Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1204-779(კ-05) 20 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. წკეპლაძე

დავის საგანი: რეგისტრაციის აღდგენა, გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

03.0604წ. მ. ს-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ნ. ს-ის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, შსს-ს ვაკე-საბურთალოს რეგისტრაციის განყოფილების მიმართ და მოითხოვა გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 30.01.04წ. დადგენილების და 12.03.04წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების 1/2-ზე ცვლილებების შეტანა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წელს ჩაირიცხა თბილისის ი. გ-ის სახელობის სახელმწიფო ... კოლეჯში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2001 წელს. იგი 1996 წლიდან შესახლდა თბილისის ... ბინაში, რომელზეც 27.04.99წ. მიიღო ორდერი. მასთან ერთად ბინაში ცხოვრობდა მისი ბიძაშვილი _ ნ. ს-ე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20.11.01წ. ¹4-3/838 და 15.07.02წ. ¹1-3/488 ბრძანებებით და თბილისის მთავრობის 08.20.02წ. ¹12-164 დადგენილებით ვაკის ყოფილი სტუდქალაქის კორპუსები ჩაირიცხა ვაკე-საბურთალოს რაიონის კომუნალურ ფონდში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ... წ. შეეძინა შვილი _ ნ. ს-ე და არის მარტოხელა დედა. 2003წ. ზაფხულში ბავშვი სამკურნალოდ წაიყვანა რუსეთის ფედერაციაში, საიდანაც დაბრუნდა 2004წ. აპრილში. მისი არყოფნით ისარგებლა მისმა ბიძაშვილმა _ ნ. ს-მ, რომელმაც 23.12.03წ. გააუქმა რეგისტრაცია და 12.03.04წ. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობასთან გააფორმა პრივატიზაციის ხელშეკრულება.

მოპასუხე ნ. ს-მ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ იგი მუდმივად ცხოვრობდა სადავო ბინაში, იყო ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი, რის გამოც მიანიჭეს ბინის პრივატიზაციის უფლება, ხოლო მ. ს-ე სადავო ბინიდან 2000 წელს წავიდა და მას შემდეგ იქ აღარ უცხოვრია.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.12.04წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2000 წლიდან გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი სადავო ბინასთან, რის გამოც მისი რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ს-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტმა აღნიშნა, რომ მას სადავო ბინა 2000 წლიდან არ დაუტოვებია, რაც დასტურდება სტუდქალაქის, აგრეთვე სავიზო სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით, მეზობლების განცხადებებით და მოწმეების ჩვენებებით იგი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა გათხოვებამდე და შემდგომ პერიოდშიც, მხოლოდ 2003 წელს სამი თვით გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ იმის გამო, რომ იძულებული გახდა ბავშვის მკურნალობა გაეგრძელებინა, იქ დარჩა 2004წ. მაისამდე. აპელანტმა მიუთითა, რომ «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონით და 12.08.97წ. დებულებით განსაზღვრულია მოქალაქის რეგისტრაციიდან მოხსნის წესი. ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და დებულების 8.1 მუხლის თანახმად: «საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და გარდაცვალების შემთხვევაში». სამკურნალოდ გამგზავრების გამო მან იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი, აქედან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ სკ-ის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი საცხოვრებელი ადგილი არ უნდა გაუქმებულიყო. დებულების 8.2 მუხლის შესაბამისად რეგისტრაციიდან მოხსნა პირის საზღვარგარეთ გამგზავრებისას ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის გატარების შესახებ შესაბამისი შს ორგანოდან ან პირის საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე საამისოდ უფლებამოსილი საპასპორტო _ სავიზო სამსახურიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო, რაც არ მომხდარა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.07.05წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.12.04წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა აღიარებული (ქ. თბილისში, ...) 