Facebook Twitter

ას-995-935-2010 5 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. პ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მიღებული თანხის ბეს ანგარიშში ჩათვლა, ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. პ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის _ 5500 აშშ დოლარის ბეს ანგარიშში ჩათვლა, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის _ 4149 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ძემ. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის ინვალიდი. შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით კასატორმა მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე _ საექსპერტო კომისიის დასკვნაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ.მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგანაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საექსპერტო დასკვნა არ ასახავდა კასატორის ამჟამინდელ მდგომარეობას. მოცემული მტკიცებულების თანახმად, მ.მ-ძე მორიგ გადამოწმებას ექვემდებარებოდა 2007 წლის ივნისში, საქმის მასალებში კი 2006 წლის 2 ივნისის შემდგომ ჩატარებული საექსპერტო კვლევა ან კომპეტენტური დაწესებულების მიერ გაცემული მტკიცებულება არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მ.მ-ძე არის თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, ამასთან საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მ.მ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებს მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მ.მ-ძის წარმომადგენელ ნ.თ-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 22 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს განსაზღვრული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, მ.მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი ინვალიდობის დამადასტურებელი მტკიცებულების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ ასახავდა საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მ.მ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობას (მოცემული მტკიცებულების თანახმად, მ.მ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსასაზღვრად მორიგ გადამოწმებას ექვემდებარებოდა 2007 წლის ივნისში, საქმის მასალებში კი 2006 წლის 2 ივნისის შემდგომ ჩატარებული საექსპერტო კვლევა ან კომპეტენტური დაწესებულების მიერ გაცემული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მ.მ-ძე ინვალიდია და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სუბიექტს წარმოდგენდა, არ მოიპოვება), ამასთან, საკასაციო საჩივარს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის ან მისი გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ ნ. თ-ძეს (რწმუნებულება იხილეთ ს.ფ.49-51) მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 22 ოქტომბერს (იხ. ს.ფ.192).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, რომ სასამართლო სხდომის დროისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შესახებ (ხარვეზის დადგენის შესახებ) აცნობოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 23 ოქტომბერს და საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა 26 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.