვის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მოსარჩელემ განცხადების თანახმად მოითხოვა იმის დადგენა, იყო თუ არა ასს 37-ის კროსში 100 წყვილი ჩარჩოს დასაყენებელი ადგილი და დადებით შემთხვევაში ითხოვა სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» დავალდებულება, გაეცა შპს «კ. ც. ქ-ების» დაშვების ნებართვა;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «საქართველოს გაერთიანებულ სატელე-კომუნიკაციო კომპანიას» დაევალა შპს «კ. ც. ქ-ის ADშL მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით ასს 37-ის უზრუნველყოფა;

სს «საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ» საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, მოგვიანებით კი წარდგენილ სარჩელზე უარი განაცხადა, რის გამოც სასამართლომ საქმის წარმოება 2007 წლის 20 თებერვალს შეწყვიტა. სს «საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ» სარჩელზე უარის თქმის მოტივად მიუთითა, რომ გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება იყო ფაქტობრივად შესრულებული, კერძოდ ასს 37-ის შენობაში დგარები იყო უკვე დამონტაჟებული;

2006 წლის 16 ნოემბერს სს «საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ» წერილობით დაავალა შესაბამის სამსახურს ახლად დამონტაჟებულ კროსში გამოეყოთ შპს «კ. ც. ქ-ისათვის” ერთი ჩარჩო. მათ ასევე ეცნობათ, რომ შპს «კ. ც. ქ-ს» ნება დაერთო გაეყვანა ასწყვილიანი კაბელი ასს 37-ში განთავსებულ აპარატურიდან კროსამდე;

მოსარჩელის საბოლოო მიზნის, რაც მდგომარეობდა ასს 37-ის აბონენტებისათვის ADშL ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტ მომსახურების მიწოდებაში, მისაღწევად საჭირო იყო მოპასუხეს დადგენილი წესით გაეცა ტექნიკური პირობა ცენტრალური ტელეგრაფის შენობიდან (რუსთაველის 31) ასს 37-მდე 10 მმ-მდე ოპტიკური კაბელის ჩადებაზე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ წერილები გაუგზავნა მოპასუხეს 2006 წლის 16 თებერვალს, 15 მარტს, 2007 წლის 6 მარტს, 28 დეკემბერს, 2008 წლის 29 თებერვალს და 3 ივნისს, რაზეც პასუხი არ მიუღია;

2006 წლის ივნის-ივლისში მოსარჩელემ განიზრახა ახალი ობიექტების ჩართვა და კაბელების ჩადება: 1. თ-ის ¹13, ყ-ის ¹334 მშენებარე მიკრორაიონამდე (ე.წ «...»), სადაც მას უნდა მიეწოდებინა სატელეფონო მომსახურება და ინტერნეტი მთელი მიკრორაიონისათვის თ-ის ¹13-ში უკვე არსებული კვანძიდან; 2. თ-ის ¹13, ყ-ის ¹24ა (ე.წ. «მ-ის კორპუსი»), სადაც უნდა მიეწოდებინა სატელეფონო მომსახურება და ინტერნეტი თ-ის ¹13-ში უკვე არსებული კვანძიდან. მოპასუხემ არ დაუშვა მოსარჩელე საკაბელო შახტებთან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს ასს 37-ში ტექნიკურ საშუალებებთან მოსარჩელის დაშვების ტექნიკური შესაძლებლობა.

