ას-1023-959-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ მ. ბ-ძე, თ. ბ-ძე, ა. გ-ძე, რ. კ-ავა, თ. კ-ია, ნ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ს-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” მიმართYვალდებულების შესრულებლობის გამო თანხის დაბრუნებისა და ზიანის, სულ _ 64 714,60 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 5 აპრილს ა. ს-ძეს, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ა. ს-ძეს 52231 აშშ დოლარად ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-საგან” საკუთრებაში უნდა მიეღო ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹32-ში მდებარე ¹34 ბინა.
ა. ს-ძე ვალდებული იყო, გადაეხადა ბინის ღირებულების 9,94%, რაც შეადგენდა 5200 აშშ დოლარს, რის შემდეგაც 3 სამუშაო დღეში შპს “ა. პ.” უზრუნველყოფდა ა. ს-ძისთვის ბინის ღირებულების დანარჩენი ნაწილის 47 121 აშშ დოლარის სესხის გამოყოფას.
მოსარჩელემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, ინდივიდუალურმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა. პ.-მ” კი შეთანხმება დაარღვია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ ამხანაგობა “ა. პ.-ს” წევრებს ა. ს-ძის მიმართ არანაირი ვალდებულება არ დაურღვევიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ალ.ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” ა. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 64 714,60 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” წევრებმა _ მ. ბ-ძემ, თ. ბ-ძემ, ა. გ-ძემ, რ. კ-ავამ, თ. კ-იამ და ნ. კ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს, მათ უფლებამონაცვლეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს, ასევე პირებს, რომლებიც, მართალია, სახელდებით არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე არის პირი, რომელმაც, მოსარჩელის მოსაზრებით, დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. მოპასუხის დასახელების უფლებაცა და მოვალეობაც მოსარჩელეს აქვს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.”, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო თანხა დაეკისრა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება, დაკისრებული თანხის გადახდის თავიდან აცილების მიზნით, გაასაჩივრეს ფიზიკურმა პირებმა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორები არ წარმოადგენენ კონკრეტულ შემთხვევაში არც მოპასუხეებს, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ სარჩელზე და არც დაინტერესებულ პირებს, რომელთაც შეიძლება გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხოს.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 5 აპრილს მოსარჩელე ა. ს-ძეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” და შპს “ა.ს” შორის გაფორმდა ¹აპ 1-098 ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ, რომლის 2.2. პუნქტის თანახმად, ა.ს-ძის წილი შეადგენდა ოროთახიან ბინას, ხოლო საწევროს ღირებულება _ 52321 აშშ დოლარს.
ხელშეკრულების 4.2.1.-4.2.1.4 პუნქტების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ ა. ს-ძის ვალდებულება განისაზღვრა მის მიერ მისაღებ ბინასთან და არა მთლიანად მშენებარე კომპლექსთან მიმართებით.
ხელშეკრულების შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ ა.ს-ძე წარმოდგენილი ხელშეკრულებით გახდა არა ერთობლივი საქმიანობის მონაწილე, რომლის მიზანიც, სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, საერთო მეურნეობის შექმნა იყო, არამედ ნარდობის ხელშეკრულების მხარე _ შემკვეთი, რომლის შესაბამისადაც ა.ს-ძემ ამხანაგობას, როგორც მისი დამფუძნებელი წევრების ერთიანობას (შექმნილს მრავალფუნქციური კორპუსის ასაშენებლად), დაუკვეთა ოროთახიანი ბინის მშენებლობა. აღნიშნულს ადასტურებს ხელშეკრულების ზემოხსენებული 4.3.2. და 4.3.1. პუნქტები, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის დანაწესს საქმეების ერთად გაძღოლის ვალდებულების შესახებ.
პალატამ აღნიშნა, რომ ა.ს-ძის, ისევე როგორც ამხანაგობის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრა მხოლოდ მოსარჩელის მიერ შეკვეთილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოროთახიანი ბინის აშენებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მოსაზრებით, იდენტური შინაარსის სამართალურთიერთობით არიან დაკავშირებული ამხანაგობასთან აპელანტებიც. შესაბამისად, ისინი ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე არ ინაწილებენ მესამე პირების წინაშე ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებას და არა არიან პასუხისმგებელნი მესამე პირების, კონკრეტულ შემთხვევაში, ა. ს-ძის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე.
სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით პირი იცავს თავის უფლებასა თუ ინტერესს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან. განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტები, ანუ პირები, რომლებიც არ არიან “ა. პ.-ს”, როგორც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილენი, არამედ, მსგავსად მოსარჩელე ალ.ს-ძისა, მონაწილეობენ მესამე პირებად (ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე), არ წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს, ვის მიმართაც შესაძლოა აღსრულდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-სათვის” დაკისრებული თანხის ამოღება ვერ მოხდება მ. ბ-ძის, თ. ბ-ძის, ა. გ-ძის, რ. კ-ავას, თ. კ-იას და ნ. კ-ძის ქონებიდან.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები არ არიან სარჩელით დაკმაყოფილებულ უფლებაზე იურიდიული შეპასუხების, სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უფლებამოსლების მქონე პირები.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე მ. ბ-ძემ, თ. ბ-ძემ, ა. გ-ძემ, რ. კ-ავამ, თ. კ-იამ და ნ. კ-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი და მისი თავმჯდომარე მოქმედებს დავალების ხელშეკრულებით მესამე პირებთან ურთიერთობაში, ამხანაგობის წევრებს თავმჯდომარისათვის არ მიუნიჭებიათ უფლებამოსილება, ამხანაგობის წევრები წარმოედგინა სასამართლოში მათივე წევრის ა.ს-ძის სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო ამხანაგობის დანარჩენი წევრების წინააღმდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამხანაგობის წევრების შენატანი წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას და სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა უნდა დაიფაროს ამხანაგობის წევრების შენატანებიდან, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხო აპელანტთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. სასამართლომ ისე განიხილა მოცემული დავა, რომ ისინი საქმის განეხილვაზე არ მიუწვევია.
სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია ა.ს-ძესა და აპელანტთა მიერ დადებული ხელშეკრულებები ნარდობად, ფაქტობრივად კი ისინი გახდნენ ერთობლივი საქმიანობის წევრები. მითითებული ხელშეკრულებით ა.ს-ძის ვალდებულება განისაზღვრება არა მხოლოდ მის მიერ მისაღებ ბინასთან, არამედ ასევე დაფინანსება-დაპროექტების, მშენებლობის, საიჟინრო სამუშაოების ჩატარების, შენობის მოპირკეთების, მიწის გადასახადების, მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის წილობრივად თანხების გადახდასთან და სახლის პირველი სადარბაზოს მშენებლობასთან მიმართებითაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ აპელაციის განხილვისას იურიდიულად არამც თუ საკმარისად არ დაუსაბუთებია თავისი განჩინება, არამედ უკანონოდ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ძის, თ. ბ-ძის, ა. გ-ძის, რ. კ-ავას, თ. კ-იასა და ნ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და აღნიშნულ შესაძლებლობას აძლევს იმ პირებს, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამასთან, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო ისეთი პირის უფლებებს, რომელიც საქმეში არ იყო ჩაბმული მოსარჩელედ, მოპასუხედ ან თანამონაწილედ, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და უფლებამონაცვლედ, ასეთ პირებსაც უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” ა. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 64 714,60 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირებმა, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დავაში მხარეებად ჩაბმულნი არ ყოფილად, კერძოდ, მ.ბ-ძემ, თ.ბ-ძემ, ა.გ-ძემ, რ.კ-ავამ, თ.კ-იამ და ნ.კ-ძემ, რომელთა მითითებით, ისინი წარმოადგენენ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” წევრებს და გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მათ კანონიერ ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატას სრულად და ყოველმხრივ არ გამოუკვლევია, არიან თუ არა აპელანტები მოცემული ამხანაგობის წევრები, რაც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებას, სააპელაციო საჩივარი შეიტანონ ზემოხსენებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
აღნიშნულ სადავო საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო, ერთი მხრივ, ა.ს-ძეს, მ.ბ-ძეს, თ.ბ-ძეს, ა.გ-ძეს, რ.კ-ავას, თ.კ-იასა და ნ.კ-ძეს, ხოლო, მეორე მხრივ, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” შორის დადებულ ხელშეკრულებებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული ხელშეკრულებებით აპელანტთა ამხანაგობაში გაწევრიანების საკითხი სარწმუნოდ ვერ დგინდება, კერძოდ, ამხანაგობასა და რ.კ-ავას შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. თავად გარიგების სახელწოდება პირდაპირ უთითებს, რომ იგი დადებულია ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ, თუმცა 1.1 პუნქტის თანახმად, მხარეები (შესავალ ნაწილში დასახელებულია ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-” და რ. კ-ავა) ერთიანდებიან ამხანაგობაში და ერთიანად მოქმედებენ “ა. პ.-ში” მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენებისა და შემდეგ მხარეთა შორის წილების განაწილების მიზნით. შესაბამისად, ბუნდოვანია, რომელ ამხანაგობაში გაწევრიანდა რ.კ-ავა.
ხელშეკრულების მე-4 თავით რეგლამენტირებულია “მხარეთა უფლება-მოვალეობები”, მაგრამ 4.1 პუნქტში საუბარია “წევრის” უფლებებზე. ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსიდან ცალსახად არ გამომდინარეობს, მიღებულ იქნა თუ არა რ.კ-ავა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” წევრად და მხარეთა შორის სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობა ხომ არ არსებობს.
დანარჩენ აპელანტთა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” შორის დადებული ხელშეკრულებების 1.1, 1.2 პუნქტებში კი მითითებულია, რომ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წევრი (კონკრეტული პირი) ერთიანდება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ში”, ამხაგანობა შექმნილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ამხანაგობის წევრებს შორის წილების განაწილების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა აპელანტთა წარმომადგენელს, წარმოედგინა საჯარო რეესტრის ინფორმაცია ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” წევრთა შესახებ. მითითებულის საპასუხოდ მხარემ წარადგინა ამხანაგობის ცნობა, რომ იმა “ა. პ.-ში” გაწევრიანებულია 484 ფიზიკური და 7 იურიდიული პირი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ამხანაგობის წევრთა ვინაობის უტყუარად დადგენა შესაძლებელია ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” მიერ ამხანაგობის წევრთა შესაბამისი სიის წარდგენის გზით.
ამდენად, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, არიან თუ არა მ. ბ-ძე, თ. ბ-ძე, ა. გ-ძე, რ. კ-ავა, თ. კ-ია და ნ. კ-ძე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ.-ს” წევრები და რამდენად იმოქმედებს მათ კანონიერ უფლებებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება. მხოლოდ აღნიშნული საკითხის გამორკვევის შემდეგ უნდა დადგინდეს, გააჩნდათ თუ არა მითითებულ პირებს სადავო სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ძის, თ. ბ-ძის, ა. გ-ძის, რ. კ-ავას, თ. კ-იასა და ნ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.