Facebook Twitter

ას-98-88-2011 15 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ვ. ს-იანიA (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. ს-იანი, ას. ს-იანი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ს-იანმა და ას. ს-იანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. ს-იანის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. და ას. ს-იანების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-იანმა. მოცემულ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე არ იყო განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ვ. ს-იანს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

დადგენილ ვადაში კასატორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება.

2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ვ. ს-იანს გაუგრძელდა ხარვეზისთვის დადგენილი ვადა.

ვ. ს-იანმა დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცხადება. მან ნაწოლბრივ შეავსო ხარვეზი.

2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ვ. ს-იანს გაუგრძელდა ხარვეზისთვის დადგენილი ვადა. აღნიშნული განჩინების თაობაზე ვ. ს-იანს ეცნობა 2011 წლის 28 თებერვალს. ვ. ს-იანმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ვ. ს-იანს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის მიერ საკასაციო საჩივარზე ნაწილობრივ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინების თაობაზე ვ. ს-იანს ეცნობა 2011 წლის 28 თებერვალს. დადგენილ ვადაში ვ. ს-იანმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 1 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 2 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. ს-იანს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 750 ლარი, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ს-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ს-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ვ. ს-იანს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 750 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.