Facebook Twitter

ას-1039-974-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. გ-შვილი (წარმომადგენელი მ. დ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დ. გ-შვილის სარჩელი ც. მ-შვილის მიმართ 2000 წლის 22 ნოემბერს ო. მ-ოვის სამკვიდრო ქონებაზე ც. მ-შვილის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ... ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის, 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა დ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2010 წლის 22 ივლისს არ ჩაბარებია, ვინაიდან განჩინების ჩაბარების ხელწერილზე მითითებული თარიღის ხელწერა მას არ ეკუთვნის. ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. გ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება დ. გ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 22 ივლისს (იხ. ტ.I, ს.ფ. 119); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 23 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 5 აგვისტოს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 5 აგვისტო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 6 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ტ.I ს.ფ. 123-132).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მას 2010 წლის 22 ივლისს არ ჩაბარებია (როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული), ვინაიდან განჩინების ჩაბარების ხელწერილზე მითითებული თარიღის ხელწერა მას არ ეკუთვნის. ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ვალდებული იყო დაედასტურებინა, რომ საფოსტო გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილზე მითითებული თარიღის ხელწერა მას არ ეკუთვნის. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.