ას-1028-964-2010 24 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ს. კ.” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს.”, სს “...ბანკი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და სარგებლის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ს. კ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ს.-სა” და სს “...ბანკის” მიმართ 1992 წლის 12 ოქტომბერს შპს “ს. კ.-სა” და სს “ს.-ს” შორის დადებული ¹26 სასესხო ხელშეკრულებით და სს “...ბანკის” მიერ აღნიშნული სესხის ურზუნველსაყოფად ნაკისრი საბანკო გარანტიის საფუძველზე მოპასუხე სს “...ბანკისათვის” 24000 ლარის, ხოლო სს “ს.-სათვის” 92424.79 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ს. კ.-ს” სარჩელი მოპასუხეების _ სს “...ბანკისა” და სს “ს.-ს” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე 2009 წლის 2 ივნისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს “ს. კ.-ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ს. კ.-ს” წარმომადგენელმა ი.წ-ირმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება სათანადოდ განახორციელა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს “ს. კ.-ს” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე შპს “ს. კ.-ს” კერძო საჩივარს კვლავ დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა, სადაც სათანადოდ მიეთითება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების (კერძო საჩივრის შეტანის) უფლების წარმომადგენლისათვის მინიჭების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ი.წ-ირმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ, საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, მას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, დაიცვას შპს “ს. კ.-ს” ინტერესები საქართველოში მოქმედ სასამართლო სისტემაში, რაც თავის მხრივ მოიაზრებს წარმომადგენლის უფლებას, დაიცვას საზოგადოების ინტერესები მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში. წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ი.წ-ირი ახალ მინდობილობას ვერ წარმოადგენს, რადგანაც საწარმოს დირექტორი ა.ჭ-შვილი გარდაცვლილია და საწარმოს არ ჰყავს ხელმძღვანელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. კ.-ს” კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე შპს “ს. კ.-ს” კერძო საჩივარს კვლავ დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა, სადაც სათანადოდ მიეთითება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების (კერძო საჩივრის შეტანის) უფლების წარმომადგენლისათვის მინიჭების თაობაზე, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ “...” მიერ გაცემული მინდობილობით ი. წ-ირს მიენიჭა უფლება, შპს “ს. კ.-ს “ სახელით “ხელი მოაწეროს სააპელაციო საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე, 2009 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საქმე ¹2/3781-09 (მოს. ვ.კაკაბაძე), ამასთან უფლებამოსილია, დაიცვას შპს “ს. კ.-ს” ინტერესები საქართველოში მოქმედ სასამართლო სისტემაში”. დასახელებული მინდობილობის დებულებათა შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარწმუნებელმა ი. წ-ირს უფლება მიანიჭა მხოლოდ საქალაქო სასამართლოს განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, ისე, რომ რწმუნებულებაში არაა მითითებული მოცემულ საქმეზე ყველა ინსტანციის (სააპელაციო ინსტანციის) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე.
ხარვეზის გამოსორებისათვის დადგენილ ვადაში ი.წ-ირმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, მას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაიცვას შპს “ს. კ.-ს” ინტერესები საქართველოში მოქმედ სასამართლო სისტემაში, რაც თავის მხრივ მოიაზრებს წარმომადგელის უფლებას, დაიცვას საზოგადოების ინტერესები მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში. წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ი.წ-ირი ახალ მინდობილობას ვერ წარმოადგენს, რადგანაც საწარმოს დირექტორი ა.ჭ-შვილი გარდაცვლილია და საწარმოს არ ჰყავს ხელმძღვანელი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნული განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილი ხარვეზის გამოსწორება ვერ უზრუნველყო. პალატა ვერ გაიზიარებს ი.წ-ირის მითითებას, რომ მინდობილობის ზოგადი დებულება, რომ იგი იცავს საზოგადოების ინტერესებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში მას უფლებას ანიჭებს საზოგადოების სახელით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლის უფლების ჯეროვნად დაცვის მიზნით რწმუნებულებაში არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად უნდა აღნიშნოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში რწმუნებული არ იქნება უფლებამოსილი მარწმუნებლის სახელით განახორციელოს აღნიშნული უფლებამოსილება.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ი.წ-ირის მოსაზრებას, რომ, საზოგადოების დირექტორის გარდაცვალების გამო, შეუძლებელია საზოგადოების სახელით ახალი რწმუნებულების გაცემა. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი დასაშვებად მიიჩნევს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოება მესამე პირებთან, მათ შორის სასამართლოში დირექტორების გარდა წარმოადგინონ სხვა პირებმაც (პარტნიორები და სხვა) (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 9), ამასთან, დასახელებული კანონის არც ერთი დანაწესი არ ითვალისწინებს დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის გარდაცვალების გამო საზოგადოების სახელით ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელების შეჩერებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ს. კ.-ს” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს. კ.-ს” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.