Facebook Twitter

ას-1003-941-2010 25 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს “... ქარხანა” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ლ. კ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “... ქარხნის” წარმომადგენლებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “ლ. კ.-ს” მიმართ მოპასუხისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილის _ 162875 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

2006 წლის 16 მაისის აუქციონზე შპს “ლ. კ.-მ” შეიძინა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა 1111000 ლარი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით _ 1273875.27 ლარი. აღნიშნული ნასყიდობის საფუძველზე გამოწერილი ¹068474 ანგარიშ-ფაქტურა მოპასუხემ წარადგინა ქ.გორის საგადასახადო ინსპექციაში და მიიღო დღგ-ს ჩათვლა 162875 ლარზე. შემძენმა 1273875 ლარის ნაცვლად, გადაიხადა მხოლოდ 1111000 ლარი, რის გამოც მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მოითხოვა ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

2006 წლის 16 მაისს გამართულ აუქციონზე, როგორც სააუქციონო ვაჭრობის შედეგების ოქმით, ისე მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქონების საფასური განისაზღვრა 1111000 ლარით, რაც მოპასუხის მიერ სრულადაა გადახდილი.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სს “... ქარხნის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სს “... ქარხნის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა სს “... ქარხნის” ლიკვიდატორ გ. ს-ძეს 2010 წლის 24 აგვისტოს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტა, რომ ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 25 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 7 სექტემბერს, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2010 წლის 8 აგვისტოს, რაც სს “... ქარხნის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტის წარმომადგენელმა გ. ს-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 14-დღიანი ვადის დარღვევით 2010 წლის 8 სექტემბერს, რადგანაც სს “... ქარხანამ” სააპელაციო საჩივარი წარადგინა ამავე წლის 6 სექტემბერს “თNთ” ფოსტის მეშვეობით, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე მას არ დაურღვევია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით გ.ს-ძემ კერძო საჩივარს დაურთო “თNთ-ს” გზავნილის ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “... ქარხნის” წარმომადგენელ გ.ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სს “... ქარხანას” და 2010 წლის 24 აგვისტოს პირადად ჩაბარდა მის ლიკვიდატორ გ. ს-ძეს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2010 წლის 25 აგვისტოს და ამოიწურა 2010 წლის 7 სექტემბერს.

საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე დასმული რაიონული სასამართლოს კანცელარიის სარეგისტრაციო შტამპით დასტურდება, რომ სს “... ქარხნის” სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გადაეცა 2010 წლის 8 სექტემბერს, სააპელაციო საჩივრის ფურცლების საერთო რაოდენობად მითითებულია “11 ფრ, 02 ეგზ” (ფურცლების აღნიშნული რაოდენობა სრულად ემთხვევა საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივრის ფურცლების რაოდენობას). ამდენად, მითითებული გარემოებით არ დასტურდება, რომ მოცემული სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გადაეცა საფოსტო გზავნილის სახით (სარეგისტრაციო შტამპზე არ არის მითითებული საფოსტო კონვერტის შესახებ და აღნიშნული არც საქმის მასალებშია მოთავსებული) არამედ ირკვევა, რომ მხარემ იგი სასამართლოს ჩააბარა სწორედ 2010 წლის 8 სექტემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წარადგინა ფოსტის მეშვეობით კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. გ.ს-ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულება ჯერ ერთი, არ არის წარმოდგენილი კანონით დადგენილი წესით _ წარმოდგენილია ქვითრის ასლი და არა დედანი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, ესა თუ ის წერილობითი მტკიცებულება სასამართლოს წარედგინება, როგორც წესი, დედნის სახით), მეორეც, აღნიშნული მტკიცებულებით უალტერნატივოდ არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ.ს-ძემ სწორედ მოცემულ საქმეზე გააგზავნა სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში და არა სხვა რაიმე კორესპოდენცია. წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა მხოლოდ ის, რომ 2010 წლის 6 სექტემბერს გ.ს-ძემ “თNთ-ს” საფოსტო განყოფილებას მიმართა გორის რაიონულ სასამართლოში კორესპოდენციის გასაგზავნად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ შეძლო კერძო საჩივარში მითითებული გარემოების დადასტურება, კერძოდ მან სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში გააგზავნა ფოსტი მეშვეობით, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე მუხლებით, 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “... ქარხნის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.