სარჩელის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაუსაბუთებელი უარი განუცხადა მოსარჩელეს ასს 37-ში აპარატურის დაყენების მიზნით აპარატურის და 100 წყვილი ტევადობის კროსის ჩარჩოს განსათავსებლად ფართობის გამოყოფაზე. ამგვარი დასკვნის გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სს «საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას» დაევალა შპს «კ. ც. ქ-ის ADშL მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით ასს 37-ის უზრუნველყოფა. კომისიამ მონიტორინგის სამსახურის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით დაადგინა, რომ ასს 37/38-ის კროსში არ იყო თავისუფალი ჩარჩო კაბელის ჩასართვად და არც ჩარჩოს დასამაგრებელი ადგილი არ იყო მეტალის კონსტრუქციებზე, ამავე დროს სათავსოში სადაც კროსი იყო მოთავსებული, შეიძლებოდა კიდევ ერთი რიგით კროსის გაფართოება. კომისიამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო უზრუნველეყო ასს 37 იმ ტექნიკური მახასიათებლებით, კერძოდ, კროსის მოწყობილობით, რაც აუცილებელი იყო შპს «კ. ც. ქ-ის» მიერ ADშL მომსახურების მიწოდებისათვის. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, კომისიის გადაწყვეტილების უსწორობისადმი, ვინაიდან მას მოპასუხისათვის ჯქონდა სავალდებულო ძალა. ამასთან, გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება გამომდინარეობდა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვეოდა, ADშL ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისათვის საკმარისი არ იყო მხოლოდ აპარატურის განლაგება ასს 37-ის ტერიტორიაზე და ჩარჩოს დამონტაჟება ასს 37-ის კროსში, ასს 37-ში ტექნიკურ საშუალებებთან სრული დაშვებისათვის აუცილებელი იყო ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადება მოსარჩელის მთავარი კვანძიდან (ცენტრალური ტელეგრაფის შენობა რუსთაველის 31) ასს 37-მდე. მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად სწორედ ის გარემოება ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეს ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა მოსარჩელის მთავარი კვანძიდან (ცენტრალური ტელეგრაფის შენობა რუსთაველის 31) ასს 37-მდე.

სასამართლომ განმარტა, რომ «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება. ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, მოპასუხეს დაშვების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მას გააჩნია დაშვების ტექნიკური შესაძლებლობა. შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა დაშვების შეზღუდვა მოპასუხის მხრიდან, იგი ვალდებული იყო დაესაბუთებინა რომ მოპასუხეს ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა, აღნიშნული წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეს ჰქონდა საკაბელო შახტებთან მოსარჩელის დაშვების ტექნიკური შესაძლებლობა. ამგვარი დასკვნა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგი არგუმენტებით:

საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 16 ივლისის დასკვნის თანახმად, რომელიც ასახავს 2009 წლის მდგომარეობით არსებულ შედეგებს დასტურდება, რომ: 1. სს «საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას» გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, გაატაროს შპს «კ. ც. ქ-ის» 10 მილიმეტრი დიამეტრის ერთი ცალი კაბელი სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» სატელეფონო კანალიზაციაში ქ.თბილისში, თ-ის ქუჩა ¹13-დან ყ-ის გამზირ ¹34-ში მშენებარე მიკრორაიონამდე (ე.წ ...), ხოლო თუ გამოკვლეულ სატელეფონო კანალიზაციებში 2006 წლიდან არ განხორცილებულა კაბელების ამოღება, 10მმ-იანი კაბელის გატარების შესაძლებლობა იარსებებდა 2006 წლის ივნის-ივლისშიც; 2. სს «საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას» გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, გაატაროს «კ. ც. ქ-ის» 10მმ-იანი დიამეტრის ერთი ცალი კაბელი სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» სატელეფონო კანალიზაციაში ქ.თბილისში, თ-ის ქუჩა ¹13-დან ყ-ის გამზირ ¹24-მდე (ე.წ «მ-ის კორპუსი»), ხოლო თუ გამოკვლეულ სატელეფონო კანალიზაციებში 2006 წლიდან არ განხორციელებულა კაბელების ამოღება, 10მმ-იანი კაბელის გატარების შესაძლებლობა იარსებებდა 2006 წლის ივნის-ივლისშიც; 3. იმ შემთხვევაში, თუ სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» მიერ 2006 წლიდან არ განხორცილებულა სატელეფონო კანალიზაციების კვლევით ნაწილში მოცემულ მონაკვეთებზე კაბელის ამოღება, 10მმ-იანი დიამეტრის კაბელის გატარების ტექნიკური შესაძლებლობა იარსებებდა 2006 წლიდან დღემდე.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის დაშვების შეზღუდვას ადგილი ჰქონდა 2006 წლის ივნისიდან. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ წარადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხის წინააღმდეგ მიუმართავს ეროვნული კომისიისათვის, რასთან დაკავშირებითაც კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება _ არ დააკმაყოფილა შპს «კ. ც. ქ-ის» მოთხოვნა სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის» მოთხოვნილ მიმართულებებზე (თ-ის ქ.¹13 _ ... ყ-ის გამზირი ¹34; თ-ის ქუჩა ¹13 _ ... ყ-ის გამზირი ¹24) კაბელის ჩასადებად ნებართვის გაცემის დაკისრების თაობაზე.

