ას-1020-956-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. ქ-ავა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჭ-ია, ნ. ქ-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ კომლის წევრობის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ქ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჭ-იასა და ნ. ქ-იას მიმართ მოპასუხეთა კომლის წევრობის გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მამა _ ო. ქ-ავა წარმოადგენდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყაროში მდებარე კომლის უფროსს. 1993 წლის 10 ნოემბერს იგი გარდაიცვალა. მოპასუხეებმა ისარგებლეს იმით, რომ ჯ.ქ-ავა დროებით სხვა ადგილას ცხოვრობდა და უკანონოდ აღირიცხენ სადავო კომლის წევრებად.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ კომლში მათი რესგიტრაცია მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ჯ. ქ-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ.ქ-ავას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 21 სექტემბერს, 12 საათზე, რის შესახებაც როგორც აპელანტსა და მის წარმომადგენელ მ.ჭ-იას, ისე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ თ.ჯ-იას ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სატელეფონო უწყების საშუალებით. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ჯ. ქ-ავამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: აპელანტი ვერ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, რადგან არ ჰქონდა ავადმყოფი დედის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, მხარე იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, წარმომადგენლის მომსახურებით სარგებლობდა მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში დამოუკიდებლად თავის უფლებებს ვერ დაიცავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ მხარეებმა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგეს ან პროცესზე გამოცხადებასთან დაკავშირებული საპროცესო მოვალეობის არასაპატიოდ შეუსრულებლობით უპატივცემულობა გამოხატეს სასამართლოს მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეებს 2010 წლის 21 სექტემბერს ჯ.ქ-ავას სააპელაციო საჩივრის განხილვის დანიშნვის თაობაზე სასამართლო სატელეფონო უწყებები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარდათ, რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ.
აღნიშნულის მიუხედავად, მხარეები საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ.ქ-ავას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა დედის ავადმყოფობის გამო, ასევე მას დამოუკიდებლად, წარმომადგენლის გარეშე საკუთარი უფლებების დაცვა არ შეეძლო, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ დადასტურებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.