12.12.03წ. მ. ს-ის რეგისტრაციიდან მოხსნა და მას აღუდგა წინანდელი რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი 112.03.04წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში; ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები თბილისში, ... მდებარე ¹3 კორპუსის ბინა ¹28-ზე ნ. ს-ის სახელზე არსებულ სარეგისტრაციო ჩანაწერებში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირის მოხსნა რეგისტრირებული მისამართიდან დასაშვებია მხოლოდ ახალ საცხოვრებელ ადგილზე მისი რეგისტრაციაში გატარების შემდეგ. ვინაიდან მ. ს-ე დღევანდელი მდგომარეობით არსად არ არის რეგისტრირებული, მისი რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მ. ს-ე რეგისტრაციიდან მოხსნამდე სხვა მისამართზე არ ყოფილა რეგისტრირებული და არც მისამართის გარეშე გაუვლია რეგისტრაცია ფაქტობრივი სამყოფელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20.11.01წ. ¹1-3/838 და 15.07.02წ. ¹1-3/488 ბრძანებებით ქ. თბილისის მერიას ადგილობრივ მმართველობაში გადაეცა ვაკის ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საერთო საცხოვრებლის ნაწილი, მათ შორის-სადავო კორპუსიც. აღნიშნულის საფუძველზე 08.08.02წ. ქ. თბილისის მთავრობამ მიიღო დადგენილება ¹12.40.264, რომლის მიხედვით, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო ფონდში ჩაირიცხა ვაკის სტუდქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საერთო საცხოვრებლების ძირითად საშუალებათა პასიური და აქტიური ნაწილები, მათ შორის, სადავო ¹3 კორპუსი. აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის თანახმად, გამგეობებს დაევალათ მოეხდინათ საბინაო ფონდში ჩარიცხულ შენობებში მცხოვრებთა აღწერა, შეემოწმებინათ მათ მიერ ფართის დაკავების კანონიერება და საბინაო მეურნეობის სამმართველოსთან ერთად უზრუნველეყო ორდერის გამოწერა დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან ქ. თბილისის მთავრობის 08.08.02წ. დადგენილების გამოცემისას მ. ს-ე ჩაწერილი იყო სადავო ბინაში და, რომელსაც ფლობდა კანონიერად (ორდერის საფუძველზე, რომელიც არ არის გაუქმებული), მას წარმოეშვა კანონიერი სამართლებრივი ინტერესი აღნიშნულ ბინაზე, რის გამო ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა ვალდებული იყო აღნიშნული გარემოება გაეთვალისწინებინა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას და სადავო ბინაზე ორდერი მხოლოდ ნ. ს-ზე არ უნდა გაეცა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 30.01.04წ. დადგენილება კანონსაწინააღმდეგოა და სზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებულ 1/2-ზე 12.03.04წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება, როგორც ზემოაღნიშნული ბათილი გარიგების თანამდევი შედეგი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ს-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მ. ს-ე ვალდებული იყო საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას ეცნობებინა კანონით დადგენილ 10 დღეში რეგისტრაციის გატარების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ს-ე ვალდებული იყო გაევლო რეგისტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დადგენილია, რომ მოსარჩელე 7 თვეზე მეტ დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რის შესახებ შედგენილია შესაბამისი ოქმები სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელთა თანახმად, მ. ს-მ დაკარგა რა ფართზე უფლება, კანონიერად იქნა ამოწერილი სადავო ბინიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს იურიდიული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მ. ს-ის ბავშვის ავადმყოფობის დიაგნოზს და განუკურნებლობას საქართველოს პირობებში, პირიქით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წ. ¹71 ბრძანებით მ. ს-ის მიერ წარმოდგენილი დიაგნოზები არ განეკუთვნება რთულ და განუკურნებელ დაავადებებს.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ, მ. ს-მ, საკასაციო საჩივრების მოტივები არ გაიზიარა და ითხოვა საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს. ვაკის რაიონის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე მ. ს-ე 1996 წლიდან ცხოვრობდა სტუდქალაქის ... კორპუსის ¹220 ბინაში, რომელშიც იგი რეგისტრირებული იყო 1999 წლიდან განათლების სამინისტროს თბილისის სტუდქალაქის სამმართველოს 27.04.99წ. ¹112 ორდერის საფუძველზე. 2003 წლიდან ამავე მისამართზე რეგისტრაციაში გატარდა მ. ს-ის შვილი _ ნ. ს-ე. 25.06.99წ. გაცემული ორდერის საფუძველზე ამავე ბინაში (სტუდქალაქის ... კორპუსი, ბინა ¹220) შესახლდა ნ. ს-ე.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20.11.01წ. ¹1-3/838 და 15.07.02წ. ¹1-3/488 ბრძანებებით ქ. თბილისის მერიას ადგილობრივ მმართველობაში გადაეცა განათლების სამინისტროს ბალანსზე რიცხული ვაკის ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საერთო საცხოვრებლების ნაწილი, მათ შორის ის კორპუსი, რომელშიც განთავსებული იყო სადავო ბინა. ქ. თბილისის მთავრობის 08.08.02წ. ¹1240264 დადგენილებით დასახელებული საერთო საცხოვრებლების ნაწილი, მათ შორის, სადავო ბინა, ჩაირიცხა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო ფონდში.