Facebook Twitter

ბს-1205-780(კ-05) NOE1 თებერვალი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ლ. ჭანტურია

კასატორი – ნოტარიუსი რ. გოგია

მოწინააღმდეგე მხარე _ რუსთავის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 16 აპრილს ქ. რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სანოტარო ბიურო ,,რ. გ-ას» მიმართ და მოითხოვა ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდევინების Yთაობაზე ბრძანების გაცემა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 აპრილის ბრძანებით სანოტარო ბიურო ,,რ. გ-ას» დაეკისრა 63 549 ლარის ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდევინება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 მაისის განჩინებით გაუქმდა 2002 წლის 24 აპრილის ბრძანება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ინსპექციის განცხადება მიღებულ იქნა საერთო სასარჩელო წესით განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სანოტარო ბიურო ,,რ. გ-ას» დაეკისრა 1097, 5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების სარჩელის უარის თქმის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სანოტარო ბიურო ,,რ. გ-სათვის» 63 549 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; სანოტარო ბიურო ,,რ. გ-ას» დაეკისრა საგადასახადო დავალიანების - 67 473, 52 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნოტარიუსმა რ. გ-ამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის Yთქმას.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2006 წლის 1 თებერვალს ნოტარიუსმა რ. გ-ამ წარმოადგინა შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კასატორის, ნოტარიუს რ. გ-ას განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება რ. გ-ას საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე და განმარტავს, რომ მითითებულ პუნქტს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა, განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს ნოტარიუს რ. გ-ას განცხადება და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, 399-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ" პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. გ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. რ. გ-ას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. კასატორ – რ. გ-ას განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

4. რ. გ-ას გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 1700 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.