Facebook Twitter

ას-1022-958-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენელი ლ. ე-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ს-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი – გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნივთის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ს-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ე-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს გ. ბ-შვილისა და კ. ს-შვილის მიმართ სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის განაწილების თაობაზე 2007 წლის 4 აგვისტოს გარიგების ბათილად ცნობისა და სამკვიდრო ქონების განაწილების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 1980 წლიდან ნ. ს-შვილი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. ე-შვილთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი – ნ. ს-შვილი დაბადებული 1981 წელს, ნი. ს-შვილი დაბადებული 1983 წელს და ი. ს-შვილი დაბადებული 1993 წელს. 2006 წელს, როდესაც ლ. ე-შვილი არ იმყოფებოდა საქართველოში, შვილებმა შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა ნ. ს-შვილი და იმ მიზნით, რომ არასრულწლოვან ი. ს-შვილს მიეღო მამის, ნ. ს-შვილის, დანაშთი ქონება, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ქ.ათენიდან სრულწლოვან შვილზე – ნი. ს-შვილის სახელზე გასცა მინდობილობა, ყოფილიყო ი. ს-შვილის წარმომადგენელი მისი კუთვნილი წილის მემკვიდრეობით მიღებისას. მინდობილობა გაცემული იყო მემკვიდრეობის მისაღებად. 2007 წლის 4 აგვისტოს მოტყუებით, ზეწოლით, კანონის უხეში დარღვევით, მოპასუხე თელავის ნოტარიუს გ.ბ-შვილის მიერ გაფორმებული იქნა ნ. ს-შვილის დანაშთი ქონების გადანაწილების შესახებ ხელშეკრულება ნ. ს-შვილის 7 პირველი რიგის მემკვიდრეს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად, ი. ს-შვილს მიეკუთვნა საზკვების ობიექტი ე.წ შუამთის რესტორნის 1\7 წილი და შპს „ავტოგაზ-პირველის“ 40%-იანი წილიდან – 1\7 წილი. ნ. ს-შვილს სულ დარჩა 5189381 ლარის ღირებულების ქონება. მის მემკვიდრეთაგან 5 შვილს და დედას შეხვდა 764 580 ლარის ღირებულების ქონება. აქედან 4428801 ლარის ქონება ერგო ნ. ს-შვილის მამას - კ. ს-შვილს. სამკვიდრო ქონების გადანაწილების ხელშეკრულება დაიდო იმისთვის, რომ ნ. ს-შვილს ჰქონდა 2000000 აშშ დოლარისა და 222691 ლარის კრედიტორული დავალიანება. აქედან გამომდინარე, ვალის დასაფარად კ. ს-შვილს შეხვდა 1000000 ლარით მეტი ქონება. არასრულწლოვან ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენელის მიერ მინდობილობა ნი. ს-შვილის სახელზე გაცემული იყო ნ. ს-შვილის დანაშთი ქონების მიღებაზე და არა ქონების გადანაწილებაზე, ასევე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ 2007 წლის 29 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თელავის საგანმანათლებო რესურს-ცენტრის მიერ ნი. ს-შვილი დაინიშნა ი. ს-შვილის მზრუნველად. ამდენად, 2007 წლის 4 აგვისტოს სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ნოტარიუს გ.ბ-შვილის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სკ-ის 1294-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ი. ს-შვილის ქონება აღნიშნული ხელშეკრულებით შემცირდა.

მოსარჩელემ ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო მზრუნველის – ნი. ს-შვილის მიერ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე; ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1140-ე მუხლზე, რადგან ნი. ს-შვილს, რომელიც იყო ქონების გადანაწილების ხელშეკრულების მონაწილე, არ ჰქონდა უფლება, ამავდროულად ყოფილიყო ამ ხელშეკრულების მონაწილის წარმომადგენელი, ე.ი მან საკუთარ თავთან დადო ხელშეკრულება, რისი უფლებაც მას მინდობილობით არ ჰქონდა მიცემული ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენელის – ლ. ე-შვილისგან. მოსარჩელეებმა 2007 წლის 4 აგვისტოს ქონების გადანაწილების ხელშეკრულების დადებისას ასევე მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1297-ე მუხლის დანაწესის დარღვევაზე, კერძოდ, მინდობილობა, რომლითაც ნი. ს-შვილს უფლება მიეცა, ყოფილიყო ი. ს-შვილის წარმომადგენელი, გაცემული იყო ერთადერთი მიზნით, რომ ი. ს-შვილს მიეღო მამის დანაშთი ქონება და არ გაეხმაურებინა სადავო ხელშეკრულების შინაარსი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამკვიდრო ქონების გადანაწილების ხელშეკრულება დადებულია სამოქალაქო კოდექსის 1466-ე მუხლის დანაწესის დარღვევით, კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით კ. ს-შვილს სავალო მოთხოვნების გასასტუმრებლად უნდა მისცემოდა სამკვიდროდან შესაბამისად გაზრდილი წილი, სინამდვილეში კი, მიეცა იმაზე მეტი ქონება, ვიდრე ვალი იყო.

