Facebook Twitter

ას-1027-963-2010 27 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ჩ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “რადიობიოლოგიისა და რადიაციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჩ-შვილმა და მ. ც-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ “რადიობიოლოგიისა და რადიაციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრის” მიმართ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და მიღებული გრანტის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ჩ-შვილისა და მ. ც-შვილის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ “რადიობიოლოგიისა და რადიაციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრის” მიმართ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სსიპ “რადიობიოლოგიისა და რადიაციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრმა” განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შესწორების შეტანა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მ. ც-შვილმა, შესაბამისად, გადაწყვეტილება ა. ჩ-შვილის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში. განმცხადებლის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებაში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი, უნდა იყოს აღნიშნული, რომ გადაწყვეტილება გაუქმდა მ. ც-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ “რადიობიოლოგიისა და რადიაციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრის” განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: “გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ც-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად” შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რადგანაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ც-შვილისა და ა. ჩ-შვილის სარჩელი სსიპ “რადიობიოლოგიისა და რადიაციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მ. ც-შვილმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება მ. ც-შვილის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 318-327). სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით მ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად (ტომი II, ს.ფ. 61-69). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ა. ჩ-შვილისა და მ. ც-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება შეიძლებოდა, გაუქმებულიყო მხოლოდ აპელანტი მოსარჩელის _ მ. ც-შვილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ჩ-შვილის წარმომადგენელმა ლ.კ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინებაზე მისი კანონის ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება, ამასთან დასახელებული ნორმით დადგენილი 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული განჩინება შედის კანონიერ ძალაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება ა. ჩ-შვილის ოჯახის სრულწლოვან წევრს _ მ. ც-შვილს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2010 წლის 20 ივნისს (იხ. ტ.II, ს.ფ. 286).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას (სასამართლო შეტყობინებას) აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების აღნიშნული სუბიექტისათვის ჩაბარება განიხილება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ წლებით, თვეებით ან დღეების გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლების დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისი, დასახელებული ნორმების დანაწესის შესაბამისად, დაიწყო მხარის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან _ 21 ივნისიდან და ამოიწურა 2010 წლის 2 ივლისს, ხოლო ა.ჩ-შვილის წარმომადგენელმა ლ.კ-ძემ სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა 2010 წლის 2 აგვისტოს (იხ. ტ.II, ს.ფ. 290), რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ჩ-შვილის წარმომადგენელ ლ.კ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.