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შსს სამმართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსი ინსპექტორის 10.06.03წ. პატაკისა და 30.05.03წ., 18.06.03წ., 26-27.11.03წ. ოქმების საფუძველზე დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. ს-ის განცხადების საფუძველზე შსს სამსახურების მიერ დაფიქსირდა მოსარჩელე მ. ს-ის რეგისტრირებულ მისამართზე არცხოვრების ფაქტი, რის შედეგადაც 23.12.03წ. მ. ს-ე მოიხსნა რეგისტრირებული მისამართიდან (ქ. თბილისი, .... ¹37, 3-ა კორპუსი, ბინა 220). ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 30.01.04წ. დადგენილებით მოპასუხე ნ. ს-ს გაუფორმდა 20,47 კვ.მ ერთოთახიანი ბინა ¹28 და 11.02.04წ. მასზე გაიცა შესაბამისი ორდერი. «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე, 12.03.04წ. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ნ. ს-ს შორის დაიდო ბინის პრვატიზაციის ხელშეკრულება, პრივატიზებული ბინა ნ. ს-ის სახელზე აღირიცხა საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას პირის მოხსნა რეგისტრირებული მისამართიდან დასაშვებია მხოლოდ ახალ საცხოვრებელ ადგილზე პირის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ გააჩნიათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი _ ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად ამ კანონის თანახმად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. მოსარჩელის რეგისტრაციიდან მოხსნის დროისათვის მოქმედი კანონის მე-4 მუხლის რედაქციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებული იყო ათ დღეში ეცნობებინა ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის, რომელიც ხუთ დღეში გაატარებდა მას რეგისტრაციაში და მისცემდა რეგისტრაციის მოწმობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებული ნორმებით არ დასტურდება სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ პირის რეგისტრირებული მისამართიდან მოხსნა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ახალ საცხოვრებელ ადგილას პირის რეგისტრაციის ან მისამართის გარეშე მისი რეგისტრაციის შემთხვევაში და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი ადგება პირთა შესახებ მონაცემების დადგენის კანონისმიერ მიზანს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული კანონის ნორმებში ასახულია საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ვალდებულებანი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციაში გატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ ნიშნავს რეგისტრაციის გაუქმების შეუძლებლობას, ვინაიდან კანონი არ ახდენს რეგისტრაციის წესის დარღვევის რეგლამენტაციას, რეგისტრაციის მიზანი შეიძლება მდგომარეობდეს პირის შესახებ არა ფორმალური, არამედ რეალური, სინამდვილის შესაბამისი მონაცემების დადგენაში, ფიქციას ამ შემთხვევაში არავითარი ძალა არა აქვს, თუკი პირს ფაქტობრივად გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა ძველ საცხოვრებელ ადგილთან, რის გამო კანონის ხსენებული ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დაწესებულ პასუხისმგებლობას. «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაუცველობის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებით არის განპირობებული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მითითება იმის შესახებ, რომ რეგისტრაციის არქონისათვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც აცნობებს რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

ქ. თბილისის მთავრობის 08.08.02წ. ¹12.40.264 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა გამგეობის საბინაო ფონდში ჩარიცხული ვაკის სტუდქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საერთო საცხოვრებლის კორპუსებში მცხოვრებთა აღწერა, მათ მიერ ფართის დაკავების კანონიერების შემოწმება და საბინაო მეურნეობის სამმართველოსთან ერთად დადგენილი წესით ორდერების გამოწერის უზრუნველყოფა. რეგისტრაციის მოხსნის ბარათით ირკვევა, რომ მ. ს-ე რეგისტრაციიდან მოიხსნა 23.12.03წ., რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლად მითითებულია გამგეობის მიმართვა. მ. ს-ის რეგისტრაციიდან მოხსნის (23.12.03წ.) მომენტისათვის მოქმედი, შს მინისტრის 12.08.97წ. ¹473 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» დებულების მე-8 თავის მიხედვით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა პირის