მოპასუხე თელავის ნოტარიუსმა გ. ბ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2007 წლის 4 აგვისტოს სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულება დადო მემკვიდრეებს შორის მათი შეთანხმებით. სავალო დავალიანების დაფარვის მიზნით მემკვიდრეებმა გაზრდილი წილი გადასცეს კ. ს-შვილს და მათ მიიღეს თავიანთი წილები. ქონების გადანაწილების ხელშეკრულებით არასრულწლოვან ი. ს-შვილის ქონება არ შემცირებულა, რადგან მემკვიდრეები წინასწარ შეთანხმდნენ და მათი შეთანხმება დადასტურდა ნოტარიული წესით.

მოპასუხე კ. ს-შვილის წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების გადანაწილების ხელშეკრულება კანონიერად არის დადებული, გათვალისწინებულ იქნა მამკვიდრებლის ვალები, ასევე ის გარემოებაც, რომ მამკვიდრებელი იყო ბიზნესმენი და მას სხვა ქვეყნებში ჰყავს ბიზნესპარტნიორები, არ არის ცნობილი ნ. ს-შვილს რა ვალდებულებები აკავშირებდა მათთან.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად შპს “ბანკი ქართუ” ჩაბმულ იქნა სამოქალაქო დავაში. ამავე სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე თელავის ნოტარიუს გ.ბ-შვილის მიერ დადასტურებული 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტი სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულება კ. ს-შვილისათვის წილის გადაცემის ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ, ა)მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (შპს “ტპგ კახეთის ღვინის სახლიდან”) გარდაცვლილ ნ. ს-შვილის კუთვნილი 20% წილი, მდებარე თელავის რაონის სოფელ ...; ბ)93.8 ჰექტარი მიწაზე, მათ შორის 78 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ვენახის, დასასვენებელი პარკი “...”, დამხმარე ნაგებობის _ 2498 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...; გ)არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე თელავში, ... ქ¹4-ში; დ)არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... ქ¹3; ე)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... ქ¹5; ვ)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... ქ¹-ში, ზ)საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავში, ... ქ¹1-ში; თ)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... გამზირზე; ი)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... გამზირზე, კ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... გამზირზე; ლ)თელავში, ... გამზირის ¹2-ში მდებარე 1158 კვ.მ მიწაზე განთავსებული შპს “...” ნ. ს-შვილის კუთვნილი წილი _ 25%, მ)თელავში, ... მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობა _ .... კინოთეატრი; ნ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...; ო)სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...; პ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...; ჟ)თელავში, ... გამზირ ¹30-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი რ)არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე დუშეთის რაიონში, ს)დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე მეძროხეობის ფერმა, დამაგრებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 195 ჰექტარზე საიჯარო ხელშეკრულებით; ტ)... ტერიტორიაზე “..” მდებარე მეცხვარეობის ¹6 ბრიგადის ფერმა 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად; უ)იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 300.0 ჰექტარ მიწაზე განთავსებული საძოვარი “...”; ფ)2000 წელს გამოშვებული ტოიოტა “ლექსუსი”; ქ)ცეცხლსასროლი იარაღები: “საიგა-მ-3 სისტემის კარაბინი, იჟ-94 სისტემის კომბინირებული თოფი, თთ _ სისტემის პისტოლეტი, ზიგ-ზაუერის სისტემის პისტოლეტი, ვინჩესტერ იმპერატ, თ03-34 EPN¹7560; ღ)2006 წლის 27 ივლისს განვადების უფლებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; ყ)2006 წლის 23 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი სამი ტრაქტორი; შ)ნ.ს-შვილის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ში შეტანილი 12000 შშ დოლარი, ამხანაგობის საკუთრებაში რიცხული მშენებარე უძრავი ქონების შესაძენად, საცხოვრებელი სახლის ბლოკი, სართული 5, 68.3 კვ.მ ბინა ¹3, ჩ)ქ.თელავში, ... გამზირის ¹30-ში მდებარე ნ.ს-შვილის მიერ 2004 წლის 8 სექტემბერს დაფუძნებული შპს “...”, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი იყო ნ. ს-შვილი (საწესდებო კაპიტალი 2300 ლარი).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნოტარიუსმა გ. ბ-შვილმა, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ს-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით ნოტარიუს გ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ი. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი კ. ს-შვილისათვის მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-შვილის წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით კ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2010 წლის 31 აგვისტოს არასრულწლოვან ი. ს-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ე-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, კერძოდ, განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიმართა კახეთის სააღსრულებო ბიუროს, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ არის განსაზღვრული, თუ კონკრეტულად რა ქონება მიეკუთვნა ი. ს-შვილს. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება და საფუძველი, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მიეთითოს, თუ კონკრეტულად რა ქონების 1/7 გადაეცა ი. ს-შვილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენლის – ლ. ე-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებით, ი. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც გადანაწილდა სამკვიდრო ქონება თანამესაკუთრეთა შორის. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სანოტარო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რაზედაც გამოიტანა გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დადგინდა 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტის კ. ს-შვილისათვის მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილის ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. ს-შვილისათვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია, შესაბამისად, მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ს-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა – ლ. ე-შვილმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება შემდეგი საფუძვლებით: მითითებული გადაწყვეტილებით კ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ი. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი კ. ს-შვილისათვის მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიმართა კახეთის სააღსრულებო ბიუროს, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ არის განსაზღვრული, თუ კონკრეტულად რა ქონება მიეკუთვნა ი. ს-შვილს. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება და საფუძველი, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მიეთითოს, თუ კონკრეტულად რა ქონების 1/7 გადაეცა ი. ს-შვილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენლის - ლ. ე-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ს-შვილის კანონიერი წარომადგენლის ლ. ე-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება კ. ს-შვილისათვის კონკრეტული ქონების მემკვიდრეობით გადაცემის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი კ. ს-შვილისათვის მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში, ისე, რომ არ განისაზღვრა თუ რომელი კონკრეტული ქონების 1/7 გადაეცა ი. ს-შვილს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