სასამართლომ მიუთითა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის, ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგს და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე, მათსა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს კომისიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია მისი გასაჩივრების გზით. კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს «კ. ც. ქ-ის» მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა და სატელეკომუნიკაციო კომპანიას ტექნიკური პირობა არ გააჩნია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება მიღებული იყო სწორედ სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროის პერიოდში და შეიცავდა დასკვნას იმ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხეს ჰქონდა 2006 წლის პერიოდის სატელეფონო საკანალიზაციო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა-რევიზიის აქტები, რომლებიც არ წარედგინა ექსპერტიზის ბიუროს, რათა მომხდარიყო 2006 წლის მდგომარეობით არსებული ვითარების შეფასება, აქედან გამომდინარეობდა დასკვნა, რომ საკაბელო შახტებთან დაშვების ტექნიკური შესაძლებლობა იმთავითვე არსებობდა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერ გამოდგებოდა უტყუარ მტკიცებად, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს «კ. ც. ქ-ის» მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა და სატელეკომუნიკაციო კომპანიას ტექნიკური პირობა არ გააჩნდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილება შეეხებოდა სწორედ მხარეთა შორის წამოჭრილ სადავო საკითხს და იგი დროშიც სადავო პერიოდს ემთხვეოდა, ამასთან მოსარჩელეს გადაწყვეტილება ამ დრომდე სადავოდ არ გაუხდია, სასამართლოს დასკვნაც საკაბელო შახტებთან დაშვების ტექნიკური შესაძლებლობის არარსებობის თაობაზე დაეფუძნა კომისიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას (ტომი I, ს.ფ. 522-532).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «კ. ც.მა ქ-მა» სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 896260.46 ლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 537-549).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს «კ. ც. ქ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებასთან მიმართებით დამატებით განმარტა შემდეგი:

მხარეთა შორის სადავო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ერთხელ უკვე იმსჯელა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება ასს 37-თან მიმართებით 2006 წლის 10 თებერვალს, ხოლო ყ-ის 24ა-სა და 34-ზე _ 2007 წლის 29 ივნისს.

«დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის «გ» ქვეპუნქტით დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო განმარტებულია, როგორც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამდენად, კომისიას სპეციალური უფლებაუნარიანობა გააჩნია. ამავე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, დამოუკიდებლობა წარმოადგენს კომისიის შესაძლებლობას განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლით, მხოლოდ დამოუკიდებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მასზე დელეგირებულია შესაბამისი კანონით. კანონის მე-12 მუხლი ადგენს, რომ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის». ამავე საკითხს შეეხება ეხება «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ცხადია, რომ კომუნიკაციების სფეროში მხარეთა შორის კავშირგაბმულობის სპეციფიკურ საკითხებზე (ურთიერთჩართვა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება და ა.შ.) წარმოშობილი დავების გადაწყვეტა წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის განსაკუთრებულ კომპეტენციას. რასაკვირველია ეს კომპეტენცია საბოლოო ჯამში სასამართლო კონტროლს ექვემდებარება «დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, მაგრამ ეს კონტროლი ხორციელდება კომისიის განხილულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ აზრს დაკარგავდა კომისიის მიერ ლიცენზიის მფლობელთა შორის დავების მოწესრიგების სპეციალური კანონებით მინიჭებული უფლებამოსილება, და კომისია გადაიქცეოდა მარტოოდენ შესაბამის სფეროში წესების დამდგენ და ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემ ორგანოდ, რაც საფუძველს გამოაცლიდა მის უნარს ეწარმოებინა კავშირგაბმულობის დარგის რეგულირება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე. გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს «კ. ც. ქ-ების» მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა და გამოარკვია, რომ იმ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით «საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას» ტექნიკური პირობა არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კავშირგაბმულობის სფეროში შესაბამისი კანონებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წყალობით კომისია აღჭურვილია კავშირგაბმულობის დარგის ისეთი ცოდნით, რომელიც მას საშუალებას აძლევს აწარმოოს დარგის რეგულირება. ამდენად, მისი ასეთი დასკვნა მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.

სააპელაციო საჩივრის დასაბუთებისას აპელანტმა განმარტა, რომ კომისიის მინიტორინგის სამსახურის ასეთი დასკვნა არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, რის საფუძვლადაც მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის მუშაკის ელექტრონულ წერილზე კომისიის მონიტორინგის სამსახურისათვის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ წერილში საუბარია არა აპელანტის მიერ კომისიისათვის მოთხოვნილ ოთხ მიმართულებაზე, არამედ ორ სრულიად სხვა მიმართულებაზე, რომელიც მოცემული დავის საგანი არაა _ კაბელის გაყვანის ტექნიკური შესაძლებლობის შექმნაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სპეციალური უფლებამოსილებითა და ცოდნით აღჭურვილმა ორგანომ – კომისიამ მაინც ჩათვალა, რომ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება კი აღარ გასაჩივრებულა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ანალოგიური დასკვნა გააკეთა საქმეზე ჩატარებულმა ექსპერტიზამაც, რომელმაც განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას გააჩნდა ორივე მიმართულებით (თ-ის 13-დან ყ-ის 24ა-მდე და თ-ის 13-დან ყ-ის 34-მდე) ტექნიკური შესაძლებლობა გაეტარებინა კაბელი, აღნიშნული შესაძლებლობა იარსებებდა 2006 წელსაც, თუ არ ყოფილა ამოღებული კაბელები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ გარკვეულიყო 2006 წლისთვის არსებული ვითარება, ერთადერთ მტკიცებულებას ისევ კომისიის ზემოხსენებული 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომელიც დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობდა.

რაც შეეხებოდა საქმეზე წარდგენილ სხვა უამრავ მტკიცებულებას _ მაგალითად: სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» 2007 წლის 4 ივნისის ბრძანება ¹01/100, სს «საქართველოს ელექტროკავშირის» 2005 წლის 20 აპრილის წერილი ¹14-1/8/1/2-159, სს «საქართველოს ელექტროკავშირის» 2005 წლის 21 ივნისის წერილი, სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» 2005 წლის 30 დეკემბრის წერილი – სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ისინი არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენდა, ზოგადად შეეხებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მის საკანალიზაციო ჭებთან დაკავშირებულ საკითხებს – კაბელების იდენტიფიკაციას, ინვენტარიზაციასა და მარკირებას, კაბელების გატარების შეჩერებას, კაბელის ჩადებისა და მოვლის ტარიფებს, არაიდენტიფიცირებული კაბელების აღმოჩენას და პირდაპირ ვერ მეტყველებდნენ იმაზე, არსებობდა თუ არა შესაძლებლობა დაეშვა აპელანტი თავის ქსელის შესაბამის რესურსთან.

