Facebook Twitter

¹ას-980-921-2010 11 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ფ. ქ-ია, გ. შ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის, ფ. ქ-იასა და გ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა 2001 წლის 20 მარტის სოფელ ... მეკომურთა საერთო კრების ¹2 ოქმის არარა აქტად აღიარება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალებულება, გააუქმოს გ. შ-ძის სარეგისტრაციო ჩანაწერები და 2008 წლის 13 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით 2001 წლის 20 მარტის სოფელ ... მეკომურთა საერთო კრების ¹2 ოქმი გ. შ-ძის ნაწილში აღიარებულ იქნა არარა აქტად, გ. შ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი ცნობილ იქნა ბათილად, 2008 წლის 13 თებერვალს გ. შ-ძესა და ფ. ქ-იას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. დ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გ. შ-ძემ კი შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მ.დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გ.შ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მ.დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. შ-ძესა და ფ. ქ-იას შორის 2008 წლის 13 თებერვალს დადებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ. შ-ძის საკუთრება სადავო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა არარა აქტის საფუძველზე, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებულია არარსებული უფლება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით და დაადგინა, რომ გ.შ-ძეს არ გააჩნდა საკუთრების უფლება 2008 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებით გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე და მესამე პირს _ ფ. ქ-იას არარსებულ უფლებას ვერ გადასცემდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგება ბათილია.

სააპელაციო სასამართლომ ფ. ქ-ია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ სადავო ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად არ ჩათვალა, რადგან მიიჩნია, რომ ნაკვეთი მდებარეობს შემძენ ფ.ქ-იას შვილის _ ნ. ქ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთის გვერდით. ფ.ქ-იას განმარტებით, მან სწორედ ქალიშვილისაგან შეიტყო გასაყიდი ნაკვეთის შესახებ და მისი მეშვეობით დაუკავშირდა გ. შ-ძეს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ფ.ქ-იას უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელმა გ.შ-ძემ საკუთრება მიიღო არაუფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, ასევე, არარა აქტის გამოცემამდე და მას შემდეგაც ნაკვეთს ფლობდა მ.დ-ძის ოჯახი და გ.შ-ძე არ იყო ნივთის მესაკუთრე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გ.შ-ძის პოზიცია, რომ მ. დ-ძე არ იყო მოთხოვნის უფლების მქონე პირი. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. დ-ძემ მოცემული მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების მოთხოვნით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მაგრამ ვერ მოახერხა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რადგან იგი წარმოადგენდა ფ. ქ-იას საკუთრებას. ამგვარად, გასაჩივრებული გარიგებით დაირღვა აპელანტის კანონით გათვალისწინებული ინტერესი და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი მოთხოვნის უფლების მქონე პირია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. შ-ძემ და ფ. ქ-იამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და 2008 წლის 13 თებერვალს გ. შ-ძესა და ფ. ქ-იას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში მ.დ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალქო კოდექსის 185-ე, 311-312-ე მუხლები, არასწორად იხელმძღვანელა 56-ე მუხლის დანაწესით და ვერ დაასაბუთა, რა კავშირში იყო მითითებული ნორმა სადავო ურთიერთობასთან.

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ბათუმის რაიონული პროკურატურის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ დადგენილებას სისხლის სამართლის ¹170098076 საქმის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით არა თუ ფ. ქ-იას, არამედ გამსხვისებელ გ. შ-ძის კეთილინდისიერებაშიც არ არის ეჭვი შეტანილი და პირდაპირაა მითითებული, რომ მიწის ნაკვეთის გაცემაზე მეკომურთა კრების არაუფლებამოსილების თაობაზე გ.შ-ძისათვის ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნული მხარემ შეიტყო შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამავე დადგენილებით ირკვევა, რომ ფ.ქ-იამ სადავო უძრავი ნივთის საფაური _ 100000 აშშ დოლარი გ. შ-ძეს სრულად გადაუხადა. მითითებული გარემოება კი გამორიცხავს გარიგების თვალთმაქცურობის შესახებ სასამართლოს მოსაზრებას.

სასამართლოს მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი დადგენილია ისე, რომ მათ რაიმე მტკიცებულება საფუძვლად არ უდევს და ეფუძნება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ფ. ქ-იასა და გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და კასატორებს სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ფ. ქ-ია (პირადი ¹......) თანახმაა, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში მ. დ-ძეს გადაუხადოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად ფ. ქ-ია იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს;

2. მ. დ-ძე (პირადი ¹....) თანახმაა, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში ფ. ქ-იასაგან მიიღოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად მ. დ-ძე თანახმაა, იპოთეკით დაიტვირთოს ფ. ქ-ია საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

3. მ. დ-ძე (პირადი ¹....) 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე 2008 წლის 13 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და სხვა პრეტენზია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე არ გააჩნია.

4. ფ. ქ-იას (პირადი ¹......) მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში მ. დ-ძისათვის 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ფ. ქ-ია მ. დ-ძეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცემს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს;

5. მხარეები თანახმა არიან, გადასაცემი 500 კვ.მ უძრავი ქონების მდებარეობაზე, კერძოდ, გადასაცემი უძრავი ქონება უნდა მდებარეობდეს შემდეგი განლაგებით: ჩრდილოეთით _ საავტომობილო გზა; დასავლეთით _ ი. დ-ძის ნაკვეთი; სამხრეთით _ ფ. ქ-იას ნაკვეთი, აღმოსავლეთით _ მ. მ-ძის ნაკვეთი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები _ ფ. ქ-ია და გ. შ-ძე უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ფ. ქ-იასა და მ. დ-ძეს შორის შემდეგი პირობებით:

1. ფ. ქ-ია (პირადი ¹......) თანახმაა, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში მ. დ-ძეს გადაუხადოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად ფ. ქ-ია იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს;

2. მ. დ-ძე (პირადი ¹....) თანახმაა, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში ფ. ქ-იასაგან მიიღოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად მ. დ-ძე თანახმაა, იპოთეკით დაიტვირთოს ფ. ქ-ია საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

3. მ. დ-ძე (პირადი ¹....) 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე 2008 წლის 13 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და სხვა პრეტენზია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე არ გააჩნია.

4. ფ. ქ-იას (პირადი ¹......) მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში მ. დ-ძისათვის 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ფ. ქ-ია მ. დ-ძეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცემს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს;

5. მხარეები თანახმა არიან, გადასაცემი 500 კვ.მ უძრავი ქონების მდებარეობაზე, კერძოდ, გადასაცემი უძრავი ქონება უნდა მდებარეობდეს შემდეგი განლაგებით: ჩრდილოეთით _ საავტომობილო გზა; დასავლეთით _ ი. დ-ძის ნაკვეთი; სამხრეთით _ ფ. ქ-იას ნაკვეთი, აღმოსავლეთით _ მ. მ-ძის ნაკვეთი.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება მ. დ-ძის სარჩელის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის, ფ. ქ-იასა და გ. შ-ძის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.