ას-1024-960-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-შვილის მიმართ საერთო ორი შვილის სარჩენად ალიმენტის _ თითოეულზე 100 ლარისა და დამატებითი ხარჯების _ 50 ლარის დაკისრების, ასევე საერთო ქონების გაყოფის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. მ-შვილს დაეკისრა 1999 წლის 27 სექტემბერს დაბადებული სოფიო მ-შვილისა და 2001 წლის 9 მარტს დაბადებული ა. მ-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის _ თითოეულისათვის 100 ლარისა და დამატებითი ხარჯების _ 50 ლარის ანაზღაურება 2010 წლის 14 იანვრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი ხარჯების დაკისრების ნაწილში გ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:L
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2010 წლის 29 სექტემბერს, 10 საათზე, რის შესახებაც 2010 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომის შემდეგ ხელწერილით გაფრთხილებულ იქნა აპელანტის წარმომადგენელი მ. ნ-ია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა დანიშნულ დროს იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების, 372-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ, აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე, ასევე მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ აპელანტისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი 2010 წლის 29 სექტემბერს, 10 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო, მასვე განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. ამასთან, აპელანტს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. მ-შვილის წარმომადგენელმა მ. ნ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: მ.ნ-ია მოცემულ დავაში წარმოადგენდა გ.მ-შვილის ინტერესებს და სადავო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2010 წლის 29 სექტემბერს, დილით ადრე მიიღო საყოფაცხოვრებო ტრავმა, რაც დასტურდება შპს “სამედიცინო ფირმა ვალეოს” მიერ გაცემული ცნობით. მ.ნ-იას დაუდგინდა ტვინის შერყევა და დაენიშნა მკურნალობა წოლითი რეჟიმით. შესაბამისად, მ.ნ-იას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეტყობინებინა სასამართლოსათვის თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. ნ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2010 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აპელანტი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, აპელანტის წარმომადგენელ მ. ნ-იას ავადმყოფობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების (ავადმყოფობის გამო მ.ნ-იას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და ამის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის შეუძლებლობის) დადასტურების შემთხვევაშიც მითითებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან საქმის განხილვაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობა არ გამორიცხავს თავად აპელანტ გ. მ-შვილის ვალდებულებას, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. აღნიშნული საპროცესო მოვალეობა გ.მ-შვილს არ შეუსრულებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სავსებით სწორად დარჩა განუხილველად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. ნ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.