ზემოხსენებული ნორმა მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად მის იმგვარ განმარტებას, რომ იგი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მხარეთათვის და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება ობიექტურად საჭირო და დასაშვებია მაშინ, თუ მხარე ან აღმასრულებელი ასაბუთებს, რომ სხვაგვარად მისი შინაარსი შესაძლოა გაგებული და აღსრულებულ იქნეს არასწორად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ განმარტებას საჭიროებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი კ. ს-შვილისათვის მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ი. ს-შვილის კანონიერ წარმომადგენელს ლ. ე-შვილს უარი ეთქვა განმარტებაზე იმ მოტივით, რომ კონკრეტული ქონების ი. ს-შვილისათვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მოსარჩელის მიერ არ არსებობდა და შესაბამისად მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა ი.ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც გადანაწილდა სამკვიდრო ქონება თანამესაკუთრეთა შორის. პირველი ინსტანციის სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება კ. ს-შვილისათვის კონკრეტული ქონების მემკვიდრეობით გადაცემის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ გაუქმა რა აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელშეკრულება კ. ს-შვილისათვის სამკვიდრო ქონების 1/7 ნაწილში გადაცემის თაობაზე ბათილად ცნო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იკვეთება თუ რომელი კონკრეტული ქონების 1/7 ნაწილის გადაცემის ნაწილში იქნა ხელშეკრულება ბათილად ცნობილი. აღსანიშნავია, რომ განცხადების ავტორი ითხოვს არა მისთვის ქონების მიკუთვნებას, არამედ გადაწყვეტილების სასარჩელო განცხადებაში მითითებული ქონების ფარგლებში განმარტებას.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენლის - ლ. ე-შვილის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელხლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ს-შვილის კანონიერი წარმომადგენლის - ლ. ე-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელხლა განსახილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;