¹ას-995-1273-09 14 იანვარი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ტ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჩ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ალიმენტის დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 დეკემბერს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ტ-ძემ, მოპასუხე დ. ჩ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ალიმენტის დავალიანების გადახდა. ნ. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე დ. ჩ-ძეს დაევალა დაუბრუნოს ხის საძინებელი კომპლექტი ნ. ტ-ძეს, რომელიც განთავსებული იყო ნ. ტ-ძისათვის თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1989 წლის 11 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყოფილ ოთახში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საივრით გაასაჩივრა დ. ჩ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
არასრულწლოვანი ნ.ტ-ძე ცოლად გაყვა დ.ჩ-ძეს, 1984 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი ვ. ჩ-ძე. 1989 წელს მათ შორის მოხდა განქორწინება.
თერჯოლის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ძე მცირეწლოვან შვილთან ვ. ჩ-ძესთან ერთად შესახლებულ იქნა მეუღლის დ. ჩ-ძის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ.თერჯოლა, ... ქ.¹19-ში, სარგებლობის უფლებით.
ამავე სასამართლოს 1989 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ძეს ნ. ტ-ძის სასარგებლოდ მათი მცირეწლოვანი შვილის – ვ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში არანაკლებ 20 მანეთისა.
სახალხო მოსამართლის 1989 წლის 03.08. ¹14 თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნისათვის გაგზავნილი წერილითაც დგინდება, რომ თერჯოლის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ძე თავის მცირეწლოვან შვილთან ვ. ჩ-ძესთან ერთად შესახლებული იქნა მისთვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილ დ. ჩ-ძის საცხოვრებელ სახლში. ოთახები დაიკეტა აღმასრულებლის მიერ.
1989 წლის 10 ოქტომბრის, 23 ოქტომბრის, 1990 წლის 29 იანვრის და 2 მარტის ბინაზე გადამოწმების ოქმებით დგინდება, რომ ნ. ტ-ძეს მისთვის გამოყოფილ ფართში არ უცხოვრია.
1990 წლის 24 მაისს სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოხდა დაკეტილი ოთახების გახსნა, რაზეც შედგა აქტი.
საბინაო წიგნის ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ ნ. ტ-ძე 1989 წლის 22.08-თვის თავისი განცხადების საფუძველზე ამოეწერა აღნიშნული ფართიდან და საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში.
თერჯოლის რაიონის პროკურატურის 1990 წლის 03.12 ¹42-ს-90 წერილით თერჯოლის შსს რაიონის განყოფილების უფროსის 1989-90 წლებში ბინაზე შემოწმებით აქტებით, ასევე 2008 წლის თერჯოლის რაიონის სასამართლოში და ზესტაფონის რაიონის პროკურატურაში წინასწარი გამოძიების დაწყების თაობაზე მოკვლეული მასალებით, გასაუბრების ოქმებით დადგენილია, რომ ნ.ტ-ძეს მისი კუთვნილი ნივთები დატოვებული ჰქონდა თერჯოლის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მიკუთვნებულ საცხოვრებელ ოთახებში, ე.ი. განქორწინებული მეუღლის დ. ჩ-ძის საცხოვრებელ სახლში.
თერჯოლის რაიონის პროკურატურის 1990 წლის 03.12 ¹42-ს-90 თერჯოლის რაიონის სასამართლოს ამავე წლის 11.12 ¹243 წერილებით და ნ.ტ-ძის თერჯოლის რაიონის სასამართლოს სახელზე 08.11.90 განცხადების მიხედვით დადგენილია, რომ დ. ჩ-ძე არ იხდის ალიმენტს.
თერჯოლის ... საჯარო სკოლის 2009 წლის 23 თებერვლის ¹28 წერილდით ირკვევა, რომ 1989-1993 წლების საბუღალტრო დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება, ამავე სკოლის ¹03-34-23.02.09 წერილით ასევე დადგენილია, რომ სკოლის საბუღალტრო აღრიცხვა წარმოებდა განათლების რაიონულ განყოფილებასა და შემდგომ ქალაქ თერჯოლის საკრებულობში 2005 წლის დეკემბრამდე და სწორედ აღნიშნულის გამო საბუღალტრო მასალები სკოლაში არ ინახება.
