ას-1025-961-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.”
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-შვილი, გ. თ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ზ-შვილმა და გ. თ-ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიას მოპასუხე ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხეს დავალებოდა მოსარჩელეთათვის გამოეყო საცხოვრებელი ბინები, ქ. თბილისში, ... ქუჩის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსის ცხრა სართულიან სახლში და გადასცემოდათ საკუთრებაში, კერძოდ, ნ. ზ-შვილს _ სამოთახიანი ბინა ¹36, ფართით 77,80 კვ.მ, ხოლო გ. თ-ძეს ერთოთახიანი ბინა ¹100, ფართით 36,36 კვ.მ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოთხოვნა და ნ. ზ-შვილმა ნაცვლად ¹36 ბინისა (სამოთახიანი, ფართით 77,80 კვ.მ) მოითხოვა ¹94 ბინის (ფართი 36,36 კვ.მ) მესაკუთრედ ცნობა, ხოლო გ. თ-ძემ _ ¹100 ერთოთახიანი ბინის (ფართით 36,36კვ.მ) მესაკუთრედ ცნობა, რომლებიც ამხანაგობა “ო.-ს” წევრთა 2008 წლის 8 სექტემბრის ¹5 კრების ოქმით განაწილებული იყო ამხანაგობა “ო.-ზე”.
მოპასუხე ამხანაგობა “ო.-მ” სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ზ-შვილისა და გ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ზ-შვილი ცნობილ იქნა იბა “ო.-ს” წევრთა ბინების განაწილების შესახებ 2008 წლის 8 სექტემბრის ¹5 კრების ოქმში (რეესტრში ¹1-12967, დამოწმების თარიღი 16.09.2008 წ. ნოტარიუსი ნ. მ-შვილი) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ზე” განაწილებული უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრედ, მდებარე _ ქ. თბილისი, ... ქუჩის მიმდებარედ, IV სადარბაზო, IV სართული, ბინა ¹94, საერთო ფართი _ 29.71 კვ.მ, საზაფხულო ფართი _ 6,65 კვ.მ და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ზ-შვილის სახელზე; გ. თ-ძე ცნობილ იქნა იბა “ო.-ს” წევრთა ბინების განაწილების შესახებ 2008 წლის 8 სექტემბრის ¹5 კრების ოქმში (რეესტრში ¹1-12967, დამოწმების თარიღი 16.09.2008 წ. ნოტარიუსი ნ. მ-შვილი) ინდივიდუალრუი ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ზე” განაწილებული უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრედ, მდებარე _ ქ. თბილისი, ... ქუჩის მიმდებარედ, IV სადარბაზო, IV სართული, ბინა ¹100, საერთო ფართი _ 29.71 კვ.მ, საზაფხულო ფართი _ 6,65 კვ.მ და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. თვეზაძის სახელზე;
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-მ” (წარმომადგენელი დ. მ-ძე), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის ოდენობით (ტII ს.ფ. 4-6);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს”, მისივე განცხადების საფუძველზე, 10 დღით გაუგძრელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსების ვადა (ტ.II ს.ფ.15-16);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტმებრის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 12 ივლისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელ დ. მ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 16 ივლისს, რომელსაც ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” თავმჯდომარის _ ჯ. ფ-იას მიერ 2010 წლის 30 მარტს და 2010 წლის 7 აპრილს გაცემული რწმუნებულებებით მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, ორი წლის ვადაში წარმოედგინა მარწმუნებელი ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებისას (ტ. I, ს.ფ. 241, 269). იმის გათვალისწინებით, რომ, აპელანტმა დ. მ-ძესთან წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასამართლოს აცნობა მხოლოდ 2010 წლის 11 აგვისტოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ დრომდე წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ჩვეულებრივ ინარჩუნებდა კანონით გათვალისწინებულ მნიშვნელობას და იწვევდა შესაბამის საპროცესო შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 12 ივლისის განჩინების დ. მ-ძის მიერ 2010 წლის 16 ივლისს მიღების დროიდან, იგი ჩაბარებულად ითვლებოდა ამხანაგობის თავმჯდომარისათვის და, შესაბამისად _ ამხანაგობისათვის. ვინაიდან აპელანტის მიერ ხარვეზი შეივსო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, სააპელაციო სასამართლომ ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” სააპელაციო საჩივარი განიხილველად დატოვა და მას დაუბრუნა სააპელაციო საჩივრისათვის ჯ. ფ-იას მიერ 2010 წლის 14 