ას-988-929-2010 13 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ო-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო-ძის მიმართ მატერიალური ზიანის _ 5000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. მ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. მ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით ა. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. მ-ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საქმის გადაცემიდან 10 დღეში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა საკასაციო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ზემდგომი სასამართლო განჩინება წარმოადგენს მოცემულ საკითხზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და მის შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონდებლობით არ არის დაშვებული.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით ა. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო აქტს რომლის შემდგომი გასაჩივრება არ დაიშვება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 419-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. მ-ძეს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.