ასს 37-თან დაშვების საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება სს «სგ სატელეკომუნიკაციო კომპანიის» სარჩელზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ ასს 37-ში დგარები უკვე დამონტაჟდა ანუ კომისიის მიერ ამ საკითხზე მიღებული 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება შესრულდა. საქმის სხვა მასალებიდან კი არ იკვეთებოდა ის გარემოება, რომ ასს 37-ში დაშვება მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ნებაზე იყო დამოკიდებული და მან შელახა აპელანტის უფლება დაეშვა ქსელის ამ ელემენტთან. კომისიის 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების ტექსტში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით ასს37/38-ის კროსში არ არის თავისუფალი ჩარჩო კებლის ჩასართავად და არც ჩარჩოს დასამაგრებელი ადგილი არის მეტალის კონსტრუქციებზე. ამავე დროს, სათავსოში სადაც კროსია მოთავსებული შეიძლება კიდევ ერთი რიგითი კროსის გაფართოება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, მარტოოდენ აპარატურის განლაგება არ იქნებოდა საკმარისი ინტერნეტის მომსახურეობის მისაწოდებლად და აუცილებელი იქნებოდა ასევე კაბელის ჩადება მოსარჩელის მთავარი კვანძიდან ასს 37-მდე. თუმცა არსებობდა თუ არა დაშვების – ანუ კაბელების განთავსების ტექნიკური შესაძლებლობა, ეს გარემოება რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. საქმეში წარდგენილი არაპირდაპირი მტკიცებულებები ამ გარემოებების დასადასტურებლად არ იყო საკმარისი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა იმის შესახებ, რომ ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 408-ე და 412-ე მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 118-130).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «კ. ც.მა ქ-მა» საკასაციო საჩივარი შეიტანა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

შპს «კ. ც. ქ-ი» თავისი სარჩელით მოითხოვდა მოპასუხისათვის 896260.46 ლარის დაკისრებას. სარჩელის პირველ ნაწილს შეადგენდა იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც მოსარჩელემ განიცადა შემდეგი ფაქტორების გამო: ა. მოპასუხემ 10.5 თვის განმავლობაში უკანონოდ უთხრა უარი მოსარჩელეს ავტომატურ სატელეფონო სადგურ 37-ში აპარატურის დაყენების მიზნით აპარატურის და 100 წყვილი ტევადობის «კროსის» ჩარჩოს გამოყოფაზე; ბ. მოპასუხემ არ დაუშვა მოსარჩელე ავტომატურ სატელეფონო სადგურ 37-დან ცენტრალური ტელეგრაფის შენობამდე არსებულ მოპასუხის კუთვნილ საკაბელო შახტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩასადებად (საუბარია საკაბელო შახტებზე ავტომატურ სატელეფონო სადგურ 37-დან ცენტრალური ტელეგრაფის შენობის მიმართულებით და არა იმ შეხტებზე, რომლებიც ცალკე განიხილება სარჩელის მოთხოვნის მეორე ნაწილში). ამიტომ, მოსარჩელემ ვერ შეძლო ავტომატურ სატელეფონო სადგურ 37-ის აბონენტებისათვის სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. სარჩელის მეორე ნაწილს შეადგენდა იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც მოსარჩელემ განიცადა იმით, რომ მოპასუხემ იგი არ დაუშვა თბილისში, თ-ის ¹13-დან ყ-ის ¹34-მდე (ე.წ. «...») და თ-ის ¹13-დან ყ-ის ¹24-მდე (ე.წ. «მ-ი») არსებულ მოპასუხის კუთვნილ საკაბელო შახტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ჩასადებად. ამის გამო, მოსარჩელემ ვერ შეძლო ზემომითითებული მიმართულებებით აბონენტებისათვის სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურების მიწოდება;

პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის პირველ ნაწილთან დაკავშირებით გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დაადგინა, რომ «ტ-მა» შპს «კ. ც. ქ-ს» მართლაც დაუსაბუთებლად შეუზღუდა ავტომატურ სატელეფონო სადგურ 37-ში აპარატურის განლაგების უფლება. მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა იმიტომ, რომ, მისი მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ჰქონდა თუ არა მოპასუხეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა. რაც შეეხებოდა სარჩელის მეორე ნაწილს, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა მოთხოვნილ მიმართულებებზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა. ეს დასკვნა სასამართლომ დააფუძნა კომისიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას;

კასატორის მოსაზრებით, სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ 2005 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულების 2.1.2, 2.1.3 და 2.1.4 პუნქტებით «ტ-ი» ვალდებული იყო გაეცა ტექნიკური პირობა ახალი კაბელის სატელეფონო კანალიზაციაში გატარების თაობაზე ც. ქ-ის მოთხოვნის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა მოთხოვნილ მიმართულებაზე კაბელის გატარების ტექნიკური შესაძლებლობა. ამ მოვალეობას «ტ-ს» აკისრებდა «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი (როგორიცაა «ტ-ი») ვალდებული იყო ყველა შემთხვევაში უზრუნველეყო სხვა ავტორიზებული პირი (როგორიცაა შპს «კ. ც. ქ-ი») თავის ქსელზე დაშვებით. სასამართლომ ამ ნორმის ნაცვლად გამოიყენა დასახელებული კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის «დ» პუნქტი, რომელიც ჩვეულებრივ ოპერატორს ავალებს უზრუნველყოს სხვა ავტორიზებული პირის თავისი ქსელის «თავისუფალ ელემენტებთან» დაშვება;

კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელის პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე დასახელებულ ახალ გარემოებას, კერძოდ, იმის შესახებ, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა. ამდენად, მოცემული გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელის პირველი მოთხოვნის უარყოფის საფუძველი. ამასთან, ახალი გარემოების დაშვების შემთხვევაშიც, მოპასუხეს მის შესახებ არამარტო უნდა განეცხადებინა, არამედ იგი კიდეც უნდა დაედასტურებინა. სასამართლომ იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს ნამდვილად არ ჰქონდა კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა, მოსარჩელეს დააკისრა. სასამართლოს მიერ ამ ახალი გარემოების მიღება და მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილება, მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენს;

კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტ-ს არ გააჩნდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა თ-ის ¹13-დან ყ-ის ¹34-მდე (ე.წ. «...») და თ-ის ¹13-დან ყ-ის ¹24ª-მდე (ე.წ. «მ-ი»). სასამართლო უნდა დაყრდნობოდა არა კომისიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, არამედ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 17 ივლისის ექსპერტის ¹250/18 დასკვნას, რომელიც ასეთი შესაძლებლობის არსებობას ადასტურებდა 2009 წლისათვის, აგრეთვე, საქართველოს ტ-ის მიერ 2005 წლის 20 აპრილს, 2005 წლის 21 ივნისს, 2005 წლის 2 ნოემბერს, 2005 წლის 30 დეკემბერს და 2006 წლის 22 სექტემბერს გაცემულ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ტ-ის მიერ 2006 წელს ასეთი შესაძლებლობის არსებობას და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვას ადასტურებდნენ;

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამი სააპელაციო პრეტენზიიდან ორი არ განიხილა. ამ შემთხვევაში საუბარია აპელანტის პრეტენზიებზე ახალი გარემოების უკანონოდ გამოყენებასთან, მტკიცების ტვირთის აღრევასთან და «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ორივე სააპელაციო პრეტენზია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველის გაზიარება გამოიწვევდა სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას 497992.46 ლარით, ხოლო მეორის გაზიარება განაპირობებდა სარჩელის ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მთლიანობაში 896260.46 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 135-148).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით შპს «კ. ც. ქ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «კ. ც. ქ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «კ. ც. ქ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ შპს «კ. ც. ქ-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.