ივნისს, 7 ივლისსა და 6 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” დირექტორმა ჯ. ფ-იამ და მიუთითა, რომ დ. მ-ძეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა და მათთვის არ უცნობებია ხარვეზის შესახებ, ხოლო მან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა, კერძოდ, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამდენად კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” დირექტორ ჯ. ფ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმით, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მას შემდეგ, რაც სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩააბარებს აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის განჩინებას, მაგრამ მხარე ამ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში საჭირო საპროცესო მოქმედებებს არ განახორციელებს და არსებულ ხარვეზს არ გამოასწორებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის ოდენობით (ტII ს.ფ. 4-6); აღნიშნული განჩინების ასლი იბა “ო.-ს” წარმომადგენელ დ. მ-ძეს 2010 წლის 30 ივნისს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-78 მუხლები).
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს”, მისივე განცხადების საფუძველზე, 10 დღით გაუგძრელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსების ვადა (ტ.II ს.ფ.15-16).
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს”, კერძოდ, წარმომადგენელ დ. მ-ძეს, ჩაბარდა 2010 წლის 16 ივლისს, (იხ. ტII ს.ფ.18).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 17 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 26 ივლისს. ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-მ” ხარვეზი არა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არამედ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2010 წლის 11 აგვისტოს გამოასწორა (იხ. ტII, ს.ფ. 19-22), რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მასზე, რომ დ. მ-ძეს, განჩინების ასლის ჩაბარების დროისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, მათთვის არ უცნობებია ხარვეზის შესახებ და, ამდენად მის მიერ ხარვეზის შევსების გაგრძელების თაობაზე სასამართლო განჩინების მიღება აპელანტისათვის ჩაბარებად არ უნდა ჩაითვალოს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტი სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეს შეუძლია თავის წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტა სასამართლოსათვის იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მხარე აღნიშნულის თაობაზე აცნობებს როგორც წარმომადგენელს, ისე სასამართლოს. კანონის ამ დანაწესის დაუცველობა ართმევს მხარეს უფლებას, პრეტენზია გამოთქვას სასამართლოს მიერ იმ საპროცესო მოქმედებათა შესრულებასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ წარმომადგენლობითი უფლებოსილების არსებობის დასაბუთებული ვარაუდით განახორციელა.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც მხარემ სხვა პირისათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გასაუქმებლად უნდა შეასრულოს. განსახილველ შემთხვევაში, ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” დირექტორმა ჯ. ფ-იამ თავისი წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს ხარვეზის გამოსასწორებლად მისთვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ აცნობა და ამასთან, ვერ დაადასტურა, რომ ხარვეზის განჩინების ჩაბარებისას, დ. მ-ძე ამხანაგობა “ო.-ს” ინტერესებს არ წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” თავმჯდომარის _ ჯ. ფ-იას მიერ დ. მ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულებებით, რომლთა მიხედვითაც, წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, ორი წლის ვადაში წარმოედგინა მარწმუნებელი ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებისას (ტ. I, ს.ფ. 241, 269) და რომლის იურიდიულ ძალაში ეჭვის შეტანის საფუძველი მას არ გააჩნდა (მინდობილობა გაცემული იყო 2012 წლის 30 მარტამდე და 2012 წლის 7 აპრილამდე) და ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების გაგრძელების ვადა მართებულად აითვალა აპელანტის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომენტიდან _ 2010 წლის 16 ივლისიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო.-ს” თავმჯდომარის _ ჯ. ფ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.