Facebook Twitter

¹ას-983-1262-08 14 იანვარი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. გ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ალიმენტის გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ხ. გ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. მ-ძეს მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994 წლის 17 აპრილიდან 2003 წლის 25 ივლისამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. მ-ძესთან. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ისინი განქორწინდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ქ. მ-ძე და ნ. მ-ძე. განქორწინების დროს მას არ მოუთხოვია ალიმენტის დაკისრება, ვინაიდან თვლიდა, რომ მოპასუხე თავს არ აარიდებდა შვილების რჩენას. ა. მ-ძე მონაწილეობას არ იღებს შვილების რჩენა-აღზრდაში, რის გამოც იგი მოითხოვს ალიმენტის დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. გ-შვილის სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. მ-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – ქ. მ-ძესა და ნ. მ-ძეს სასარგებლოდ ალიმენტის – 100-100 ლარის გადახდა ყოველთვიურად, სულ 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2009 წლის 28 მაისიდან მათ სრულწლოვანებამდე.

მოსარჩელე ხ. გ-შვილმა და მოპასუხე ა. მ-ძემ ხელწერილით დაადასტურეს, რომ ისინი არ ასაჩივრებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და თანახმა არიან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, შემოიფარგლონ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით დასაბუთების გარეშე.

2009 წლის 20 ივლისს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. მ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ა. მ-ძეს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. მ-ძემ. მან მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე მას მოაწერინეს ხელი უწყებაზე და არასწორად განუმარტეს, რომ აღნიშნულ უწყებაზე ხელის მოწერით უნდა დაედასტურებინა მისი გამოცხადება სასამართლოში. როგორც შემდეგში გაირკვა, აღნიშნული უწყება ეხებოდა არა სასამართლოში გამოცხადებას, არამედ გასაჩივრებაზე უარის თქმას. მას სასამართლომ მოუსპო უფლება, გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ კი იმ მოტივით, რომ მას უარი ჰქონდა ნათქვამი გასაჩივრებაზე, მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, რაც არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. მ-ძეს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის პირობები. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ. გ-შვილმა და მოპასუხე ა. მ-ძემ წერილობით განაცხადეს უარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და დაეთანხმნენ სასამართლოს, შემოფარგლულიყო მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ა. მ-ძემ უარი თქვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, მას უფლება არა აქვს, გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ა. მ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.