ას-100-95-10 6 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ფ-ი”
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ. “გ. ფ-ძე”
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ფ-ის“ წარმომადგენლის _ ს. მ. რ. მ. ჰ-არის რწმუნებულმა ქ. ბ-ძემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „გ. ფ-ძის“ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „გ. ფ-ძის“ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას. განმცხადებელს სარჩელის სასამართლოში წარსადგენად განესაზღვრა 10 დღე.
2009 წლის 7 სექტემბერს ი.მ. „გ. ფ-ძემ“ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ფ-ის“ დავალდებულება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 7 დღის ვადაში განათავსოს 20 000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ განახორციელებდა საპროცესო გარანტიის უზრუნველყოფას, განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ი/მ „გ. ფ-ძის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე ი/მ „გ. ფ-ძემ“ შეიტანა საჩივარი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ი/მ „გ. ფ-ძის“ საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ი.მ. გ. ფ-ძის საჩივარი 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი, ხოლო ი.მ. გ. ფ-ძის საჩივარი 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საჩივრის დასაშვებობაზე, სააპელაციო სასამართლოს კი არა აქვს მინიჭებული პროცესუალური კომპეტენცია იმსჯელოს საჩივრის დასაშვებობაზე. ამდენად, საქმე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. გარდა ამისა, ი.მ. “გ. ფ-ძემ” მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გარანტია და ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გარანტიის შესახებ განჩინება არ საჩივრდება, დაუშვებელია სააპელაციო პალატამ იმსჯელოს და განიხილოს მითითებული საკითხი. აქედან გამომდინარე, ი.მ. “გ. ფ-ძის” საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ი.მ. „გ. ფ-ძის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ი/მ „გ. ფ-ძის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა შპს „ფ-ის“, ი/მ „გ. ფ-ძისათვის“ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 20 000 აშშ დოლარის შეტანა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
განემარტა შპს „ფ-ის“, რომ განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობისა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებოდა.
აღნიშნული განჩინება შპს “ფ-ის” წარმომადგენელ ქ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 16 დეკემბერს.
განჩინებით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ი/მ „გ. ფ-ძის“ საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინება, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ი/მ „გ. ფ-ძისათვის“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის, გასხვისების აკრძალვის თაობაზე, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2009 წლის 29 დეკემბერს 18.02 საათზე, ზემოაღნიშნული განჩინების გამოტანის შემდგომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ქ. ბ-ძის განცხადება, საგარანტიო თანხის წარმოდგენის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით შპს “ფ-ის” წარმომადგენლის _ მ. ჰ. ა. რწმუნებულ ს. მ. რ. მ. ჰ-არის წარმომადგენელ ქ. ბ-ძის შუამდგომლობა დარჩა განუხილველად. შპს “ფ-ის” წარმომადგენელს ს. მ. რ. მ. ჰ-არს დაუბრუნდა 2009 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი საგარნტიო თანხა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 33716 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ი/მ „გ. ფ-ძის“ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ი/მ „გ. ფ-ძისათვის“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის გასხვისების აკრძალვის თაობაზე, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2009 წლის 29 დეკემბერს 18.02 საათზე, ზემოაღნიშნული განჩინების გამოტანის შემდგომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ქ. ბ-ძის განცხადება, საგარანტიო თანხის წარმოდგენის თაობაზე, რომელიც ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ იქნა 2009 წლის 26 დეკემბერს.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ.ბ-ძემ დაგვიანებით წარადგინა სასამართლოში მტკიცებულება თანხის დეპოზიტზე დადების შესახებ. პალატა თვლის, რომ ქ.ბ-ძისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შინაარსი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ფ-ის” წარმომადგენელმა ქ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით შპს „ფ-ის“ წარმომადგენლის, ქ. ბ-ძის განცხადება, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. მითითებული განჩინება არის უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის 18 ნოემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით ი.მ. „გ. ფ-ძის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა შპს „ფ-ის“ ი\მ „გ. ფ-ძისათვის” სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 20 000 აშშ დოლარის შეტანა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებული განჩინება ჩაჰბარდათ 2009 წლის 16 დეკემბერს. განჩინებაში აღნიშნული 10 _ დღიანი ვადა იწურებოდა 2009 წლის 26 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან 26 დეკემბერი იყო შაბათი, ანუ არასამუშაო დღე 10 _ დღიანი ვადის ბოლო დღედ ითვლებოდა 2009 წლის 28 დეკემბერი. მიუხედავად ამისა, მათ თანხა გადაიხადეს 2009 წლის 26 დეკემბერს და ამავე დღეს განცხადება, რომელსაც თან ერთოდა გადახდის ქვითარი ჩაჰბარდა ფოსტას. შესაბამისად, ვალდებულება შეასრულეს განჩინებით დადგენილ 10 _ დღიან ვადაში. სსკ-ის 60-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმება და შპს „ფ-ის“ წარმომადგენლის _ მ. ჰ. ა. რწმუნებულის _ ქ. ბ-ძის განცხადების დაკმაყოფილება საგარანტიო თანხის წარმოდგენის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ფ-ის” წარმომადგენელ ქ. ბ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ი/მ „გ. ფ-ძის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა შპს „ფ-ის“ ი/მ „გ. ფ-ძისათვის“ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 20 000 აშშ დოლარის შეტანა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
შპს „ფ-ის“ განემარტა, რომ განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობისა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებოდა. ზემოაღნიშნული განჩინება ქ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 16 დეკემბერს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ი/მ „გ. ფ-ძის“ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ი/მ „გ. ფ-ძისათვის“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის, მდებარე ზესტაფონი, ქვედა საქარა, ფართობით 4029 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ¹..., გასხვისების აკრძალვის თაობაზე, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რაც არ საჩივრდება სსსკ-ის 419-ე მუხლის თანახმად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. ბ-ძის მიერ სასამართლოში წარდგენილი განცხადება საგარანტიო თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის წარდგენის შესახებ და შესაბამისად ამ განცხადებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული 2010 წლის 5 იანვრის განჩინება უშუალო კავშირშია 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებასთან, რომლის კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ფ-ის” წარმომადგენელ ქ. ბ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით შპს “ფ-ის” წარმომადგენელ ქ. ბ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ვინაიდან სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ფ-ის” წარმომადგენელ ქ. ბ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.