სააპელაციო პალატამ განმარტებით, მოსარჩელემ, რომელიც თავისი ნებით სხვა დასახლებულ პუნქტში გადავიდა საცხოვრებლად სადავო სახლში შესახლების უფლება დაკარგა საბინაო წიგნიდან ამოწერის შემდეგ, ექვსი თვის გასვლისთანავე.
მოსარჩელე ნ.ტ-ძემ თავისი დარღვეული უფლების შესახებ, კერძოდ სარგებლობის უფლებით მიეუთვნებული ოთახების გახსნისა და ამ უფლების გამოყენების შეუძლებლობის შესახებ შეიტყო 1990 წელს, ხოლო თავისი სადავოდ ქცეული უფლების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართა თითქმის 20 წლის შემდეგ. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა უდავოდ ხანდახზმულია, რაც ამ მოთხოვნაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სამართლებრივი პოზიცია, რომ აღნიშნულ ნივთებთან მიმართებაში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლისა.
აღნიშნულ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული 165-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების უფლების შეძენისთვის აუცილებელია სამი პირობა: 1.ნივთის ფლობა როგორც საკუთარისა, 2. ნივთის ფლობა კეთილსინდისიერად, 3.ნივთის ფლობა კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი მფლობელობა საკუთრების შეძენის უპირობო მოთხოვნაა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა.
პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ნ. ტ-ძის მოთხოვნა ხის საძინებელი კომპლექტის დაბრუნების ნაწილში და იზიარებს მოპასუხის სამართლებრივ პოზიციას, რომ აღნიშნულ ნივთებთან მიმართებაში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლისა.
რაც შეეხება ალიმენტის დავალიანების გადახდის მოთხოვნას, პალატამ ამ ნაწილში არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე დ. ჩ-ძემ ნ. ტ-ძის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 1989 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადაუხდელი ნაწილი 1991 წლის 1 იანვრიდან მისი შვილის ვ. ჩ-ძის არასრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე 2002 წლის 5 სექტემბრის პერიოდამდე შემდგომ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ დ. ჩ-ძის დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი გადახდილი აქვს 1992 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით რის შემდეგაც დაკისრებული ალიმენტის გადახდის ფაქტი არ დასტურდება.
პალატამ განმარტა, რომ სამწლიან ვადაზე მეტი პერიოდით ალიმენტის გადახდევინება სააღსრულებო ფურცლით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადახდევინგება არ ხდება ვალდებული პირის ძებნის გამო, რამაც შექმნა საალიმენტო დავალიანება. ამ შემთხვშევაში გადახდევინება ხდება მთელი დავალიანების პერიოდისთვის.
დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. ჩ-ძეზე ამ წლების (1993-2002) განმავლობაში არ ყოფილა ძებნა გამოცხადებული და ასეთ გარემოებას არ გამოუწვევია საალიმენტო დავალიანების წარმოშობა. შესაბამისად პალატამ ჩათვალა, რომ დ. ჩ-ძეს უნდა დაეკისროს სამწლიანი ვადის პერიოდის საალიმენტო დავალიანების გადახდა ანუ 20 ლარი X 36 თვეზე = 720 ლარს. შესაბამისად ამ ნაწილში უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გააუქმა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ჩ-ძეს თერჯოლის რაიონის სასამართლოს 2989 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა ალიმენტის 2880 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-ძემ
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ საქართველოოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ გადახდევინება ხდება მთელი დავალიანების პერიოდისათვის და არსად საუბარი არ არის მხოლოდ სამი წლის ხანდაზმულობაზე.
კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე რომ ნებაყოფლობით არ იხდიდა ალიმენტს სჩანს საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან. მან შეიცვალა სამუშაო ადგილი და არ შეატყობინა სააღსრულებო ბიუროს აღნიშნულის შესახებ. რის გამოც შეჩერდა აღსრულება. ამ მიზეზის გამო ბოლომდე არ მოხდა ალიმენტის გადახდა. მან ალიმენტი არ გადაიხადა დარჩენილი დროისათვის (1993-2002 წელი) ამდენად სასამართლოს არა მარტო სამი წლის ხანდაზმულობით უნდა დაეკისრებინა გადახდა არამედ მთლიანად მიუღებელი ანუ 1993 წლიდან 2002 წლამდე. სულ ამ გაანგარიშებით 2400 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს _ ნ. ტ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ბ. ტ-ძის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს _ ნ. ტ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ბონდო ტ-ძის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.