¹ ბს-1206-1030-კ-04 23 თებერვალი, 2005წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების გაუქმება; საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 25 აგვისტოს ნ., ი. და რ. ლ-ეებმა ქედის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და შ. ლ-ის მიმართ სარჩელი აღძრეს.
მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნეს, რომ ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ იმავე სოფელში მცხოვრებ შ. ლ-ეს 0,06 ჰექტარი საკარმოდამო მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიაკუთვნა, მაშინ, როცა მოსარჩელეებს მიწის ნაკვეთები ნორმის ფარგლებში შევსებული არ ჰქონდათ. მოსარჩელეები მოითხოვდნენ, რომ მათი საკარმოდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსება შ. ლ-ეზე გამოყოფილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ხარჯზე მომხდარიყო, მაგრამ ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველო შ. ლ-ეს უჭერდა მხარს და მათ მიერ შეტანილ საჩივრებს არ იხილავდა.
მოსარჩელეების მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი სახნავად არ გამოდგებოდა, ფაქტობრივად საძოვარი იყო და შ. ლ-ისათვის მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთად მიზომვა არასწორი იყო. აღნიშნულით შ. ლ-ემ მიისაკუთრა და გაჩეხა საკოლმეურნეო სატყეო მეურნეობის წაბლის ნარგავებით დაკავებული ტყის ზოლი, რაზედაც მის მიმართ უკანონო ხე-ტყის ჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2004წ. 29 იანვარს მოსარჩელეებმა იმავე სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინეს და მოითხოვეს: ზვარეს თემის საკრებულოს სოფ. ... მეკომურთა კრების 1998წ. 7 მარტის დადგენილების გაუქმება, რომლითაც შ. ლ-ეს დამატებით მიეზომა სადავო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელეებმა აგრეთვე მოითხოვეს ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1998წ. 12 აპრილის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება შ. ლ-ისთვის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიზომვის ნაწილში. მოსარჩელეებმა დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების შესახებ მათ 2003წ. დეკემბერში შეიტყვეს, მაშინ, როცა რაიონულ სასამართლოში მათი სარჩელის განხილვა დაიწყო.
ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ., ი. და რ. ლ-ეების სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ., ი. და რ. ლ-ეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აპელანტთა მითითებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო. ამასთან, სასამართლომ არ შეისწავლა მათ მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნები.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ., ი. და რ. ლ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდა ზვარეს თემის საკრებულოს სოფ. ... მეკომურთა კრების 1998წ. 7 მარტის ოქმი ¹2-ით მიღებული დადგენილება და ქედის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული 1999წ. 12 აპრილის ¹14 მიღება-ჩაბარების აქტი შ. ლ-ისთვის 600 კვ.მ საკარმოდამო ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში და მიწის მიღების აქტი სადავო მიწის ნაკვეთის მიზომვის ნაწილში. მხარეებს განემარტათ, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის ან შევსების საკითხზე უნდა მიემართათ კანონით უფლებამოსილი ორგანოსათვის _ ზვარეს თემის საკრებულოსათვის. დაევალა ზვარეს თემის საკრებულოს, მისთვის მიმართვის შემთხვევაში განეხილა და კანონით დადგენილი წესით გადაეწყვიტა მხარეებზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტი, რომლის მიხედვით, სოფლად საკარმიდამო მიწების გაცემას ახდენს სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო შემდეგ ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო. სოფლის მმართველობის ადგილობრივ ორგანოსთან, ანუ მოცემულ შემთხვევაში სოფლის თემის საკრებულოსთან იქმნება სპეციალური მიწის სარეფორმო კომისია, რომელიც შეისწავლის მიწების გამოყოფის თაობაზე მოსახლეობიდან შესულ განცხადებებს და მოამზადებს სათანადო დასკვნებსა და წინადადებებს სოფლის ყრილობაზე (საერთო კრებაზე) საკითხის განსახილველად. ამის შემდეგ სოფლის ყრილობა (საერთო კრება) აღძრავს შუამდგომლობას რაიონის მმართველობით ორგანოში (რაიონის გამგეობაში) დასამტკიცებლად, რომლის შემდეგაც შეიძლება მოქალაქეს ადგილზე მიეზომოს გამოყოფილი მიწა და გაუფორმდეს მიღება-ჩაბარების სათანადო აქტი. აღნიშნულის შემდეგ მოქალაქეზე უნდა გაიცეს მიწის სარგებლობის სახელმწიფო აქტი, რასაც ასრულებენ სამიწათმოწყობო ორგანოები. სახელმწიფო აქტის გრაფიკულ ნაწილზე (ნახაზზე) სათანადო ბეჭდით კეთდება აღნიშვნა _ “დამტკიცებულია სახელმწიფოს მიერ” და, აგრეთვე, ხელის მოწერა, რაც დასტურდება სანოტარო წესით, რომელიც გატარდება მიწის აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში, რომელიც შესრულებულია ორ ცალად. ერთი (დედანი) ინახება სოფლის მმართველობის ორგანოში (საკრებულოში), ხოლო მეორე წიგნი ინახება რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში შ. ლ-ეს ზვარეს თემის საკრებულოს სოფ. ... მეკომურთა კრების 1998წ. 7 მარტის (ოქმი ¹2) დადგენილებით 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოეყო საკუთრებაში. მეკომურთა კრება, ანუ სოფ. ... მშრომელთა კრება ზვარეს თემის საკრებულოში შემავალ ერთ-ერთ სოფ.ს წარმოადგენდა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შ. ლ-ისათვის გამოეყო, რადგან ამ შემთხვევაში კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნები მთლიანად დაირღვა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფ. ... მეკომურთა კრების 1998წ. 7 მარტის დადგენილებით შ. ლ-ეს 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არასწორად მიეზომა.
საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახნავად არ გამოდგებოდა, რადგან ქვა-ლოდიანი იყო. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მხოლოდ საძოვრად გამოდგებოდა. ამასთან, იგი წაბლის ხე-ტყით დაკავებულ ზოლს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ლ-ისთვის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიზომვა არასწორად მოხდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის სადავო აქტების არსებობა 2003წ. დეკემბერში, კერძოდ, ქედის რაიონულ სასამართლოში მათი სარჩელის განხილვის დროს გახდა ცნობილი და ამდენად, არ იყო ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ლ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეები-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასა-ბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყე-ნებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში შ. ლ-ეს ზვარეს თემის საკრებულოს სოფ. ... მეკომურთა კრების 1998წ. 7 მარტის (ოქმი ¹2) დადგენილებით 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოეყო საკუთრებაში.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია ისიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახნავად არ გამოდგებოდა, რადგან ქვა-ლოდიანი იყო. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მხოლოდ საძოვრად გამოდგებოდა. ამასთან, იგი წაბლის ხე-ტყით დაკავებულ ზოლს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მართებულად მოიხმო “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტი, რომლის მიხედვით, სოფლად საკარმიდამო მიწებს გასცემს სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო შემდეგ ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოცემულ შემთხვევაში მეკომურთა კრება, ანუ სოფ. ვაიოს მშრომელთა კრება ზვარეს თემის საკრებულოში შემავალ ერთ-ერთ სოფ.ს წარმოადგენდა, რის გამოც ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალის-წინებით, იგი არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შ. ლ-ისათვის გამოეყო.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფ. ... მეკომურთა კრების 1998წ. 7 მარტის დადგენილებით შ. ლ-ეს 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არასწორად მიეზომა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.