¹ას-1033-1304-09 4 თებერვალი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ლ-ავა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. რ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. რ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ლ-ავას წინააღმდეგ და მოითხოვა ნ. რ-შვილსა და ნ. ლ-ავას შორის 2002 წლის 21 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე 35000 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნ. რ-შვილი სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ 1985 წელს, მას შემდეგ არ გამოჯანმრთელებულა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ოდენობისას იგი წარმოადგენდა ქმედუუნარო პირს და მისი ნების გამოვლენა ბათილია. მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონება გასხვისებულია სხვა პირზე, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს ბინის ღირებულების დაკისრებას მოპასუხისათვის.
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, განაცხადა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, გარდა ამისა, მისთვის უცნობი იყო ნ. რ-შვილის ქმედუუნარობის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ეჭვი არ გასჩენია და წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ნ. რ-შვილის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ. რ-შვილისა და ნ. ლ-ავას შორის 20002 წლის 21 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ. ლ-ავას ნ. რ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 35000 დოლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ლ-ავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით ნ. ლ-ავას სააპელაციო საჩივარი, მისი გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ლ-ავას წარმომადგენელმა ზ. ჯ-შვილმა. მან მიუთითა, რომ ნ. ლ-ავა არის ინვალიდი, რის გამოც იგი ვერ მოვიდოდა სასამართლოში, ხოლო მას სააპელაციო სასამართლოში ჰქონდა იმავე დროს პროცესი, რის გამოც ვერ გამოცხადდა აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ლ-ავას წარმომადგენელ ზ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ნ. ლ-ავას წარმომადგენელი ზ. ჯ-შვილი 2009 წლის 28 სექტემბერის სასამართლო უწყებით მოწვეულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 29 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე ¹1/ბ 736-09 განხილვაში მონაწილების შესახებ. იმავე დღეს განიხილებოდა იმავე სასამართლოში აღნიშნული საქმე. როგორც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, მან აღნიშნულის გამო ვერ შესძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რამდენად შეეძლო ზ. ჯ-შვილს გაეფრთხილებინა სასამართლო მისი გამოუცხადებლობის შესახებ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სისხლის სამართლის საქმის განხილვის შესახებ. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, აღნიშნული საქმე დანიშნული იყო 2009 წლის 29 სექტემბერს - 10.38 საათზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე - 10.30 საათზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ლ-ავას წარმომადგენელ ზ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.