Facebook Twitter

ას-1015-952-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ქ. ფ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. კ-იანი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 12 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ქ. ფ-შვილმა და მოითხოვა დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა შემდეგი საფუძვლებით: თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი (ქ. ფ-შვილის) სარჩელი მოპასუხე ნ. კ-იანის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით; მისთვის დღემდე უცნობია საქმის სააპელაციო წესით განხილვის შედეგი და შედეგთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საპროცესო დოკუმენტები; ვინაიდან მას საქმის განხილვის ინტერესი არ დაუკარგავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3511-3516 მუხლების თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით ქ. ფ-შვილის განცხადება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: პალატამ მიიჩნია, რომ დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის მიზანი შეიძლება იყოს დაუმთავრებელი საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესი, მაგრამ ამასთან გასათვალისწინებელია, რომ დაინტერესებულმა პირმა არ უნდა დაკარგოს საქმის წარმოების გაგრძელების პროცესუალური შესაძლებლობა; დადგენილად ცნო, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ფ-შვილის სარჩელი მოპასუხე ნ. კ-იანის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელსეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფ-შვილმა; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სამქთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 მარტის განჩინებით ქ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და ამავე წლის 16 მაისს საქმე დაუბრუნდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს; ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობია სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგი, ვინაიდან მიიჩნია, რომ 2009 წლამდე ქ. ფ-შვილი არც ერთხელ არ დაინტერესებულა მის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგით; სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ასეთ ვითარებაში სწორედ განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მცდელობის მიუხედავად, მან 9 წლის მანძილზე ვერ შესძლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღება და კანონით დადგენილი წესით მისი გასაჩივრება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქ. ფ-შვილს გაშვებული აქვს მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები, შესაბამისად, მას აღარ გააჩნია დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის კანონიერი ინტერესი. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3511-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 3513-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. ფ-შვილმა და მიუთითა, რომ საქმე დაიკარგა თავად დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს კანცელარიის მუშაკთა დაუდევრობით, რამაც დაარღვია მისი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ქ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით ქ. ფ-შვილს მართებულად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3511-ე მუხლის თანახმად, დაკარგული საქმის წარმოება შეიძლება აღდგენილ იქნეს მხარეთა განცხადებით, ხოლო, ამავე კოდექსის 3513-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება დაკაგრული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას, რა მიზნით ესაჭიროება განმცხადებელს დაკარგული მასალების აღდგენა.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სწორედ განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას არ დაუკარგავს საქმის განხილვის ინტერესი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სწორად მიუთითა, რომ დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის მიზანი შეიძლება იყოს დაუმთავრებელი საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესი, მაგრამ ამასთან გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ დაინტერესებულმა პირმა არ უნდა დაკარგოს საქმის წარმოების გაგრძელების პროცესუალური შესაძლებლობა.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ფ-შვილის სარჩელი მოპასუხე ნ. კ-იანის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფ-შვილმა; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 მარტის განჩინებით ქ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორი ვერც განცხადებაში და ვერც კერძო საჩივარში ვერ ასაბუთებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან გასული წლების განმავლობაში რატომ არ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და რატომ არ გაასაჩივრა იგი. მოცემულ შემთხვევაში ასევე არ დასტურდება ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დავის საგანთან დაკავშირებით ქ. ფ-შვილის კანონიერი უფლებები.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს ქ. ფ-შვილის განცხადების დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.