საქმე #330100117001982550
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №940აპ-19 ქ. თბილისი
ჯ–ი დ., 940აპ-19 5 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ა. ე. ჯ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებული დ. ჯ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ჯ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და დ. ჯ–ის გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით დ. ჯ–ი, - დაბადებული .... წელს, -ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 16 მაისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჯ–მა განიზრახა სს „......“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან 2016 წლის 20 სექტემბერს ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, „მერსედეს ბენც S550-ის“ მოდელის (სახ. ნომრით .....), ამ დრომდე დაუდგენელი მონაცემების ავტომანქანა, ფ. მ–ის მეშვეობით, წარადგინა სს „.....“ ავტოლომბარდის ...... ფილიალში სესხის აღების მიზნით, რის შემდგომაც მიმდინარე წლის 21 სექტემბერს აღნიშნული ავტომანქანის უზრუნველყოფით ფ. მ–ზე ბანკმა გასცა სესხი - 25000 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დ. ჯ–ი, ხოლო ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი ავტომანქანის კუთვნილი ვინკოდის მქონე „მერსედეს ბენც S550-ის“ ნამდვილი მონაცემები, წარმომავლობა და ადგილმდებარეობა ვერ დადგინდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „......“ მიადგა 25000 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს განმარტებას.
6. საკასაციო სასამართლო კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა დაგამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს დ. ჯ–ის მიერ თაღლითობის, ე. ი. დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება დ. ჯ–სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ესენია: მოწმეების - ფ. მ–ის, გ. ზ–ის, გ. ქ–ის, ზ. კ–ის, ზ. ყ–ის, ზ. ტ–ის, ნ. ჯ–ის, თ. თ–ის, ი. ბ–ის, პ. ც–ას, ა. გ–ის, ბ. გ–ის, ხ. ე–ის, დ. წ–ის ჩვენებები, მოწმე მ. გ–ას გამოკითხვის ოქმი, ელექტრონულ მონაცემთა ბაზის დათვალიერების შესახებ ოქმი, ავტონაწილების მაღაზიის ჩხრეკის ოქმი, 2017 წლის 6 მარტის ავტოსახელოსნოს ჩხრეკის ოქმი, მეორადი ავტონაწილების მაღაზიის ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმი, ტრასოლოგიური ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქმის მასალებიდან გამომდინარე, უტყუარადაა დადასტურებული, რომ სწორედ დ. ჯ–ის ორგანიზებით მოხდა სს „.....“ სესხის აღება და წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ აღნიშნული სესხის დასაფარ თანხას არ გადაიხდიდნენ. ხოლო სესხი ფორმალურად გაფორმდა ფ. მ–ზე. აღნიშნული, მოწმის ჩვენების გარდა, დასტურდება ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებითაც, როდესაც დ. ჯ–ი ესაუბრება გ. ზ–ს, იგი აცხადებს, რომ მას სურდა ავტომანქანა „მერსედესის“ დაგირავება „......“, „.........“ სესხის დაფარვის შემდგომ. „......“ კი ამ ავტომანქანას რა ბედი ეწეოდა, ეს გ. ზ–სათვის საინტერესო არ უნდა ყოფილიყო. ასევე, გ. ზ–თან საუბრისას, როდესაც იგი ეხება კრედიტის გამოტანას, მანქანების დაშლასა და საზღვრის კვეთას, იგი აცხადებს, რომ პირადად "ჩალიჩობდა ეგეთ რაღაცეებს“. გამოძიების მიერ ამოღებული ავტომობილის ძარა არის სწორედ ის, რომელზეც საუბარია საქმეში, რაც მოწმე დ. წ–ის ჩვენების გარდა, დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ სს „......“ სესხის გამოტანისას სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა ავტომანქანა, რომელსაც ჰქონდა სწორედ დ. წ–ის მიერ დაშლილი ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ვინკოდი. ასევე დადგენილია, რომ დ. ჯ–ი თავისი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ავტომანქანის თავდაპირველ მესაკუთრეს, დ. დ–ს და მოხდა ჩამოწერილი ავტომანქანის აღდგენა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში გამოკვლეული დ. ვ–ის ჩვენების თანახმად, სწორედ დ. ჯ–ის თხოვნით მან მომსახურების სააგენტოდან წამოიყვანა ექსპერტი ...... ქუჩა N...-ში მდებარე ავტოსახელოსნოში, სადაც ექსპერტს აჩვენა დ. ჯ–ის ავტომანქანა „მერსედეს ბენც S550“. ექსპერტმა დაათვალიერა მანქანა და გადაუღო სურათები. დათვალიერების დამთავრების შემდეგ ექსპერტმა მისცა მას მანქანის დათვალიერების აქტი, რომელიც მან გადასცა დ. ჯ–ს. ის ფაქტი, რომ დ. ჯ–სათვის კარგად იყო ცნობილი, როგორც ვინკოდების შეცვლის, ასევე, ბანკიდან ფულადი თანხის გამოტანისა და ავტომანქანის დალომბარდების სქემის თაობაზე, დასტურდება საქმეზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებით.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას მოწმეების - ფ. მ–სა და გ. ზ–ის მიერ წინააღმდეგობრივი ჩვენებების მიცემის შესახებ, ვინაიდან რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა მათ ჩვენებებში, რაც სასამართლოს მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, არ იკვეთება. ისინი დეტალურად აღწერენ მომხდარს, ავსებენ ერთმანეთს და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დ. ჯ–ს განზრახული ჰქონდა სს „....“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხვისას ფ. მ–მ განმარტა, რომ სწორედ დ. ჯ–ის მითითებით გადაიფორმა ავტომანქანა, მიაწოდა ბანკის თანამშრომელს ყალბი მონაცემები, აიღო სესხი ბანკიდან, თანხა გადასცა დ. ჯ–ს, რისთვისაც მას ამ უკანასკნელმა გადაუხადა გარკვეული თანხა. მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ დ. ჯ–ი არ აპირებდა ბანკისთვის სესხის დაბრუნებას, ხოლო მოწმის სახით დაკითხვისას გ. ზ–მა დაადასტურა, რომ დ. ჯ–ს იცნობს უკვე რამდენიმე წელია, წარსულში საერთო ბიზნესიც ჰქონდათ. მას დაუკავშირდა დ. ჯ–ი და განუმარტა, რომ მას და მის მეგობარს ჰქონდათ პრობლემური ყადაღები, იყვნენ შავ სიაში და მათზე სესხი არ გაიცემოდა, რის გამოც მიაწვდიდა ფ. მ–ის მონაცემებს და სთხოვა, გადაემოწმებინა მისი ისტორია, ხოლო პასუხისმგებლობას აღნიშნულ პირზე იღებდა თვითონ.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ..ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31; ECtHR,11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no35839/11, §65, 66; ECtHR, 27/02/2020).
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ჯ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჯ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე