Facebook Twitter

ას-1026-962-2010 21 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ლ. ჯ-შვილი, დ. კ-ძე, ნ. კ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. და გ. შ-შვილები

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 აპრილს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს გ. და ხ. შ-შვილებმა მოპასუხეების: ლ. ჯ-შვილის, ნ. კ-შვილის, დ. კ-ძისა და ნოტარიუს ც. კ-შვილის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. დ. ჯ-შვილსა და მოპასუხეებს (ლ. ჯ-შვილი, ნ. კ-შვილი, დ. კ-ძე) შორის 2004 წლის 3 ივნისს ნოტარიუს ც. კ-შვილის მიერ დადასტურებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ბ. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის გაუქმება; გ. ნოტარიუსისათვის 2008 წლის 8 თებერვალს გარდაცვლილი ნ. შ-შვილის სასარგებლოდ მისი დედის 1991 წლის 25 ივლისს გარდაცვლილი მ. ჯ-შვილის დანაშთ ქონებაზე (თელავში, ... ქ.¹20-ში მდებარე დ. ჯ-შვილის სახელზე რიცხული სახლის კუთვნილი წილის ნაწილზე, ავტომანქანა “ვოლგის” მისსავე წილსა და ანაბარზე) სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება (ტომი I, ს.ფ. 2-12).

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. და გ. შ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 133-135).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა (ტომი I, ს.ფ. 143-152).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. და ხ. შ-შვილების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 223-230).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა (ტომი I, ს.ფ. 239-252).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით გ. და ხ. შ-შვილების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 304-309).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დამტკიცდა მორიგება ხ. შ-შვილს, გ. შ-შვილს, ლ. ჯ-შვილს, ნ. კ-შვილსა და დ. კ-ძეს შორის შემდეგი პირობებით: ხ. და გ. შ-შვილები თანხმობას აცხადებენ, სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ მათ სახელზე აღირიცხოს ლ. ჯ-შვილის, ნ. კ-შვილისა და დ. კ-ძის საკუთრებაში არსებული, თელავში, ... ქ.¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილი თანაბარწილად, ხოლო აღნიშნული სახლის 2/3 ნაწილი დარჩეს ლ. ჯ-შვილის, ნ. კ-შვილისა და დ. კ-ძის საკუთრებაში; ლ. ჯ-შვილი, ნ. კ-შვილი და დ. კ-ძე თანხმობას აცხადებენ, ხ. და გ. შ-შვილების საკუთრებად თანაბარწილად აღირიცხოს მათ საკუთრებაში არსებული, თელავში, ... ქ.¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილი. მხარეთა შორის მორიგების გამო გაუქმდა აღნიშნულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება (ტომი II, ს.ფ. 28-30).

2009 წლის 24 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემომითითებულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტომი II, ს.ფ. 56).

2010 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს ლ. ჯ-შვილმა, დ. კ-ძემ, ც. კ-შვილმა და ნ. კ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინების განმარტება.

განმცხადებელთა განმარტებით, ზემოაღნიშნული განჩინების თანახმად, ლ. ჯ-შვილმა, ნ. კ-შვილმა და დ. კ-ძემ დათმეს მათ საკუთრებაში არსებული, ქ.თელავში, ... ქ.¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილი და არა მთელი სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილი. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარეები ეპატრონებიან მთელი სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილს. ამდენად, განმცხადებელთა მოსაზრებით, განჩინება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ საცხოვრებელი სახლის 1/3 არ გულისხმობს წილს არასაცხოვრებელი ფართებიდან, ეზოდან თუ სხვა ქონებიდან (ტომი II, ს.ფ. 166).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ლ. ჯ-შვილის, დ. კ-ძის, ც. კ-შვილისა და ნ. კ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად გამოიყენება სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას და განმარტა, რომ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დგინდებოდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება აღსრულებული იყო, კერძოდ, 2009 წლის 24 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საჯარო რეესტრმა განახორციელა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების განმარტების მიზანი შეიძლება მდგომარეობდეს მხოლოდ მისი აღსრულების ხელშეწყობაში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება აღსრულებული იყო, არ არსებობდა ამ განჩინების განმარტების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (ტომი II, ს.ფ. 177-179).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ჯ-შვილმა, დ. კ-ძემ და ნ. კ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება არასწორად განმარტა საჯარო რეესტრმა, რამდენადაც მორიგებამ მოიცვა მხოლოდ საცხოვრებელი ბინის 1/3, საჯარო რეესტრის სამსახურმა კი შ-შვილებს დაურეგისტრირა მთლიანი სახლთმფლობელობის 1/3. საჯარო რეესტრის ეს გადაწყვეტილება მათ გაასაჩივრეს ჯერ გადაწყვეტილების გამომცემ თელავის სარეგისტრაციო სამსახურში, ხოლო უარის მიღების შემდგომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. იმის გამო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური არ იხილავდა მისი ზემდგომი უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. მითითებულ სარჩელზე დავა არ ამოწურულა.

რაც შეეხება განმარტებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერებას, კერძო საჩივრის ავტორები მას უკანონოდ მიიჩნევენ. აღნიშნული განჩინებით განმარტებაზე უარი მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ განსამარტი განჩინება აღსრულებულია, თუმცა კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით ეს არასწორია. ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას, ბინას კვლავ ფლობს ის პიროვნება ვისზეც კერძო საჩივრის ავტორებმა იგი ოთხი წლის წინ გაასხვისეს (ტომი II, ს.ფ. 188-189).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-შვილის, დ. კ-ძისა და ნ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. იგივე ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების უფლება არ გააჩნია შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია; 2. თუ გასულია ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლებოდა აღსრულებულიყო. აქედან ერთ-ერთი პირობის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს არა აქვს უფლება განმარტოს გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ქ.თელავში, ... ქ.¹20-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელებულია განსამარტი განჩინების _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებისა და აღნიშნულ განჩინებაზე 2009 წლის 24 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე ¹2ბ/1565-09) საფუძველზე (ტომი 2, ს.ფ. 68). ამდენად, ამ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, როდესაც გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების გამო დაუშვებელია მისი განმარტება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჯ-შვილის, დ. კ-ძისა და ნ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.