¹ას-1012-1284-09 21 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ერთიანი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (მოპასუხე)
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ბ-ძემ 2007 წლის 19 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2007 წლის 13 აპრილის ¹კ-1\27 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების – 5720 ლარის, სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის ხელფასის – 12400 ლარისა და უკანონო განთავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება უკანონო იყო, რადგან გამოცემული იყო საქართველოს შრომის კოდექსის ნორმების საფუძველზე, მაშინ, როცა იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და უნდა გაენთავისუფლებინათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი არ იყო უფლებამოსილი, გაეთავისუფლებინა ნ. ბ-ძე არარსებული დაწესებულებიდან სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიიდან. 2006 წლის 1 ივნისიდან 13 ოქტომბრამდე (სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიად რეორგანიზაციამდე) სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსის სიტყვიერი მითითებით აგრძელებდა მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას, რაც, საქართველოს შრომის კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების დადებას წარმოადგენს, რადგან იგი დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება ჰქონდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ძის სარჩელიდან მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ცალკე წარმოებად გამოიყო. სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე და სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას; შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის ¹3|1714 წარმოება, მოსარჩელე ნ. ბ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამსახურში აღდგენის თაობაზე სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვა-გადაწყვეტასა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით ნ. ბ-ძის სარჩელი მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ტრანსპორტის ერთიანი ადმინისტრაციის მიმართ, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ ნ. ბ-ძე იმყოფება მძიმე ეკონიმიურ მდგომარობაში, მას არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, იგი გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ ნ. ბ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განჩინებით ნ. ბ-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად. ნ. ბ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 1 თვით ან სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ძის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მას განესაზღვრა დამატებით 14 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. ნ. ბ-ძეს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 14 აპრილს. მას სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა 2009 წლის 28 აპრილის ჩათვლით, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ძის სააპელაციო დარჩა განხულველად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო ვალდებული იყო, ნ. ბ-ძე ქონებრივი მდგომარეობის გამო, გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში, ნ. ბ-ძეს სასამართლოში არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. სასამართლო თავისი შეხედულებით, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებისა და დასაბუთების შედეგად განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად ნ. ბ-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.