რეგისტრაციიდან მოხსნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. დებულების 8.3 პუნქტის მიხედვით, «მოცემული კონკრეტული მისამართიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე საცხოვრისის მესაკუთრის (დამქირავებლის) მოტივირებული შუამდგომლობის შემთხვევაში, მისი რეგისტრაციიდან მოხსნა და ახალ მისამართზე (თუ იგი მიუთითებს ასეთს და წარადგენს შესაბამის თანხმობას) ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციაში გატარება განხორციელდება ერთდროულად, რის შესახებაც, ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით, ეცნობება შესაბამის ორგანოებს. იმ შემთხვევაში, როცა პირი არ იმყოფება ადგილზე, ახალ მისამართზე რეგისტრაციაში გატარება მოხდება მისი დადგენისა და გამოცხადების შემდეგ». ამდენად, ახალ მისამართზე ან მისამართის გარეშე რეგისტრაციაში გაუტარებლობა არ წარმოადგენს ადრინდელ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციის გაუქმების გამომრიცხავ ფაქტორს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ რეგისტრაცია, ადრემოქმედი ჩაწერის ინსტიტუტისაგან განსხვავებით, თავისთავად არ წარმოადგენს ფართზე უფლების მომპოვებელ გარემოებას. «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობასა და მ. ს-ს შორის დაიდო სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ბინის პრივატიზების უფლებას უკავშირებს ბინით მართლზომიერი სარგებლობის უფლებას. რეგისტრაცია პირის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოშობს და არც აუქმებს. საცხოვრებელი ადგილი შეიძლება არსებობდეს რეგისტრაციის გარეშეც და პირიქით. რეგისტრაციის არარსებობა თავისთავად არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართზე უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სკ-ის მე-20 მუხლით, «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი სასამართლოს მიერ დგინდება სხვადასხვა გარემოებების საფუძველზე, რომლებიც სავალდებულოდ არ უკავშირდება კომპეტენტური ორგანოების მიერ რეგისტრაციის განხორციელებას. ამდენად, რეგისტრაცია წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართობზე უფლების არსებობის ერთ-ერთ და არა ერთადერთ ფაქტორს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მინიშნების როლი შეასრულოს, რამდენადაც რეგისტრაცია და რეგისტრაციის შენარჩუნების სავალდებულო პირობა არის ფართში ფაქტობრივად ცხოვრება. რეგისტრაცია ან მისი არარსებობა არ წარმოადგენს მოქალაქის უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძველს. სკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. საცხოვრებელ ადგილად მიჩნევისათვის მხოლოდ ფაქტობრივი ყოფნა არ არის საკმარისი, მას თან უნდა ახლდეს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპი უპირველესია და იგი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით, ვინაიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება პირველადია, ხოლო საჯაროსამართლებრივი ქმედება მეორადი. ამდენად, ბინის პრივატიზაციის უფლების არსებობის დასადგენად საჭიროა იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან სადავო საცხოვრებელი ფართის მიტოვებას და რა პერიოდიდან, საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლას ჰქონდა დროებითი თუ მუდმივი, იძულებითი (შვილის ავადმყოფობის გამო) თუ ნებაყოფლობითი ხასიათი, შეწყვიტა თუ არა მოსარჩელემ სადავო ბინასთან საყოფაცხოვრებო კავშირი, რა ინტენსივობით იყენებდა მოსარჩელე სადავო საცხოვრებელს. მუდმივ საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლის შემთხვევაში, სადავო ფართით სარგებლობის, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება სხვაგან გადასვლის დღიდან მოშლილად უნდა ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში პირი ავტომატურად კარგავს გადასვლის დღიდან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის და, შესაბამისად, ფართის პრივატიზაციის უფლებას. სააპელაციო სასამართლოს ამ მიმართებით მტკიცებულებები არ გამოუკვლევია და ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია, რაც სააპელაციო პალატის იმ მოსაზრებით იყო განპირობებული, რომ რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელი იყო ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციაში გატარებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ არის საკმარისად გამოკვლეული, შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაგზავნის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 279-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 15.07.05წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.