Facebook Twitter

ას-1032-967-2010 19 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. თ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. თ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “...” მიმართ ნივთის დემონტაჟის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და ავტოფარეხის შეკეთების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ნ. თ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.თ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “...” წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ნ.თ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.თ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ნ.თ-შვილის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ნ.თ-შვილს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი კერძო საჩივრის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ადრესატს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 1 ნოემბერს.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2010 წლის 5 ნოემბერს ნ.თ-შვილმა მიმართა ოზურგეთის რაიონის საფოსტო განყოფილებას და წარმოადგინა უშაულოდ მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მხარე აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას შესაბამისი იურიდიული შედეგი აღარ მოჰყვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ნ.თ-შვილის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ნ.თ-შვილს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი კერძო საჩივრის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ადრესატს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 1 ნოემბერს (იხ. ს.ფ1331).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 2 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ნოემბერს.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2010 წლის 5 ნოემბერს ნ.თ-შვილმა მიმართა ოზურგეთის რაიონის საფოსტო განყოფილებას და წარმოადგინა უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი (იხ. საფოსტო კონვერტი, ს.ფ.117). ამდენად, მხარემ დაარღვია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების სამდღიანი ვადა, რაც მოცემული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. თ-შვილის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.