ას-99-94-10 24 ივნისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი, (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრი’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –შპს ,,ახალგაზრდობა’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
დავის საგანი –გამოსახლება, ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 10 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების’’ ცენტრის დირექტორმა მ. თ-ძემ მოპასუხე შპს ,,ახლგაზრდობის’’ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება დაკავებული ფართიდან და ზიანის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შპს ,,ახალგაზრდობა’’ გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹82-ში და ... ქ.¹84-ში მდებარე ფართიდან, ასევე შპს ,,ახალგაზრდობას’’ სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის’’ სასარგებლოდ 2008 წლის 21 ივლისიდან დაეკისრა საიჯარო ქირის სახით ყოველთვიურად 456 ლარის გადახდა.
შპს ,,ახალგაზრდობას’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ახალგაზრდობამ’’.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ახალგაზრდობის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ახალგაზრდობა’’ გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹82-ში და ... ქ.¹84-ში მდებარე ფართიდან.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის 2006 წლის 20 თებერვალს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება.
იჯარის ხელშეკრულებით შპს ,,ახალგაზრდობას’’ იჯარით გადაეცა ,,ქ ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის’’ კუთვნილი ქონება, კერძოდ, სასწავლებლის პირველ კორპუსში (... ქუჩა ¹84-ში) მდებარე 121,16 კვ. ფართი, მეორე კორპუსში (... ქუჩა ¹82-ში) არსებული 660,9 კვ.მ, სულ 782 კვ.მ სასარგებლო ფართი.
საიჯარო თანხა 1 კვ.მ ფართზე განისაზღვრა 5 ლარის ოდენობით წლიურად.
2007 წლის 32 აპრილს ბათუმის პოლიტექნიკურმა პროფესიულმა ლიცეუმმა, რომლის უფლებამონაცვლეც არის სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრი’’ წერილით მიმართა შპს ,,ახალგაზრდობას’’ და მოითხოვა ქირის გაზრდა 1 კვ.მ-ზე არანაკლებ 20 ლარამდე.
2008 წლის 21 ივლისს აპელანტს მიმართა სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრმა’’ და კვლავ მოითხოვა საიჯარო ქირის გაზრდა და განმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულებას მოშლიდა.
პალატა სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ აპელანტის მიერ იჯარით აღებული ქონების საშუალო საბაზრო საიჯარო ფასი შეადგენს 1 კვ.მ-ზე 7 ლარს.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ აპელანტმა ქირა გადაიხადა 2008 წლის აპრილამდე. 2008 წლის აპრილიდან 2008 წლის 21 ივლისამდე აპელანტს ქირა არ გადაუხდია, ხოლო 2008 წლის 21 ივლისს სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრმა’’ ხელშეკრულება მოშალა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტის მიერ საიჯარო ქირის გადახდიდან ხელშეკრულების მოშლამდე ექვსი თვე არ გასულა, შესაბამისად სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრი’’ არ იყო უფლებამოსილი, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება ქირის გადაუხდელობის მოტივით.
დადგენილია, რომ 2008 წლის პირველი კვარტლის ქირა აპელანტმა გადაიხადა. მომდევნო კვარტლის ქირა მას უნდა გადაეხადა იმავე წლის ივნისში. ეს ნიშნავს, რომ 2008 წლის ივნისის ჩათვლით, აპელანტი უფლებამოსილი იყო, არ გადაეხადა მეორე კვარტლის ქირა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო იგი მოეთხოვა.
შესაბამისად, აპელანტმა ქირა არ გადაიხადა გადახდის ვადის დადგომიდან, 2008 წლის 30 ივნისიდან 21 დღის განმავლობაში, რაც, ცხადია, ნაკლებია სამ თვეზე.
აქედან გამომდინარე, ქირის გადაუხდელობის მოტივით ხელშეკრულების ვადამდე მოშლა უკანონო იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაშიც კი.
მართლია, მხარეთა შორის, იჯარის საგანს წარმოადგენდა ე.წ. კომერციული, ანუ არასაცხოვრებელი ფართი, მაგრამ ზემოხსენებული ნორმების ერთობლივი ანალიზით, პალატამ დაადგინა, რომ ქირის გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება მესაკუთრეს აქვს ამ შემთხვევაშიც.
პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების მოშლა არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, არის გარიუგება და მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობისთვის დადგენილი მოთხოვნები.
პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრი’’ არ იყო უფლებამოსილი ვადამდე მოეშალა იჯარის ხელშეკრულება და, ამიტომ, მის მიერ გამოვლენილი ნება, ანუ გარიგება ბათილია, ბათილი გარიგება კი არ წარმოშობს გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულება არ მოშლილა და ძალაშია, შესაბამისად, აპელანტი სადავო ფართს ფლობს ხელშეკრულების საფუძველზე ანუ მართლზომიერად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ახალგაზრდობა’’ გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹82-ში და ... ქ.¹84-ში მდებარე ფართიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრმა’’.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ,,იჯარით აღებული ქონების საშუალო საბაზრო ფასი შეადგენს 1კვ.მ-ზე 7 ლარს,, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რა ნაწილშიც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ასევე კასატორი განმარტავს, რომ, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,ახალგაზრდობას’’ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და ფართის გამოთავისუფლება, სასამართლომ აღნიშნული თანხის დადგენისას გონივრულად მიიჩნია ყოველ თვიურად 456,27 ლარის დაკისრება.
კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილი ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სამართლებრივად არ არის კავშირში დავის საგანთან, კონკრეტულად კი სასამართლო ვალდებული იყო სამართლებრივად შეეფასებინა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველქმნადი ფაქტები და ემსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის’’ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
,,ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.